გადაწყვეტილება საქმეზე – პაატა ლაგვილავა ელისო კილაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : პაატა ლაგვილავა;
მოპასუხე : ელისო კილაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

გადაწყვეტილება N 107

20 ნოემბერი, 2016 წელი

 

საქმეზე - პაატა ლაგვილავა ელისო კილაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი.

განმცხადებელი: პაატა ლაგვილავა

მოპასუხე: ელისო კილაძე

 

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა პაატა ლაგვილავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 05 ივლისს, გაზეთ "ქრონიკა პლიუსში" გამოქვეყნებული სტატიით "თამაზაშვილი, დიმიტრი რაგოზინი, სერგეი ჩაბანი - ვისი ლიკვიდაცია დაიგეგმა 2003 წელს ზუგდიდში?!" დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპი. განმცხადებლი აღნიშნავდა, რომ სტატიაში მითითებული ფაქტები, რომელიც ეხებოდა სამეგრელოს მოქმედ გუბერნატორს ლევან შონიას, არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მიზნად ისახავდა მხოლოდ მის დისკრედიტაციას.

საქმის განხილვის დროს საბჭოს წევრებმა კითხვები განმცხადებელს დაუსვეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალების გამოყენებით, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". სადავო სტატია შეიცავს ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც ეხება სამეგრელოს მოქმედ გუბერნატორს ლევან შონიას, მაგალითად:  "1417+1 "ქრონიკა +-ის" წყაროს ინფორმაციით, ასეა დანომრილი, ის აგენტური საქმე, რომელიც სამეგრელოს გუბერნატორზე რუსეთის "ფსბ" ში ინახება".    "ქრონიკა +-ის" წყაროს ინფორმაციით, სწორედ შონიას და მისი ძმის მეშვეობით, "ტყის ძმების" მეთაურის, დათო შენგელიას გამოყენებით, ღარიბაშვილის სიმამრი სამეგრელოს რაიონში თხილის ბიზნესის მონოპოლიას დღემდე აკონტროლებს. იმავე ჯგუფს უკავშირდება სიგარეტის, იარაღის, ნარკოტიკების, ჯართის უკანონო კონტრაბანდა და ტრანზიტი ოკუპირებულ ტერიტორიებზე".

საბჭო აღნიშნავს, რომ იგი არ მსჯელობს იმის შესახებ, სტატიაში მითითებული ფაქტები რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, არამედ აფასებს ჟურნალისტის მცდელობას, სცადა თუ არა ინფორმაციის გადამოწმება, მათ შორის მიმართა თუ არა კომენტარისათვის იმ პირებს, ვისაც შეიძლებოდა დამატებითი ინფორმაცია მიეწოდებინა სტატიაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მით უფრო მნიშვნელოვანია ფაქტების გადამოწმება, როცა სახელმწიფო მოხელეს სტატიით ბრალი ედება სისხლის სამათლის დანაშაულებებში. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჟურნალისტს ჰყავდეს ინკოგნიტო წყარო, მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს ინფორმაციის გადამოწმების ვალდებულებისაგან. პირველი  პრინციპის განმარტების თანახმად, ჟურნალისტმა ინფორმაცია უნდა გადაამოწმოს ყველა შესაძლო წყაროსთან, ხოლო თუ  გადამოწმება  ვერ ხერხდება, ამის შესახებ ცალსახად უნდა მიუთითოს, რათა მკითხველს მიეცეს საშუალება შეაფასოს რამდენად სარწმუნო და გადამოწმებულია გავრცელებული ინფორმაცია.

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჟურნალისტს არ ჰქონია მცდელობა, რომ გადაემოწმებინა მის მიერ მიღებული და შემდგომ გავრცელებული ინფორმაცია,  ამით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. ქარტიის შიდა მარეგლამენტირებელი დოკუმენტის თანახმად,  გადაწყვეტილების მიღებას ["დაირღვა" ან "არ დარღვეულა"] მხარი უნდა დაუჭიროს საბჭოს მინიმუმ 5 წევრმა. მოცემულ შემთხვევაში საქმის განხილვას ესწრებოდა საბჭოს ექვსი წევრი, რომელთაგან ორმა მიიჩნია, რომ დაირღვა მე-11 პრინციპი, ხოლო ოთხი არ დაეთანხმა პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება". საბჭოს წევრები, რომლებიც თვლიდნენ, რომ დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი დაეყრდნენ სტატიის ავტორის, ელისო კილაძის "ფეისბუქ" სტატუსს, სადაც ის მიმართავდა სამეგრელოს გუბერნატორს "ომი გინდოდათ ? რა პრობლემაა". სწორედ აღნიშნული სტატუსის შემდეგ გამოქვეყნდა სადავო სტატია, შესაბამისად საბჭოს წევრებმა მიიჩნიეს, რომ სახეზე იყო ჟურნალისტის განზრახვა, რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა.

საბჭოს იმ წევრებმა, რომელთა აზრითაც მე-11 პრინციპი არ დარღვეულა, მიუთითეს, რომ მხოლოდ ჟურნალისტის პირადი უარყოფითი დამოკიდებულება არ შეიძლება იყოს პრინციპის დარღვევის საფუძველი, იმისათვის, რომ დადგინდეს მართლაც განზრახ დამახინჯდა ინფორმაცია თუ არა, საჭიროა დადგინდეს:  1. ფაქტი არაზუსტია [მოცემულ შემთხვევაში პირველი პრიცნიპის დარღევად მიჩნეული იქნა ინფორმაციის გადაუმოწმებლობა] 2. რომ ჟურნალისტმა იცოდა ზუსტი ფაქტის შესახებ და მაინც არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.  შესაბამისად, ვინაიდან ვერ დადგინდა, რომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა სწორი ფაქტები და მიუხედავად ამისა, მაინც არასაწორი ინფორმაცია გაავრცელა, საბჭოს ოთხმა წევრმა მე-11 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

  1. ელისო კილაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ელისო კილაძის მიერ მე-11 პრინციპის დარღევევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
ჩამოტვირთეთ გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები: განცხადება სადავო მასალა ელისო კილაძის Facebook სტატუსი

Related Articles

Articles Not Nound!