ქარტია "რუსთავი 2-ის” ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან და მთავარი პროკურატურისგან ითხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიონ 2018 წლის 10 ოქტომბერს ხაშურის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმის, ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი.

ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი" რკინიგზის ახალი მაგისტრალის მშენებლობის დროს გამოვლენილ დარღვევებზე ამზადებდა რეპორტაჟს, როდესაც ტელეკომპანიის ჟურნალისტ ეკა გაგუას და ოპერატორ ლევან კალანდიას ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს საქართველოს ოფისის წარმომადგენლებმა ჯერ მიკროფონი წაართვეს და გადაღებული ვიდეომასალის წაშლა მოსთხოვეს, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ კი ქვებით შეიარაღებულმა პირებმა ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ვიდეომასალის წაშლის მიზნით კამერა წაართვეს. "კურიერის"ტექნიკა კომპანიის წარმომადგენლებს რამდენიმე საათის განმავლობაში ჰქონდათ ჩაკეტილი. "რუსთავი 2-ის” ცნობით, ჟურნალისტებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია საგამოძიებო ორგანოებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, დანაშაულის სწრაფი და ეფექტიანი გამოძიებით გაემიჯნოს მედიაზე ძალადობას და უზრუნველყოს საქართველოში ჟურნალისტების უსაფრთხოდ მუშაობა.

Related Articles

Articles Not Nound!