ქარტიის განცხადება ტელეკომპანია “იბერიასთან” დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია “იბერიის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათ არხზე ხორციელდება ხელისუფლების ზეწოლა დამფინანსებელი კომპანიისთვის პრობლემების შემქმნით. გამოქვეყნდა აუდიოჩანაწერები, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, ამიტომ ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს, გავრცელებული ჩანაწერების შესწავლის მიზნით დაიწყოს გამოძიება, რათა დადგინდეს, აქვს თუ არა კავშირი ხელისუფლებას ამ საუბრების შინაარსთან და მასში მონაწილე პირებთან. სახელმწიფო უწყებებმა ტელეკომპანიასთან და მის მთავარ დამფინანსებელთან დაკავშირებით მოლაპარაკებები და სხვა ქმედებები წარმართონ გამჭვირვალედ და საზოგადოებას მიაწოდონ სრული ინფორმაცია.

რამდენიმე დღეა “იბერია” საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და წლის განმავლობაში უკვე მეორედ ჟურნალისტები აცხადებენ, რომ არ იციან გააგრძელებენ თუ არა მუშაობას. შექმნილი ვითარება ქვეყანაში არაჯანსაღი მედიაგარემოს ნიშნებზე მიუთითებს, რაც პირველ რიგში აზიანებს საზოგადოების ინტერესს, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც მოქალაქეები მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფებიან.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს დამფუძნებლებს და მთავრობას, მათ შორის წარმოქმნილ გაუგებრობაში არ მოხდეს ჟურნალისტთა გამოყენება და იბერიის თანამშრომლების უფლებების შელახვა.

Related Articles

Articles Not Nound!