ქარტიის საბჭოს განცხადება შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის საბჭო ეხმაურება "ტელეარხი 25-ის" მფლობელების მიერ საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია მერკვილაძის  იძულებით შვებულებაში გაშვების ფაქტს. მაია მერკვილაძე და არხის ჟურნალისტების ერთი ნაწილი სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხეზე საუბრობს, რადგან მათი თქმით, ამ დრომდე ვერ მიიღეს მფლობელებისგან დასაბუთებული პასუხი, რის გამო გაუშვეს იძულებით შვებულებაში საინფორმაციო სამსახურის უფროსი.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ესაუბრა "ტელეარხი 25-ის" დირექტორს და ერთ-ერთ მფლობელს გია სურმანიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა საჯაროდ ისაუბროს საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე და განცხადების გაკეთებას 31 დეკემბერს აპირებს. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მოუწოდებს არხის მფლობელებს, ნათლად განმარტონ გადაწყვეტილების მიღების მიზეზები, რაზეც დიდწილად არის დამოკიდებული, გაიფანტება თუ არა ის ეჭვები, რაც გაჩნდა შვებულებაში მაია მერკვილაძის იძულებით გაშვებასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო თვალს მიადევნებს "ტელეარხი 25-ის" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან მნიშვნელოვანია, არ შეიცვალოს არხის სარედაქციო პოლიტიკა და შენარჩუნებული იყოს მთავარი ღირებულება - სარედაქციო დამოუკიდებლობა.

Related Articles

Articles Not Nound!