გადაწყვეტილება საქმეზე – "ჯიბითაიმს ჯორჯია- მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : ჯიბითაიმს ჯორჯია;
მოპასუხე : მაგდა კლდიაშვილი;
გადაწყვეტილება N 104
01 ოქტომბერი 2016 წელი


საქმეზე ჯიბითაიმს ჯორჯია" მაგდა კლდიაშვილის წინააღმდეგ საბჭოს თავმჯდომარენინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი

განმცხადებელი: ჯიბითაიმს ჯორჯია
მოპასუხე: მაგდა კლდიაშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჯიბითაიმს ჯორჯიამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებ გვერდ jako.fm-ზე, 2016 წლის 10 ივნისს გამოქვეყნებული სტატიით "სკანდალი – ტარიელ ხეჩიკაშვილისგან საბურთალოს –  საჩუქარად მძლეოსნობის სტადიონი", დაირღვა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი და  მესამე პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორი იყო ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი. სტატია ეხებოდა დიღომში მდებარე მძლეოსნობის სტადიონის ფეხბურთის ფედერაციისათვის გადაცემას.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებლის წარმომადგენელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". განმცხადებელი სადავოდ ხდიდა სტატიაში მითითებულ რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას. კერძოდ, სტატიის თანახმად:
  • "დიღომში მდებარე მძლეოსნობის სტადიონი, რომელიც საცურაო აუზს, ტანვარჯიშის არენას, ფრენბურთის ორ დარბაზსა და ახალ სტადიონს აერთიანებს, სპორტის სამინისტროს შუამდგომლობით, ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა. ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, თავის მხრივ, ამ საჩუქარს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს"  გადასცემს".
  • "JAKO FM-ის დაზუსტებული ინფორმაციით, ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანო, მძლეოსნობის სტადიონს, რომელიც ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს, უახლოეს ხანებში, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" გადასცემს".

საბჭომ შეისწავლა სამართლებრივი  საფუძველი, რომლის თანახმადაც მოხდა გადაცემა, კერძოდ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 მაისის N 792 განკარგულება. ამ დოკუმენტით, ა(ა)იპ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით, გადაეცა  ქალაქ თბილისში, დიღმის სასწ. საცდელ მეურნეობაში მდებარე 60869.00 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

თავისი სამართლებრივი არსით უსასყიდლო უზურფრუქტით ქონების გადაცემა არ შეიძლება შეფასდეს როგორც საჩუქარი, უზრუფრუქტის პირობებში ქონების მიმღები არ არის მესაკუთრე, როგორც ჩუქების შემთხვევაში.  ასევე სტატიაში დადასტურებული ფაქტის სახით მითითებულ იყო რომ ქონების მიმღები [საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია] აღნიშნული ქონების გადაცემას აპირებდა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსთვის". მთავრობის დადგენილება საქართველოს ფეხბურთის ფედრაციას არ ანიჭებდა უფლებას, რომ უზურფქრუტით მიღებული ქონება სხვა პირისათვის გადაეცა. შესაბამისად ჟურნალისტი ვალდებული იყო შეესწავლა სამართლებრივი დოკუმენტი და:

  1. ქონების უზურქფრუქტით გადაცემის ფაქტი მკითხველისთვის არ მიეწოდებინა როგორც "საჩუქარად" გადაცემა, ვინაიდან ტერმინ საჩუქრის გამოყენება მკითხველს გაუჩენდა აღქმას, რომ ქონება ფეხბურთის ფედერაცია სრულფასოვანი საკუთრების უფლებით მიიღო, რაც არ შეესაბამებიოდა სიმართლეს. მით უმეტეს სტატია ასევე შეიცავდა მძლეოსნობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, ვასილ ბერიშვილისაგან მიღებულ ინფორმაციას, სად ის აღნიშნავდა, რომ ქონება ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაა. შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ზუსტი ინფორმაციის გავრცელება გადაცემის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით.
  2. დადასტურებული ფაქტის სახით არ აღენიშნა, რომ ფედერაცია ქონებას გადასცემდა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს", ვინაიდან მთავრობის დადგენილება მსგავსს უფლებამოსილებას არ ანიჭებდა ფეხბურთის ფედერაციას და შესაბისად ვერც გადაეცემოდა, ამასთან ჟურნალისტმა ვერ წარმოადგინა სხვა სამართლებრივი დოკუმენტი [ნორმატიული აქტი, ხელშეკრულება], რომელიც გაამყარებდა მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ იგეგმებოდა ქონების საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსათვის" გადაცემა.

სტატიაში ასევე მითითებული იყო, რომ  გადაცემული ქონების საერთო ფართობი შეადგენდა 4 ათას 400 ჰექტარს. საპირისპიროდ, მთავრობის დადგენილების თანახმად, მოხდა 6 მთელი და 869 მეათიათასედი ჰექტარის [60869 მ2] გადაცემა. საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზე იყო ტექნიკური შეცდომა, მაგრამ ასევე ხაზს უსვამს, რომ როცა საქმე ეხება ქონების განკარგვას, მით უმეტეს სახელმწიფო ქონების, ჟურნალისტმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გამოიჩინოს დეტალების მიმართ, გადაამოწმოს ისინი, რათა არ მოხდეს მკითხველის შეცდომაში შეყვანა.

საბჭომ ასევე იმსჯელა ვებ გვერდ jako.fm ზე, 2016 წლის 11 ივნისს, მაგდა კლდიაშვილის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაზე "სპორტის სამინისტრო – მძლეოსნობის სტადიონი სფფ-ს ჩემპიონატების ჩასატარებლად გადაეცა". აღნიშნულ სტატია შეიცავდა საქართველოს სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამინისტროს პოზიციას წინა დღით გავრცელებულ სტატიასთან დაკავშირებით, კერძოდ სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ქონების განკარგვის მიზანი არ ყოფილი მისი შემდგომი გადაცემა საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსათვის".  საბჭო ვალდებულია შეაფასოს,  11 ივნისს გამოქვეყნებული სტატია ხომ არ შეიძლება ჩაითვალოს 10 ივნისის სტატიის შესწორებად, რომელშიც საბჭოს პოზიციით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.  მსჯელობის შედეგად საბჭო მივიდა დასკვნამდე, რომ შესწორება არ მომხდარა, ვინაიდან:

 

  1. არ ჩასწორებულა თავდაპირველი სტატია და იძებნება პირვანდელი სახით.
  2. განმცხადებელმა, რომლის უფლებამოსილებასაც წარმოადგენს იმ ვებგვერდის მართვა, რომელზეც ქვეყნდებოდა სადავო სტატიები, განაცხადა რომ სადავო სტატიის ავტორს არ მოუთხოვია 10 ივნისის სტატიის შესწორება ან მოხსნა. აღნიშნული გარემობა არ უარყო მოპასუხე ჟურნალისტმაც.

ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია." მოპასუხე ჟურნალისტმა განმარტა, რომ საფეხბურთო კლუბ "საბურთალოსათვის"  ქონების გაცემის შესახებ განზრახვის თაობაზე მას ანონიმურმა წყარომ აცნობა. როგორც საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას დაადგინა, წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ თავად  წყაროს არ დასახელება, არ ნიშნავს წყაროს არ არსებობას.  განსახილველ შემთხვევაში სახეზეა, რომ წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ გადამოწმდა სათანადო წესით, რამაც გამოიწვია მხოლოდ პირველი პრინციპის დარღევა.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:
  • მაგდა კლდიაშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
  • მაგდა კლდიაშვილის მიერ არ დარღვეულა ქარტიის მესამე პრინციპი.

გადაწყვეტილების PDF ვერსია საქმის მასალები:

Related Articles

Articles Not Nound!