განმცხადებელი : საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირი;
მოპასუხე : თამარ ბაბუაძე;
დარღვეული პრინციპები : გადაწყვეტილება ვერ მიიღო;
22 სექტემბერი, 2024 წელი
საქმე N-757
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ნინო რამიშვილი, საბა წიწიკაშვილი, თინათინ ზაზაძე, მანანა ქველიაშვილი, ნინო კაპანაძე.
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს მუსიკოსთა პროფესიულმა კავშირმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინდიგოს მიერ 5 ოქტომბერს გამოქვეყნებულ მასალაში არ იყო მოხსენიებული მათ მიერ ორგანიზებული ფესტივალის სათაური და ორგანიზატორი, რითაც მაყურებელს არ მიეწოდა ზუსტი ინფორმაცია.
მოპასუხე მხარემ წარმოადგინა თავისი შეპასუხება წერილობით.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა მიიღეს პოზიციათა ნაწილობრივ დისტანციურად გამოვლენის შედეგად.
ქარტიის წესდების თანახმად: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სხდომას ესწრებოდა განმცხადებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ოთარ ბერძენიშვილი.
სხდომაში დისტანციურად მონაწილეობა მიიღო მოპასუხის წარმომადგენელმა ნატა ძველიშვილმა.
მხარეებს ეცნობათ საქმის მედიაციის, მორიგების გზით, დამთავრების შესაძლებლობის შესახებ, რაზეც მოპასუხე მხარემ მზაობა გამოხატა, თუმცა განმცხადებელი აღნიშნულს არ დასთანხმდა, იმ მოტივით, რომ მან მანამდე სცადა “ინდიგოსთან” კომუნიკაცია, რასაც დროული და შესაბამისი გამოხმაურება არ მოჰყოლია, ამიტომ საქმე საბჭომ სხდომაზე განიხილა.
სამოტივაციო ნაწილი
სადავო მასალა:
სადავო მასალა “ინდიგოს” ფეისბუკ გვერდზე 5 აგვისტოს გავრცელდა. ის ეხებოდა ღია კარიერული წესით მანგანუმის მოპოვების მოწინააღმდეგე სოფელი ზოდის მაცხოვრებლების მხარდამჭერ მუსიკალურ ფესტივალს.
პირველი პრინციპი.
„ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.“
განმცხადებლის პოზიციით, “ინდიგოს” ზოდში, პროექტი ,,მუსიკალური აქცენტების" ფარგლებში, ჩატარებული სოლიდარობის ფესტივალის ,,პირველი აქცენტი - სოფელი ზოდი" გაშუქებისას არც ფესტივალის ზუსტი სათაური და არც ორგანიზატორი ორგანიზაცია არ უხსენებია, რითაც მან არაზუსტი ინფორმაცია გაავრცელა და ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
განმცხადებლის წარმომადგენელმა სხდომაზე განაცხადა, რომ ორგანიზატორის დაუსახელებლობა იყო უზუსტობა და ეს უზუსტობა მათ ორგანიზაციას მნიშვნელოვნად აზიანებდა, ვინაიდან მუსიკოსთა პროფესიული კავშირი მსგავს აქტივობებს პერიოდულად და დონაციის მეშვეობით ახორციელებს, და მათთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებისთვის ცნობილი გახდეს მათი ორგანიზებული პროექტების შესახებ.
მოპასუხე მხარე თავის შეპასუხებაში აღნიშნავს, რომ სოფელ ზოდში დაგეგმილი ფესტივალის შესახებ სოფლის მაცხოვრებლებისგან, აქტივისტებისგან, გაიგეს. ვიდეოს გამოქვეყნებამდე მათთვის უცნობი იყო, რომ განმცხადებელი იყო ამ ფესტივალის ორგანიზატორი.
ვიდეოს მიზანი არა ფესტივალის სტანდარტული გაშუქება, არამედ ყურადღების იმაზე გამახვილება იყო, რომ ეს ღონისძიებაც ზოდელების წინააღმდეგობის ნაწილია და ის გაშუქდა, როგორც სოლიდარობის აქტი, რამდენადაც “ინდიგო” არ არის ახალი ამბების გაშუქებით დაკავებული.
რაც შეეხება სათაურს, მოპასუხე აღნიშნავს: “არგუმენტი, რომ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტს ჰქვია „მუსიკა ზოდის ცის ქვეშ აფრთხობს ღია კარიერებს“, თავად ფესტივალს კი სხვა სახელი ჰქონდა, ასევე უსაფუძვლოა, ვინაიდან „აფრთხობს ღია კარიერებს“, არის ჟურნალისტური პროდუქტის მეტაფორული სათაური და არა - ფესტივალის. თავად სათაური კი ფაქტობრივ შეცდომას არ შეიცავს, ვინაიდან ნამდვილად ისმოდა მუსიკა სოფელ ზოდში.”
ამავე პოზიციას დაუჭირა მხარი მოპასუხის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზეც.
საბჭოს წევრების ხმები სადავო პირველი პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით ორად გაიყო (ოთხი ხმა ორის წინააღმდეგ). შესაბამისად, ქარტიის წესებით გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო 5 ხმა ვერცერთ მხარეს ვერ მოგროვდა, ამიტომ საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
გამომდინარე აქედან, გთავაზობთ ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმს, სადაც ასახულია საბჭოს წევრების პოზიციები და მათი არგუმენტები.
პირველი პრინციპის დარღვევის მოწინააღმდეგეთა დასაბუთება
ქარტიის საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრების უმრავლესობამ, ოთხმა წევრმა, მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა.
მათ მოპასუხე მხარის არგუმენტაცია გაიზიარეს, რომ “ინდიგო”-ს მთავარი მიზანი სოფელ ზოდში მიმდინარე პროტესტის გაშუქება და ამით აქტივისტების მხარდაჭერა იყო და არა კონკრეტული მუსიკალური ფესტივალის შესახებ სტანდარტული ინფორმაციის გავრცელება.
მიზანი, რომ ზოდელების ხმა და პრობლემები გაჟღერებულიყო და ამის
შესახებ ადამიანებს გაეგოთ, ვიდეოში ორგანიზატორების ვინაობის
მითითების გარეშეც მიღწეულ იქნა.
“ინდიგოს” წარმომადგენელმა განხილვისას განაცხადა, რომ ვიდეოს
გამოქვეყნებამდე მათთვის უცნობი იყო, რომ ფესტივალის ორგანიზატორი იყო
განმცხადებელი ორგანიზაცია, პროფესიონალ მუსიკოსთა კავშირი, და,
გამომდინარე აქედან, მათ ინფორმაცია არ მიუჩქმალავთ.
განმცხადებელმა განხილვისას ვერ დაასაბუთა, რომ “ინდიგომ” იცოდა მათი
ორგანიზატორობის შესახებ და ინფორმაცია რამე მოტივით განზრახ
დამალა.
საბჭოს ოთხმა წევრმა მიიჩნია, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში ფესტივალის ორგანიზატორი ორგანიზაციის არ დასახელება, არ იყო ფართო აუდიტორიისთვის ისეთი მნიშვნელობის მქონე ინფორმაცია, რომლის არ თქმითაც “ინდიგომ” ქარტიის პირველი, სიზუსტის, პრინციპი დაარღვია . საბჭოს ეს წევრები მიიჩნევენ, რომ “ინდიგომ” ვიდეოში აღწერა და აუდიტორიას აჩვენა შეკრების მთავარი მიზანი, გზავნილები და სიზუსტის პრინციპის მიმართ უპატივცემულობა არ გამოუჩენია.
საბჭოს ოთხ წევრს ესმის, რომ ორგანიზატორი ორგანიზაციისთვის მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება მნიშვნელოვანია, თუმცა ამის არ თქმა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საბჭომ პირველი პრინციპი დარღვეულად მიიჩნიოს. საბჭო პრინციპის დარღვევას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ჟურნალისტურ პროდუქტს აკლია ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც აუდიტორიის მთავარ ინტერესს აზარალებს, მთავარ მოვლენას ჩქმალავს. განსახილველ შემთხვევაში ვიდეოს მთავარი გზავნილი იყო სოფელ ზოდის მცხოვრებლების პროტესტის ჩვენება, მუსიკის, როგორც ამ პროტესტის ერთ ერთი საშუალების ჩვენება. ეს ყველაფერი ვიდეოში სრულად იყო ასახული, ორგანიზატორის არ დასახელება ამ შემთხვევაში საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად არ მიიჩნია.
ამასთან, საბჭომ აღნიშნა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ნებისმიერი მედია მსგავსი ამბის გაშუქებისას გაიღებდა ძალისხმევას ღონისძიების ორგანიზატორების ვინაობის მოსაძიებლად და მასალაში ორგანიზატორებს მიუთითებდა მედიის მიერ შერჩეული ნებისმიერი ფორმით, თუმცა განსახილველ შემთხვევაში ამის არ გაკეთება სხდომაში მონაწილე წევრთა უმრავლესობის, ოთხი წევრის, აზრით სიზუსტის პრინციპის დარღვევა არ არის.
განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა ვიდეოს სათაურზეც, რომელიც განსხვავებულია ფესტივალის სახელწოდებისგან.
საბჭოს ოთხი წევრი სადავო მედიაპროდუქტის სათაურთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მედიებს თავისუფლად შეუძლიათ განსაზღვრონ მათი ჟურნალისტური პროდუქტის სათაური. ის შეიძლება განსხვავდებოდეს, როგორც მოცემულ შემთხვევაშია, კონკრეტული ღონისძიების დასახელებისაგან.
მნიშვნელოვანია, რომ სათაური არ იყოს შეცდომაში შემყვანი,
არაზუსტი.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან “ინდიგოს” მიერ შერჩეული სათაური არ არის შეცდომაში შემყვანი, ის სრულად ექცევა მედიის სარედაქციო პოლიტიკის თავისუფლების ფარგლებში და საბჭოს ან სხვა ნებისმიერი სუბიექტისაგან იმის მითითება, თუ რა უნდა ერქვას ან რა არ უნდა ერქვას მედია პროდუქტს, სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობა იქნებოდა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საბჭოს ნაწილმა. ოთხმა წევრმა, მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ქარტიის პირველი პრინციპი არ დარღვეულა.
პირველი პრინციპის დარღვევის მომხრეთა დასაბუთება
საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრთა მეორე ნაწილმა, ორმა წევრმა, მიიჩნია, რომ სადავო მასალაში ორგანიზატორი ორგანიზაციის მიუთითებლობით ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა.
ამ წევრებმა გაიზიარეს განმცხადებლის პოზიცია და, მიიჩნიეს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მუსიკოსთა პროფესიული კავშირის ინტერესი, მოხდეს მათ მიერ დაორგანიზებული ღონისძიებების გაშუქებისას მათი, როგორც ორგანიზატორის იდენტიფიცირება.
როგორც სხდომაზე გაირკვა, ჟურნალისტები საერთოდ არ დაკავშირებიან ორგანიზატორებს; არ მიუღიათ მათგან ინფორმაცია ფესტივალის შესახებ. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ისინი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ატარებენ ფესტივალს. ამიტომ, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა მათი გაცნობაც. ის, რომ ჟურნალისტებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მათთან გასაუბრება, ეს შეიძლება იქნე მიჩნეული საზოგადოების უპატივცემულობად.
ვინაიდან, სადავო მასალაში არ არის ნახსენები მათი ვინაობა, ამით არსებითი ზიანი მიადგა ორგანიზაციას, რომელიც ცდილობს საჭირო დროსა და ადგილას ადამიანების პრობლემებზე ყურადღების მიქცევასა და მათ დახმარებას.
საბჭოს ნაწილი, ორი წევრი, მიიჩნევს, რომ მედიის მიერ ორგანიზატორების მითითებით უფრო მეტად შესაძლებელი ხდება, ორგანიზატორებმა მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია მათი საქმიანობის შესახებ, რისი ერთ-ერთი საშუალება სწორედ ჟურნალისტურ მასალებში მათი ვინაობის და წვლილის აღნიშვნაა. ეს საბოლოოდ ემსახურება საზოგადოების უკეთ, უფრო სრულყოფილად ინფორმირებას, რაც ჟურნალისტების ვალია.
საბჭოს ორმა წევრმა განმარტა, რომ ნებისმიერი ჟურნალისტი ვალდებულია, ყველა ღონე იხმაროს იმის დასადგენად, თუ ვისი ორგანიზებითა და ძალისხმევით ტარდება ესა თუ ის ღონისძიება და მიუთითოს ისინი თავის მასალაში, რაც არ წარმოადგენს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევას, რამდენადაც ეთიკური პრინციპების უკეთ დაცვას უზრუნველყოფს.
საბჭოს ამ წევრების პოზიციით, სადავო მასალაში ორგანიზატორების არ ხსენებით შეილახა მაყურებლის ინტერესებიც. მაყურებელს აქვს უფლება იცოდეს, თუ ვისი ორგანიზებით ტარდება ესა თუ ის ღონისძიება.
საბჭოს ორმა წევრმა მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჟურნალისტის ვალი იყო, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა აუდიტორიისთვის და ამ ფონზე ფესტივალის ორგანიზატორის ვინაობის არ დადგენა და არ მითითება არის აუდიტორიის უპატივცემულობა და სიზუსტის პრინციპის დარღვევა.
ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საბჭოს ნაწილი, ორი წევრი, მიიჩნევს, რომ სადავო მასალაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი.
საბოლოოდ, საბჭოს წევრების ხმების გაყოფის გამო, საბჭომ გადაწყვეტილება ვერ მიიღო.
განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მასალები