ქარტიის განცხადება ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის შესახებ
18.09.2018

კატეგორია : განცხადებები;

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმაურება “ლიბერალის” რედაქტორზე, ზურა ვარდიაშვილზე თავდასხმის ფაქტს. მისი თქმით, 15 სექტემბერს საღამოს 5-6 კაციანი ორგანიზებული ჯგუფი ფიზიკურად გაუსწორდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს (რაც ძალადობას გულისხმობს). მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევიდან რამდენიმე დღე გავიდა, გამოძიებას საზოგადოებისთვის კონკრეტული შედეგი არ უცნობებია.

თავდაპირველი ინფორმაციით, თავდამსხმელებს ზურა ვარდიაშვილი სხვა პირში აერიათ და მომხდარი მის პროფესიულ საქმიანობას არ უკავშირდება. ქარტია მიიჩნევს, რომ არსებული კითხვებისა და ეჭვების გასაქარწყლებლად აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, საქმის სწრაფად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა.

ქარტია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, შეასრულოს კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა, დაუყოვნებლივ მიანიჭოს ზურა ვარდიაშვილს დაზარალებულის სტატუსი (მას ამ დრომდე მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს), რადგან სახეზეა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, ცნობილია დაზარალებული და სავარაუდო დამნაშავეები.

დაზარალებულის სტატუსი ვარდიაშვილს და მის ადვოკატს საშუალებას მისცემს გაეცნონ საქმის მასალებს, რაც უზრუნველყოფს როგორც მისი ინტერესების სრულყოფილად დაცვას, ასევე, დააკმაყოფილებს საზოგადოების ლეგიტიმურ ინტერესს, იცოდეს “ლიბერალის” რედაქტორზე თავდასხმა უკავშირდება თუ არა მის პროფესიულ საქმიანობას.

ქარტია მიმართავს შესაბამის უწყებებს, დროულად და ადეკვატურად შეასრულონ კანონით განსაზღვრული ყველა ქმედება და მედიას და საზოგადოებას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ .

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.