დღეს ტელეკომპანიებისთვის ინკასოს დადება დაუშვებელია

კატეგორია : განცხადებები;
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტელეკომპანიების  "TV პირველისა" და "მთავარი არხის" ანგარიშებზე, საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, შემოსავლების სამსახურმა საინკასო დავალება წარადგინა. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურის გამართული მუშაობით ახსნა და განაცხადა, რომ სანქციის დადება ავტომატურად მოხდა.

დღეს, როდესაც COVID-19-თან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმირებულობა, ხოლო ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებაში მნიშვნელოვან როლს სწორედ კრიტიკული მედია ასრულებს, სრულიად გაუგებარია შემოსავლების სამსახურის ქმედება. მით უფრო მაშინ, როდესაც ჩვენ გვაქვს პრაქტიკა წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე დავალიანების გამო სანქციის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ მაუწყებლების მიმართ შერჩევითი საგადასახადო პოლიტიკის წარმოება იყო და რჩება საქართველოს სხვადასხვა ხელისუფლების იარაღად მედიაზე ზეწოლისათვის. ქარტია მოუწოდებს შემოსავლების სამსახურს გააზრებული იქნას ის კრიტიკული ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით და დროულად მოეხსნას ინკასო ტელეკომპანიებს, რომ ყველა მედიასაშუალებას მიეცეს შესაძლებლობა გააგრძელოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება.

Related Articles

Articles Not Nound!