გადაწყვეტილება საქმეზე – გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი ეთერ ერაძის, ნანუკა ქაჯაიას, გიორგი ლაფერაშვილის და ინგა გრიგოლიას წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 40
19 მაისი 2015 წელი

საქმეზე - გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი  ეთერ ერაძის, ნანუკა ქაჯაიას, გიორგი ლაფერაშვილის და  ინგა გრიგოლიას  წინააღმდეგ

 

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: მაია მეცხვარიშვილი, ლაშა ზარგინავა, ირაკლი აბსანძე, ირინა ყურუა, თაზო კუპრეიშვილი.

განმცხადებელი: გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი

არაწევრი ჟურნალისტები: ეთერ ერაძე, ნანუკა ქაჯაია, ქაჯაია, გიორგი ლაფერაშვილი [როგორც რედაქტორი] და  ინგა გრიგოლია

 აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა. სადავო ჟურნალისტური პროდუქტები ეხებოდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში 2014 წლის 22  სექტემბერს გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს და მასთან დაკავშირებულ მოვლენებს. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ ჟურნალისტების მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი.

  1. ეთერ ერაძის შემთხვევაში სადავო ჟურნალისტურ პროდუქტი იყო სტატია: "სახელის გამხელის მეშინია, შვილები მყავს და წურწუმიები ახლა მათაც დამიხოცავენ"
  2. ნანუკა ქაჯაიას მიმართ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტი იყო ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა ქრონიკაში [2014 წლის 22 სექტემბრის გამოშვება] გასული სიუჟეტი.
  3. გიორგი ლაფერაშვილის შემთხვევაში სადავო ჟურნალისტურ პროდუქტი იყო ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" გადაცემა კურიერში  [2014 წლის 22 სექტემბრის გამოშვება] გასული სიუჟეტი.
  4. ინგა გრიგოლიას შემთხვევაში ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "რეაქცია" [2014 წლის 26 სექტემბერი].

საქმის განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებლები და არც მოპასუხე ჟურნალისტები.

შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ თაზო კუპრეიშვილს, რომელიც იმავე მედიასაშუალებაში მუშაობს, სადაც მოპასუხე ჟურნალისტი. შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ ვარაუდი რომ არ გაჩენილიყო, მან თვითაცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე.

სამოტივაციო ნაწილი: 

ქარტიის  პირველი პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი სასამართლო გადაწყვეტილებიდან საბჭომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებად მიიჩნია:

  1. ოთხ პირს ბრალი ჰქონდა წარდგენილი ხულიგნობაში და ჯემალ შელიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
  2. არცერთ ბრალდებულს არ დაუმტკიცდა ჯემალ შელიას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.

საბჭოს მსჯელობა ეთერ ერაძის მიმართ: ჟურნალისტის მიერ მომზადებული მასალა, მხოლოდ ერთი მხარის [გარდაცვლი ჯემალ შელიას ახლობლების] პოზიციას ასახავს, სადავო სტატიაში მითითებულია მხოლოდ იმ მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ჯემალ შელიას მკვლელობაში ბრალდებულ პირებს დამნაშავეებად მიიჩნევდნენ მაშინ, როცა სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, იყვნენ სხვა მოწმეებიც, რომლებიც განსხვავებულად აღწერდნენ ინცინდენტს. სტატიის შესავალ ნაწილში, მტკიცებით ფორმაში აღწერილია ინცინდენტი და არ არის მითითებული თუ რაზე დაყრდნობით ავრცელებს ჟურნალისტი ინფორმაციას მტკიცებით ფორმაში. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში მითითებული აღწერა არ იყო გაზიარებული სასამართლოს მიერ. სადავო სტატია შეიცავს ჯემალ შელიას ახლობლის ინტერვიუს, სტატია არ მოიცავს ბრალდებულების ან მათი ადვოკატების/ახლობელების კომენტარებს და არც მცდელობა ჩანს, რომ ჟურნალისტს სურდა გადაემოწმებინა  მისთვის მოწოდებული ინფორმაცია. ქარტიის პირველი პრინციპის განმარტების თანახმად, უნდა ჩანდეს ჟურნალისტის მცდელობა, რომ მან საზოგადოების მიმართ გამოიჩინა პატივისცემა და ბოლომდე გადაამოწმა ფაქტები, რათა გამოექვეყნებინა სიმართლე და ზუსტი ინფორმაცია. ზუსტ ინფორმაციად, შეთანხმების თანახმად, ჩაითვლება ორ წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია. სადავო სტატია ცალმხრივია, მკითხველს არ აძლევს საშუალებას გაეცნოს ორივე მხარის პოზიციას ფაქტთან  დაკავშირებით.

ფაქტობრივი გარემოებები ნანუკა ქაჯაიას მიმართ. წამყვანი შესავალ ტექსტში ამბობს შემდეგ ფრაზებს - "მოკლული ჯემალ შელიას ახლობლებმა"  "მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი". სიუჟეტს ტიტრად ადევს შემდეგი წინადადება - "შელიას მკვლელობის საქმე". თავად სიუჟეტშიც ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ "ხმაური და დაპირისპირება სასამართლოში შელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების გათავისუფლებას მოჰყვა".

ფაქტობრივი გარემოებები გიორგი ლაფერაშვილის მიმართ. წამყვანი შესავალ ტექსტში ამბობს -  "მოკლული ჯემალ შელიას ოჯახის წევრებმა", "მკვლელობაში ბრალდებული ოთხი პირი".

როგორც საბჭომ დადგენილ ფაქტორივ გარემოებად აღნიშნა, პირები არ იყვნენ ბრალდებულები "მკვლელობაში" და არც ჯემალ შელიას გარდაცვალება იყო შეფასებული როგორც მკვლელობა, შესაბამისად ჟურნალისტების მიერ გამოყენებული ტერმინები ["მკვლელობის საქმე", მკვლელობაში ბრალდებული"] არ იყო ზუსტი.

ფაქტობრივი გარემოებები ინგა გრიგოლიას მიმართ - გადაცემა "რეაქციაში" ჯემალ შელიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიამ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის დედა სასამართლომ დააჯარიმა 500 ლარით იმ დღეს, როცა გამოიტანეს გამამართლებელი განაჩენი ბრალდებულების მიმართ. განმცხადებელმა წარმოადგინა ცნობა თბილისის საქალაქო სასამართლოდან, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვის დროს სხდომის მიმდინარეობისას, მოსამართლეს პროცესში მონაწილე რომელიმე პირი ან დამსწრე არ დაუჯარიმებია. ქარტიის პრინციპის დადგენის დასადასტურებლად საბჭომ არასაკმარისად მიიჩნია წარმოდგენილი ცნობა, ვინაიდან არსებობდა ალბათობა, რომ გარდაცვლილის დედა დაეჯარიმებინათ არა უშუალოდ სასამართლო სხდომაზე, არამედ სასამართლო შენობაში ჩადენილი ქმედების გამო. ამ ვარაუდს  ზრდიდა ის გარემოებაც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა სხდომის დარბაზის გარეთ. აქედან გამომდინარე საბჭომ განმცხადებელს სთხოვა დამატებითი მტკიცებულებები, რაც მან ვერ წარმოადგინა, ამიტომაც  ინგა გრიგოლიას მიერ პირველი პრინციპის დარღვევის ფაქტი საბჭომ  ვერ დაადგინა.

ქარტიის მე_11 პრინციპის თანახმად "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება". ეთერ ერაძის მიმართ საბჭო მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიერ მხოლოდ პირველი პრინციპის დარღვევას და ჟურნალისტის მიზანი არ იყო შეგნებულად გაევრცელებინა არაზუსტი ინფორმაცია, რადგან არ იკვეთება არაზუსტი ინფორმაციის გავრცელების მოტივი.  ნანუკა ქაჯაიას და გიორგი ლაფერაშვილის მიმართ საბჭო თვლის, რომ პირველი პრინციპის დარღვევა გამოიწვია ფაქტების არაზუსტმა სამართლებრივმა კვალიფიკაციამ და სახეზე არ იყო  არასწორი ინფორმაციის განზრახ გავრცელება. ვინაიდან ინგა გრიგოლიას მიმართ არ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად საბჭომ ვერ იმსჯელა მე-11 პრინციპის დარღვევაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა:

  1. ეთერ ერაძემ, ნანუკა ქაჯაიამ და გიორგი ლაფერაშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. ეთერ ერაძეს, ნანუკა ქაჯაიას და გიორგი ლაფერაშვილს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-11 პრინციპი.
  3. ინგა გრიგოლიას არ დაურღვევია ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.

საქმის თანდართული მასალები:

 

Related Articles

Articles Not Nound!