გადაწყვეტილება საქმეზე – მანანა კობახიძე ეკა გაგუას და თეა ვაშალომიძეს წინააღმდეგ

განმცხადებელი : მანანა კობახიძე;
მოპასუხე : ეკა გაგუა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

 

გადაწყვეტილება N 62

 

27 მაისი 2015 წელი

საქმეზე მანანა კობახიძე ეკა გაგუას და თეა ვაშალომიძეს წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: თაზო კუპრეიშვილი, გიორგი მგელაძე, ჯაბა ანანიძე, მაია მეცხვარიშვილი, ლაშა ზარგინავა

განმცხადებელი: მანანა კობახიძე

არაწევრი ჟურნალისტები: ეკა გაგუა და თეა ვაშალომიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მანანა კობახიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2015 წლის 12 მაისს, გადაცემა კურიერში [ტელეკომპანია რუსთავი 2] დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი.

საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლის წარმომადგენელი თამუნა მჟავანაძე, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. განხილვის დროს განმცხადებლის წარმომადგენელმა მოხსნა თავისი მოთხოვნა ქარტიის მე_3 პრინციპთან დაკავშირებით.

შენიშვნა: საქმის განხილვის დახურულ ეტაპზე მონაწილეობა არ მიუღია საბჭოს წევრ თაზო კუპრეიშვილს, რადგან იგი და მოპასუხე ჟურნალისტები მუშაობენ ერთ მედია საშუალებაში და რომ არ გაჩენილიყო ვარაუდი შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, მან თვითაცილების საფუძველზე თავი შეიკავა განხილვაში მონაწილეობისაგან.

სამოტივაციო ნაწილი:

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლესდა საზოგადების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.

2015 წლის 12 მაისს   საინფორმაციო გამოშვებაში „კურიერი“ ეთერში გავიდა სიუჟეტი ბათუმის პორტთან დაკავშირებით, რომელიც საინფორმაციო სააგენტო „Fresh News“ – ზე დაყრდნობით მომზადდა. სიუჟეტში დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანანა კობახიძის მეუღლე დასაქმებულია ერთ-ერთ კომპანიაში, კერძოდ „ლუკოილში“.

საქმის განხილვის დღეს საბჭოს წარედგინა ლუკოილ ჯორჯიას მიერ 2015 წლის 25 მაისს გაცემული     N 161/15 წერილი, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ მოქალაქე ზაზა გოგიჩაიშვილი [ქალბატონ მანანა კობახიძის მეუღლე] არასდროს არ ყოფილა აღნიშნული კომპანიის დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ განცხადების განხილვის დროს ჩასწორებული იყო „Fresh News“_ის გადაცემაც [რომელზე დაყრდნობითაც მომზადდა კურიერში სიუჟეტი] და არც იქ აღარ ფიგურირებდა ფაქტი, რომ ლუკოილში თითქოს და დასაქმებული იყო მანანა კობახიძის მეუღლე.

ყოველივე აღნიშნულიდან ცალსახაა, რომ კურიერში დადასტურებულ ფაქტად გავრცელებული ინფორმაცია, რომ მანანა კობახიძის მეუღლე მუშაობდა ლუკოილში, არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ მიიჩნია:

ეკა გაგუას და თეა ვაშალომიძეს მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი

Related Articles

Articles Not Nound!