გადაწყვეტილება საქმეზე – გიორგი ტატიშვილი სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გიორგი ტატიშვილი;
მოპასუხე : სოფო მთივლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 116
27 თებერვალი, 2017 წელი

 

საქმე - გიორგი ტატიშვილი  სოფო მთივლიშვილის წინააღმდეგ

 

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, თეა ზიბზიბაძე, თამარ უჩიძე, მაია მეცხვარიშვილი. განმცხადებელი: გიორგი ტატიშვილი მოპასუხე: სოფო მთივლიშვილი
 აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ტატიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, 2016 წლის 23 ოქტომბერს, გადაცემა "იმედის დროში" გასულ სიუჟეტში - "ტრანსგენდერთა ნაწილი სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველებს უპირისპირდება"  დაირღვა ქარტიის  პირველი, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11  პრინციპი.  სიუჟეტი ეხებოდა სექსუალური უმცირესობების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს შორის სავარაუდო დაპირისპირების ფაქტებს და ასევე იმ პრობლემებს, რომელთაც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები აწყდებიან საზოგადოებაში. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლების წარმომადგენელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი საქმის განხილვას არ დასწრებია, საბჭოს კითხვებს სოციალური ქსელის [Facebook] მეშვეობით უპასუხა.  სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა მე-3, მე-5 და მე-11  პრინციპის დარღვევასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი: 
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებელი პირველი პრინციპის დარღვევად თვლიდა სიუჟეტში ჟურნალისტის მტკიცებით ფორმაში გავრცელებულ ფრაზას - "მათი [ტრანსგენდერი ქალების] ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა". მისი მტკიცებით, აღნიშნული ინფორმაცია არასწორი ფაქტია, რადგან თავად განმცხადებელიც, როგორც ტრასგენდერი ქალი, ისევე როგორც სექსუალური უმცირესობის სხვა წარმომადგენლები, დასაქმებულები არიან სხვადასხვა სამსახურში და მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო არ არის სხეულით ვაჭრობა.

განმცხადებლმა საბჭოს წარმოუდგინა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ იგი ეწევა სხვადასხვა ანაზღაურებად საქმიანობას. მოპასუხე ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ მან სადავო ფრაზით განაზოგადა ის პრობლემა, რის შესახებაც თავად რესპონდენტებიც საუბრობდნენ, მაგალითად: 1. გიორგი ტატიშვილი - "ტრანსგენდერი ადამიანები, რომელთა სახელითაც ისინი [იგულისხმება უფლებადამცველი ორგანიზაცია] საუბრობენ და გრანტებს ღებულობენ, ცხოვრობენ ქუჩაში და არიან დაკავებული სექს მუშაკებად და ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას". 2. მ. კასენკო - "ჩვენ კიდევ ისეთი სიტუაცია გვაქვს, რომ ვერანაირად ვერსად ვერ ვსაქმდებით ასეთ ფორმაში".

საბჭო მიიჩნევს, რომ რესპონდენტების პასუხები, რომლებიც დასაქმების პრობლემაზე საუბრობენ  ან უთითებენ, რომ ზოგიერთი მათგანი სექსუალური მომსახურებით არის დაკავებული, არის მხოლოდ კერძო პირების მოსაზრებები პრობლემის შესახებ, რაც არ აძლევდა ჟურნალისტს საკმარის საფუძველს, რომ მტკიცებით ფორმაში მიეწოდებინა მაყურებლისათვის ინფორმაცია თითქოს  "მათი [ტრანსგენდერი ქალების] ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა".  ჟურნალისტს შეეძლო საბჭოს მსგავსად მიეღო ინფორმაცია, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელთა ნაწილი დასაქმებულია კომერციულ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებში და იღებენ შემოსავალს ლეგალური გზით.

განმცხადებელი ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევად მიიჩნევდა სიუჟეტის სხვა ნაწილსაც, სადაც ჟურნალისტი გიორგი ტატიშვილის შესახებ ამბობს, რომ: "არაერთხელ იყო მხილებული თაღლითობაში და ის საჯაროდ ამის შესახებ ამაყად ლაპარაკობდა".   გიორგი ტატიშვილმა მიუთითა, რომ მის წინააღმდეგ მხოლოდ ერთხელ, 2010 წელს დადგა გამამტყუენებელი განაჩენი თაღლითობასთან დაკავშირებით და შესაბამისად არასწორია ჟურნალისტის ინფორმაცია "თაღლითობაში არაერთხელ მხილების" შესახებ. საბჭო  "მხილებას" არ განიხილავს, როგორც ტერმინს, რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრული დანაშაულის [თაღლითობა] ჩადენას ადასტურებს, არამედ მიიჩნევს, რომ  "მხილება" ამ შემთხვევაში ატარებდა სხვა შინაარსობრივ დატვირთვას - სხვადასხვა პირების პრეტენზიები გიორგი ტატიშვილის მიმართ აღიწერა როგორც მხილება. თავის მხრივ საბჭომ მოიკვლია ფაქტი, რომ სხვადასხვა პირები გიორგი ტატიშვილს  ნამდვილად სდებდნენ ბრალს თაღლითობაში. შესაბამისად, ამ ნაწილში საბჭო ქარტიის პირველ პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს.

ქარტიის მეშვიდე პრინციპის მიხედვით,  "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე. ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". სადავო სიუჟეტში სტუდიაში მოწვეული ტრანსგენდერი ქალები საუბრობენ. მასალაში ფართო კადრებით ნაჩვენებია ის განმასხვავებელი ნიშნები [მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელები, ტანსაცმელი, მკვეთრი მაკიაჟი], რომლებიც საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებებით, შეუფერებელია ტრანსგანდერი ქალების ბიოლოგიურ სქესთან. მსგავსი სახით გაშუქებამ გამოწვია ტრანსგენდერი ქალების ეგზოტიკურ პირებად წარმოჩენა და მათ მიმართ სტიგმის გაძლიერება. თავის მხრივ, როგორც საბჭომ არა ერთხელ აღნიშნა "სტიგმატიზირება/სტიგმის გაძლიერება ჟურნალისტური ეთიკის მიზნებისათვის დისკრიმინაციის სახეა’’.  ჟურნალისტი ვალდებული იყო, რომ აქცენტი არ გაეკეთებინა გარეგნულ ნიშნებზე და ამით ხელი არ შეეწყო სექსუალური უმცირესობების განსხვავებულ ან უჩვეულო  პირებად  წარმოჩენისათვის. როგორც ზემოთ აღინიშნა, სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას, რომ მათი [ტრანსგენდერი ქალების] ერთადერთი შემოსავლის წყარო სხეულით ვაჭრობაა. როგორც უკვე დადგინდა ეს არასწორი ინფორმაცია იყო, რადგან  არის შემთხვევები, როცა ტრანსგენდერი პირები  დასაქმებულები არიან და იღებენ შემოსავალს სხვა წყაროებიდან. ჟურნალისტი ვალდებულია სწორედ ასეთ მაგალითებს მიაქციოს ყურადღება და ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელიც შეიძლება ასრულებდეს სრულფასოვან და კანონიერ სამუშაოს და ერთადერთი ალტერნატივა მისთვის სექს მომსახურება არ არის, ტრანსგენდერი ქალების აპრიორი სექს მომსახურებასთან დაკავშირება აძლიერებს მათ სტიგმატიზირებას.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. სოფო მთივლიშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი.
საქმის მასალები განცხადება მოპასუხე ჟურნალისტის მოსაზრება სადავო მასალა

 

Related Articles

Articles Not Nound!