განმცხადებელი : ჯიპიაი ჰოლდინგი;
მოპასუხე : თეა ზიბზიბაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 10 პრინციპი;
გადაწყვეტილებაN __
_____2014 წელი
საქმეზე - სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი" თეა ზიბზიბაძისა და ანა ჯანაშიას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები: დავით მჭედლიძე, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი, ლაშა ზარგინავა
განმცხადებელი: სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგი"
წევრი ჟურნალისტები: თეა ზიბზიბაძე, ანა ჯანაშია
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს, განცხადებით მომართა სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰილდინგმა" ქარტიის წევრი ჟურნალისტების თეა ზიბზიბაძისა და ანა ჯანაშიას წინააღმდეგ. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები. განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2014 წლის 11 აპრილს, საინფორმაციო სააგენტო "NEWPRESS"-ის მიერ გამოქვეყნებული შემდეგი მასალების ერთობლიობით: "ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა", "NEWPRESS"-ის მიერ გავრცელებულ ვანში მომხდარ ტრაგედიაზე ჯანდაცვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო", "რას ჰყვება დედა, რომლის ქმარმა შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა", "ჯიპიაი" ვანში მომხდარ ტრაგედიაზე განმარტებას აკეთებს", "ექიმი, რომელმაც "NEWPRESS" ვანში მომხდარ ტრაგედიაზე აცნობა პოლიციაში წაიყვანეს", "როგორ ცხოვრობს ოჯახი, სადაც მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა." კერძოდ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტების მიერ, მასალებში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და მიუხედავად შემდგომი მიმართვისა, არ მოხდა არაზუსტი ინფორმაციის გასწორება. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ქარტიის პირველ, მესამე , მეხუთე, მეათე და მეთერთმეტე პრინციპს. საქმის განხილვაზე გამოცხადდა განმცხადებლი თინათინ სტამბოლიშვილი. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან, თუმცა მათ წარმოდგენილი ჰქონდათ შეპასუხება და სხდომის მიმდინარეობისას საბჭოს შეკითხვებს უპასუხა - თეა ზიბზიბაძემ დისტანციური ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. საბჭოს სხდომაზე, განმცხადებელმა მოხსნა საკუთარი მოთხოვნა მეთერთმეტე პრინციპთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად:"ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია". ხოლო მე_3 პრინციპის პირველი ნაწილის მიხედვით: "ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია". დადგენილი იქნა გარემოება, რომ ჟურნალისტმა ნიუსი გაავრცელა შემდეგი სათაურით: "ტრაგედია ვანში - მამამ შვილის ოპერაციისთვის თავი მოიკლა." გადმოცემული ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი სადაზღვევო კომპანია "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ ბავშვის დაფინანსებაზე უარის თქმა გახდა. ინფორმაციის ერთადერთი წყაროა ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელი. ამასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის პოზიცია წინააღმდეგობრივია. შეპასუხებაში ნათქვამია, რომ მათ მიერ გამოქვეყნებულ პირველ ნიუსში არ იყო ნახსენები "ჯიპიაი ჰოლდინგი" და მას შემდეგ რაც ჯანდაცვის სამინისტრომ აცნობა და თხოვა ჩაემატებინათ პირველ ნიუსში "ჯიპიაის" შესახებ, დაუკავშირდნენ ვანის სასწრაფოს თანამშრომელს, რომელმაც დაუდასტურა მოცემული ფაქტი და შემდგომ ჩაასწორეს ინფორმაცია დღეს არსებული სახით.
საბჭო აღნიშნავს, რომ "NEWPRESS"-ის ვებ გვერდზე არსებული მასალებით არ დასტურდება ის გარემოება,რომ ნიუსის თავდაპირველ ვარიანტში არ იყო მითითებული "ჯიპიაი ჰოლდინგის" შესახებ, თუმცა მიუხედავად ამისა, ვინაიდან 1-ლი პრინციპი გულისხმობს ჟურნალისტის მცდელობას, რომ მან პატივი სცა საზოგადოებას ზუსტი ინფორმაციის მიწოდებით, ჟურნალისტი უნდა დაკავშირებოდა სადაზღვევო კომპანიას, გადაემოწმებინა ფაქტების სიზუსტე და შემდეგ გაევრცელებინა ინფორმაცია, სადაც მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია არ იქნებოდა დაფიქსირებული, მითუმეტეს რომ ნიუსი გამოქვეყნდა 13:45 წუთზე, ხოლო "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ ინფორმაცია დაზღვეულის თაობაზე გაიგზავნა 17:46 წუთზე, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კი ხდებოდა არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება და გადაუმოწმებელი სახით მიწოდება მკითხველისათვის, რაც ქმნიდა ისეთ შთაბეჭდილებას ,რომ ტრაგედიაში დამნაშავე სწორედ სადაზღვევო კომპანია იყო. აქედან გამომდინარე, საბჭომ დაადგინა, რომ ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი. ქარტიის მესამე პრინციპთან დაკავშირებით საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტს არ დაურღვევია მესამე პრინციპი. ნიუსში ავტორი ეყრდნობოდა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ვანის სასწრაფო დახმარების თანამშრომელზე მითითებით, რომელმაც შემდგომში დაუდასტურა კიდეც თავისი პოზიცია საინფორმაციო სააგენტო "NEWPRESS."
ქარტიის მე_5 პრინციპის თანახმად "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". იმისთვის, რომ მოცემული მუხლი დარღვევად დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია, რომ ჟურნალისტს მიმართონ აშკარად არასწორი ინფორმაციის გასწორების შესახებ და თუ მიუხედავად ამისა, არ განახორციელებს რედაქტირებას, სახეზე იქნება მე-5 პრინციპის დარღვევა. ქარტიის საბჭოს განმცხადებელმა განუმარტა, რომ "ჯიპიაი ჰოლდინგი" თავად დაუკავშირდა "NEWPRESS" და მოსთხოვა არსებითად მცდარი ინფომრაციის გასწორება, ვინაიდან ის იყო სიმართლესთან შეუსაბამო. როგორც მოპასუხე აღნიშნავს "ჯიპიაი ჰოლდინგის" მიერ გამოგზავნილი ტექსტი უცვლელად გამოქვეყნდა მათ ვებ გვერდზე, თუმცა არ მომხდარა უშუალოდ პირველ ნიუსში ცვლილების შეტანა, სადაც უკვე რედაქტირებული სახით მკითხველი გაეცნობოდა მეორე მხარის პოზიციასაც არსებულ ბრალდებასთან დაკავშირებით. საბჭო მიიჩნევს, რომ შესწორება მოხდა არაჯეროვნად, რადგან თავდაპირველი ნიუსი იგივე სახით იძებნება "NEWPRESS"-ის ვებ გვერდზე და გარდა ამისა, ცალკე ინფორმაციის სახით არ იძებნება "ჯიპიაის" მიმართვა, ის თან ერთვის ნიუსებს ბოლოში.
ქარტიის მე_10 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი." განმცხადებელი უთითებს, რომ საინფორმაციო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული მასალებით, სადაც ნაჩვენები იყო ოჯახის საცხოვრებელი სახლის ფოტოები, დასახელებული იყო სოფელი და იდენტიფიცირებული იყო მათი ვინაობა, სააგენტო შეიჭრა ოჯახის პირად ცხოვრებაში. გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ გავრცელებული მასალა შეიცავდა ცნობებს გარდაცვლილის სულიერ მდგომარეობის და ალკოჰოლისადმი მისი დამოკიდებულების შესახებ. ამასთან დაკავშირებით მოპასუხე აცხადებს, რომ ფოტოები გადაიღეს და განათავსეს თავიანთ ვებ გვერდზე ოჯახის წევრების თანხმობით, ხოლო რაც შეეხება გარდაცვლილის შესახებ პირად დეტალებს, ამის შესახებ არც ერთ ნიუსში არ ყოფილა გამოქვეყნებული. საბჭომ მოიძია ცნობები და მართლაც, არც ერთ ნიუსში არ არის გავრცელებული გარდაცვლილის პირადი დეტალები. მაგრამ ეს ცალსახად არ ნიშნავს რომ არ მოხდარა ოჯახის პირად ცხოვრებაში შეჭრა, მართალია მოცემულ საკითხზე არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი, რომელიც პირადი ცნობების გასაჯაროებას ამართლებს და ლეგიტიმურს ხდის, მითუმეტეს როცა ამის თანხმობა მოდის თავად ოჯახისგან, მაგრამ ჟურნალისტს აქვს ვალდებულება იფიქროს გარემოებების სხვა ასპექტებზე, კერძოდ იმაზე, რომ მსგავსი ფაქტების გასაჯაროებამ შეიძლება არაჯანსაღად იმოქმედოს ბავშვის მორალურ თუ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. გამომდინარე იქედან, რომ გამოქვეყნებულ მასალაში ნაჩვენები იყო საცხოვრებელი სახლის ფოტოები, ნახსენები იყო სოფელი და ოჯახის წევრების სახელები სრულად, დაირღვა ქარტიის მეათე პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
1. ჟურნალისტებმა თეა ზიბზიბაძემ და ანა ჯანაშიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მეხუთე და მეათე პრინციპი.
2. ჟურნალისტებს თეა ზიბზიბაძეს და ანა ჯანაშიას არ დაურღვევიათ ქარტიის მესამე პრინციპი.