სიახლეები

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „POSTV”-ს ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებელია პაატა ბურჭულაძე. 

სადავო მასალა 2024 წლის 19 მარტს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ინფორმაცია არასწორად გააშუქეს, გააჟღერეს ბრალდება, რაც მის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება)  და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

08.04.2024

ჩვენ, ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების გეგმას, პარლამენტში რუსული კანონის განხილვა განაახლოს.

რუსული კანონი არის “ქართული ოცნების” ხელისუფლების მორიგი მცდელობა, მოქალაქეებს წაართვას ხმა, გაანადგუროს დამოუკიდებელი მედია, სამოქალაქო საზოგადოება, გააჩუმოს და საჯარო პროცესებიდან გარიყოს საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი. რუსული კანონის დაბრუნებით საქართველოს ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი ბუნება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. „ქართული ოცნების“ მასწავლებელი რუსეთის ხელისუფლებაა, რომლის მსგავსადაც სურს, რომ ქვეყანა მართოს დამორჩილებითა და გაკონტროლებით, ჩახშობითა და განდევნით, სიცრუითა და დემოგოგიით.

ამ კანონს ჩვენ სწრაფი ტემპით გადავყავართ მმართველობის შერეული სისტემიდან მყარად ჩამოყალიბებულ ავტორიტარიზმში, რუსული ყაიდის ქვეყანაში, სადაც ადამიანის სიცოცხლეს და ღირსებას ჩალის ფასი აქვს, სადაც გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, ჩაგვრა და ძარცვა-გლეჯა, სადაც აღარ დარჩა თავისუფალი მედია და სადაც მოძალადე სახელმწიფო მანქანისგან ადამიანებს ვერავინ იცავს, სადაც ადამიანებს არ აქვთ განვითარების საშუალება და ყველაზე დაფასებული თვისება მორჩილებაა.

ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ გვინდა და არც ვაპირებთ!

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას საშუალებას არ მივცემთ, საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების რეალური შანსი დაგვაკარგინოს.

წლებია, „ქართული ოცნება“ არ წყვეტს ბრძოლას განსხვავებული და კრიტიკული აზრის წინააღმდეგ, რომელიც ხშირად სწორედ ჩვენი ვებ გვერდებიდან და ეთერიდან ისმის. ამის გამო, დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ერთად, ხელისუფლების უპირველეს სამიზნედ ვიქეცით.

წლებია, ჟურნალისტების მიმართ სიძულვილი იღვრება ყველაზე მაღალი ტრიბუნებიდან. ყველაზე მაღალი თანამდებობის პირები ეწევიან ჟურნალისტების დემონიზებას, შეთქმულების თეორიებით, დეზინფორმაციით და შეთხზული ისტორიებით. საქართველოს ხელისუფლება, სისტემურად და კამპანიურად ავიწროებს და დევნის ჟურნალისტებს, არ აძლევს მათ მუშაობის საშუალებას, ძალადობს მათზე სიტყვიერად და ფიზიკურად.

ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი იდეალებისთვის, ჩვენი საყვარელი პროფესიისთვის, ჩვენი ძვირფასი მკითხველის, მსმენელისა და მაყურებლისთვის, ჩვენი საყვარელი და ერთადერთი სამშობლოსთვის. ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით არიან ჩვენი ქვეყნის მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები, რომელთაც ჩვენზე არანაკლებ ახარებთ ჩვენი ყოველი მიღწევა, ყოველი გამარჯვება, ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი.

ქართული დამოუკიდებელი მედია მუდმივად გრძნობდა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერას, რომელთა წვლილი საქართველოში განხორციელებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის პროცესში შეუფასებელია. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არიან ჩვენი უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ერთადერთი გარანტი.

საერთაშორისო პარტნიორებმა მკაფიოდ გამოხატეს, უკვე მეორედ, თავიანთი მკვეთრად უარყოფითი აზრი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ამ დამაზიანებელ და მავნებლურ ინიციატივაზე და საქართველოს ხელისუფლებას მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდეს.

არ მივცემთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რუსული კანონის მიღების საშუალებას, რომ საქართველოსა და მის ნამდვილ მეგობრებს შორის ყრუ კედელი აღმართოს.

გავაძლიერებთ წინააღმდეგობას, დავიცავთ ჩვენს უფლებებს, ჩვენი მოქალაქეების უფლებებს და ჩვენი ქვეყნის უფლებას, თავისი ცივილიზაციური არჩევანის თანახმად იმოქმედოს. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, გადავაქცევთ საქართველოს ჭეშმარიტად ევროპულ დემოკრატიად.


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

სტუდია მონიტორი

რადიო მარნეული

საქართველოს ამბები/მთის ამბები

ქუთაისიპოსტი

ქვემო ქართლის მედია QvemoQartli.ge

პუბლიკა

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”

ალიქ მედია ჯორჯია

გურია ნიუსი

ნეტგაზეთი

ბათუმელები

სტუდია რეკ

ufleba.ge

სამხრეთის კარიბჭე - sknews.ge

On.ge

მედია აპრილი

კახეთის ხმა - knews.ge

Psnews.ge

ჩემი ხარაგაული

Newpress.ge 

რადიო „ათინათი"

ინდიგო

ჯემნიუსი

TOK TV 

აგროგარემო TV

Qartli.ge 

მედიაჩეკერი 

OC Media

ტელეკომპანია ბორჯომი

პროექტი 64

მეცხრე არხი

ტელეკომპანია კავკასია 

SOVA News

მედიაჯგუფი „კონფლიქტის ზონა"

Chaikhana 

Speqtri.ge

მეცხრე ტალღა 

რადიო ნორი

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრი

ტვ „ლტვ" 


08.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის სამდივნომ ტელეკომოანია „იმედის” ჟურნალისტების წინააღმდეგ განცხადება დასაშვებად ცნო, განმცხადებლები არიან ორგანიზაციები WISG და თემიდა. 

სადავო მასალები 2024 წლის 3, 17 და 28 მარტს გამოქვეყნდა.  

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა ხელი შეუწყვეს ლგბტქი ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის წახალისებას და მანიპულაციური ინფორმაცია არაერთხელ განზრახ გაავრცელეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

ქარტიის საბჭო განცხადებებს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს დაირღვა თუ არა ქარტიის პრინციპი.

04.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „მთავარი არხის” ჟურნალისტმა ია გულიაშვილმა ქარტიის მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას თოზუ გულმამედოვამ მომართა. 

სადავო მასალა 2024 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებლი მიიჩნევდა, რომ მასალის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება, რაც აზიანებს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს. ამასთან, განმცხადებელის თქმით, ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია. 

განმცხადებელი დავობდა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპზეც, რომელზეც გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, რადგან საბჭოს წევრების ხმები გაიყო. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

04.04.2024

„ტვ მონიტორინგის“ ცნობით, დღეს მათ ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს, რომელიც ტრანსპორტის სააგენტოს მიმდებარე ტერიტორიიდან შენობის კადრებს იღებდა, ამ დაწესებულების თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჟურნალისტის ინფორმაციით, მათ ოპერატორს ჯერ ძაღლი მიუქსიეს, ხოლო შემდეგ ტელეფონი დაუზიანეს და კადრების გადაღების შესაძლებლობა არ  მისცეს. “ტვ მონიტორინგის” ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინციდენტს სააგენტოს ხელმძღვანელი შეესწრო, რომელმაც ვითარების განსამუხტად არაფერი იღონა. ადგილზე მისულმა პოლიციამ გამოკითხვის შემდეგ საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან გადაამისამართა. 

ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, როდესაც ჟურნალისტზე სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული პირები ძალადობენ. ყოველი ასეთი შემთხვევა ჟურნალისტურ თემში დაუცველობის განცდას აჩენს და ზრდის რისკს, რომ საზოგადოება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის გარეშე დარჩება. 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ოპერატორზე თავდასხმის ფაქტი.  

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია „ფორმულას” ჟურნალისტებმა ნუცა ბახუტაშვილმა, დავით ქაშიაშვილმა და თამარ ბაღაშვილმა ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპი დაარღვიეს. 

მის წინააღმდეგ ქარტიას შპს „ენ პროდუქტმა” მომართა. 

სადავო მასალა 2024 წლის 10 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა არასწორი ინფორმაცია განზრახ გაავრცელეს და აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „ქართული TV”-ს ჟურნალისტმა მაკა ბრეგაძემ ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას თემურ ლაჭყეპიანმა მომართა.

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში.

განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, „TV პირველის” ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპი დაარღვია. 

მის წინააღმდეგ ქარტიას ორგანიზაციამ „ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო” მომართა. 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განმცხადებლი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გააშუქა. 

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

01.04.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სხდომის ოქმი N 2024-1

2024 წლის 29 მარტს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს მიერ დამტკიცდა მედიაცია.

  • ქარტიის საბჭოს განცხადებით, ლევან პაპავამ [განცხადების ნომერი N 734] მომართა IPN-ის წინააღმდეგ.
  • განცხადებით სადავო იყო 2024 წლის 13 მარტს გამოქვეყნებული მასალა, სათაურით „ომბუდსმენის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას გავრცელებული ინფორმაცია მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება". განმცხადებლის პოზიციით მასალაში არ ჩანდა ლევან პაპავას მხარე და გავრცელებული ინფორმაცია იყო დაუბალანსებელი.
  • ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიერ მედიასაშუალებისთვის განცხადების მიწოდების შემდეგ მედიასაშუალებასა და განმცხადებელს შორის დაიწყო მედიაციის პროცესი.
  • 2024 წლის 28 მარტს მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა მასალა - „ლევან პაპავას წარმომადგენელი სახალხო დამცველის განცხადებაზე, რომელიც მის წინააღმდეგ დისციპლინური საქმისწარმოებას ეხება, განცხადებას ავრცელებს". თავის მხრივ, განმცხადებელის წარმომადგენელი და მოპასუხე დაეთანხმნენ მედიაციის მექანიზმს.
  • წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლში მითითებული გარემოების გათვალისწინებით, ლევან პაპავას განცხადებაზე საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა შორის მედიაციის საფუძველზე.
01.04.2024

მედიის ადვოკატირების კოალიცია მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებებს, დროულად გამოიძიონ ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი.

27 მარტს, ტელეკომპანია „პირველის" რეგიონულმა კორესპონდენტმა ნატო გოგელიამ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში უკანონოდ შევიდნენ და ქონება დააზიანეს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟურნალისტის სახლში უკანონოდ შეაღწიეს და მისი ნივთები დააზიანეს. ნატო გოგელიას განცხადებით, 2023 წელს ჩადენილ მსგავს დანაშაულებზე ხელისუფლებას დღემდე არ ჰქონია ეფექტიანი რეაგირება, რამაც, შესაძლოა, ბოლო დანაშაულის ჩადენაც წაახალისა.

ჟურნალისტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ დემოკრატიის დაცვასა და საზოგადოების ინფორმირებაში. მათი დაშინების ან ზიანის მიყენების ნებისმიერი მცდელობა არის თავდასხმა თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიის ფუნდამენტურ პრინციპებზე.  ასეთი ქმედებები საფრთხეს უქმნის ჟურნალისტების შესაძლებლობას, რომ მათ შიშისა და რეპრესიების გარეშე შეასრულონ პროფესიული მოვალეობები.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სამართალდამცველ ორგანოებს აღნიშნული და სხვა მსგავსი ინციდენტების სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდებს. ხელისუფლება ვალდებულია, უზრუნველყოს  ჟურნალისტების უსაფრთხოება.

28.03.2024

ტვ პირველის ჟურნალისტის, ნატო გოგელიას ცნობით, 24 მარტს, ოზურგეთში, მის საცხოვრებელ სახლში, უცნობი პირები შეიჭრნენ და ნივთები დააზიანეს. 

ჟურნალისტი ფეისბუქ სტატუსში მიუთითებს, რომ მისი სახლი გასულ წელს არაერთხელ - ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ (31 იანვარს, 2 თებერვალს და 5 თებერვალს) - გაქურდეს და დაარბიეს. დამნაშავე დღემდე არ არის იდენტიფიცირებული. ჟურნალისტს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და ის დაზარალებულადაც კი არ უცვნიათ

ნატო გოგელია ამ დანაშაულებს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს და დაშინების და გაჩუმების მცდელობად მიიჩნევს. 

ნატო გოგელია დანაშაულებრივი ქმედებების მსხვერპლი გასულ წელსაც გახდა. 2023 წლის 15 მარტს ოზურგეთის რაიონის სოფელ ბახვში მას ძალადობრივი ჯგუფის, ალტ-ინფოს, წევრმა პროფესიული მოვალეობის შესრულებისას ტექნიკა დაუზიანა. 

ქარტია ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოში ჟურნალისტებზე ზეწოლის განსახორციელებლად უკვე ამ ხერხსაც - ჟურნალისტის პირადი ქონების დაზიანებას - მიმართავენ. დაუსჯელობა ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულს ახალისებს, მათ მარგინალიზებას და საზოგადოებრივი პროცესებიდან გარიყვას ემსახურება.  

ქარტია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, შეასრულონ მათზე კანონით დაკისრებული მოვალეობა, სწრაფად და ეფექტურად გამოიძიონ დანაშაული, გამოავლინონ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ შესაძლო დამკვეთებიც.

27.03.2024

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო 30 მარტს 4 საქმეს განიხილავს: 

11:00 საათი: თოზუ გულმამედოვა „მთავარი არხის" ჟურნალისტის ია გულიაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2024 წლის 2 მარტს გამოქვეყნდა.

განმცხადებლის პოზიციით, მასალის მიხედვით შესაძლებელია ბავშვის იდენტიფიცირება. ამასთან, განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა წაახალისა დისკრიმინაცია. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპის დარღვევაზე. 

12:00 საათი: შპს „ენ პროდუქტი" ტელეკომპანია „ფორმულას" ჟურნალისტების დავით ქაშიაშვილის, თამარ ბაღაშვილის და ნუცა ბახუტაშვილის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2024 წლის 10 თებერვალს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტებმა აუდიტორია შეცდომაში შეიყვანეს და მასალაში სუბიექტური შეფასებები გააკეთეს.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე), მეხუთე (შესწორება) და მეთერთმეტე (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპის დარღვევაზე. 

13:00 საათი: თემური ლაჭყეპიანი „ქართული TV"-ს ჟურნალისტის მაკა ბრეგაძის წინააღმდეგ

სადავო მასალა 2023 წლის 15 ოქტომბერს გავიდა ეთერში. 

განმცხადებლების პოზიციით, მასალაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, ცრუ ბრალდებები, რომელზეც მას პასუხის გაცემის შესაძლებლობა არ ჰქონია.

განმცხადებელი დავობს ქარტიის პირველი (ინფორმაციის სიზუსტე) და მეხუთე (შესწორება) პრინციპის დარღვევაზე. 

16:00 საათი: ქალები საერთო მომავლისათვის (WECF) - საქართველო „TV პირველის" ჟურნალისტის მარიამ გაფრიდანშვილის წინააღმდეგ 

სადავო მასალა ეთერში 2024 წლის 2 მარტს გავიდა.

განმცხადებლის პოზიციით, ჟურნალისტმა ფემიციდის შემთხვევა არაეთიკურად გააშუქა. 

განმცხადებელი დავობს ქარტიის მეშვიდე (დისკრიმინაცია) პრინციპის დარღვევაზე. 

 

სხდომა გაიმართება ჰიბრიდულ ფორმატში, სხდომას შეგიძლიათ დაესწროთ ადგილზე: 

მისამართი - ბაქოს ქუჩა N4

სხდომას შეგიძლიათ შემოუერთდეთ ონლაინ პროგრამა Zoom-ის მეშვეობით. 

სხდომაზე ონლაინ დასწრების მსურველებმა შეგიძლიათ მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე - ethicscharter@gmail.com 

საქმის  განხილვა ღიაა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია დასწრება.

27.03.2024

შემოგვიერთდით Facebook-ზე

ქარტიაში განცხადების შემოტანა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა დაარღვია ეთიკური და პროფესიული სტანდარტები. ქარტიის საბჭო იხილავს განცხადებებს როგორც ქარტიის წევრი, ისე არაწევრი ჟურნალისტების მიმართ.

ჩამოტვირთეთ PDF ვერსია

ჟურნალისტურ საქმიანობას თან სდევს შეცდომები, არაზუსტი დეტალების გავრცელება, რაც ზოგ შემთხვევაში სისწრაფის, უყურადღებობის, პროფესიონალიზმის ნაკლებობის, მწირი გამოცდილების ანდა სხვა მიზეზით არის გამოწვეული. პასუხისმგებლიანი მედია, რომლისთვისაც აუდიტორიის სანდოობა და რეპუტაცია მნიშვნელოვანია, ცდილობს მყისიერად შეასწოროს დაშვებული შეცდომა, ამცნოს აუდიტორიას და იზრუნოს ზუსტი ინფორმაციის გავრცელებაზე.