ქარტიის საბჭოს განცხადება TV 25-ის ჟურნალისტების მიმართ მუქარაზე

კატეგორია : განცხადებები;
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ეხმაურება ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსის სულხან მესხიძის და ჟურნალისტის, ეკა ბარამიძის მიმართ მუქარას. საქმე ეხება ღურტის საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს, მედეა მამულაძის მიერ განხორციელებულ მუქარას, რომელიც სამსახურიდან TV 25-ის მიერ გავრცელებული მასალის შემდეგ გაათავისუფლეს. ჟურნალისტების ცნობით, მათ მუქარის შეტყობინებები მიიღეს მედეა მუმლაძისგან. 4 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მიუხედავად ამისა, საზოგადოებისთვის უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება.

ამის პარალელურად 20 ოქტომბერს, სულხან მესხიძემ თქვა, რომ მისი და მისი ოჯახის მიმართ მედეა მუმლაძის მუქარა კვლავ გრძელდება. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო მიმართავს სამართალდამცავ უწყებას, დროულად დაასრულოს დაწყებული გამოძიება, რათა შეწყდეს ჟურნალისტების მიმართ მუქარა და მათ თავისუფლად შეძლონ საკუთარი მოვალეობის შესრულება. აგრეთვე სამართალდამცავებმა გაატარონ პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ TV 25-ის ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების უსაფრთხოებას.

მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ პროფესიული საქმიანობისას მათი უფლებების შელახვის ფაქტები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული, დამნაშავე დაუსჯელი დარჩება და ჟურნალისტებზე ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხე იარსებებს. დაუსრულებელი გამოძიების და საქმის არასათანადოდ შესწავლის შემთხვევაში ჩამოყალიბდება თვითცენზურა - ჟურნალისტები უარს იტყვიან პრობლემების გაშუქებაზე.

Related Articles

Articles Not Nound!