ქარტიის საბჭოს განცხადება საბა წიწიკაშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე

კატეგორია : განცხადებები;
გამოცემა qartli.ge- ს ცნობით, 10 ივნისს, გამთენიისას, მის ჟურნალისტს, საბა წიწიკაშვილს სამართლდამცავებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს. ჟურნალისტს იმ ავტოავარიის გაშუქება სურდა, რომელშიც სავარაუდოდ სამართალდამცავების მანქანა მონაწილეობდა. როგორც საბა წიწიკაშვილმა ქარტიის საბჭოს განუცხადა, მას ცენტრალურ ავტობანზე პოლიციელებმა შეუზღუდეს გადაღების უფლება და ძალის გამოყენებით გამოიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. მომხდარის გადაღება მან შორიდან მაინც შეძლო.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, ასევე პროკურატურას, დროულად შეისწავლონ მომხდარი შემთხვევა და დამნაშავე პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

დაუშევებელია ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა. ამ უფლების დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით (154-ე მუხლი) ისჯება.

ავტოსაგზაო შემთხვევა ჟურნალისტებს აქამდეც გაუშუქებიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, ამიტომაც ამ კონკრეტული შემთხვევის დამალვის მცდელობა აჩენს ბევრ კითხვას და ამყარებს ეჭვს, რომ მართლაც მაღალჩინოსანი მონაწილეობდა. შესაბამისად, ქარტიის საბჭო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაასაჯაროვოს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი მასალა და მიაწოდოს ინფორმაცია საზოგადოებას რა მოხდა რეალურად, ვინ იყვნენ მონაწილე პირები და რატომ შეეზღუდა ჟურნალისტს ამ ამბის გავრცელების უფლება.

Related Articles

Articles Not Nound!