განმცხადებელი : ირინე ასათიანი;
მოპასუხე : პაატა იაკობაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
გადაწყვეტილებაN __
26 ივლისი, 2014 წელი
საქმეზე – ირინე ასათიანი პაატა იაკობაშვილის და ნონა მიქიაშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები:ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ირინა ყურუა, ნათია როყუა, გიორგი მგელაძე, ნინო ზურიაშვილი.
განმცხადებელი: ირინე ასათიანი
არაწევრი ჟურნალისტები: პაატა იაკობაშვილი და ნონა მიქიაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ირინე ასათიანმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტებმა: პაატა იაკობაშვილმა, ნონა მიქიაშვილმა და ჟანა ასანიძემ დაარღვიეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპები.
განცხადების თანახმად, ქარტიის პრინციპები დაირღვა 2013 წლის 22 დეკემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა “კურიერი P.S.” ში გასულ სიუჟეტში „შიმშილობა ციხეებში – ბრუნდება თუ არა „ქურდული” სამყარო“. კერძოდ, სიუჟეტში მითითებული ფაქტები, დაკავშირებული მსჯავრდებულ ტარიელ ფოცხვერიასთან, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა ქარტიის 1-ლ, მე-3, მე-4, მე-5, მე-7 , მე-10 პრინციპებს და მე_11 პრინციპის პირველ ნაწილს.
საქმის განხილვაზე გამოცხადნენ განმცხადებლის წარმომადგენლები: ლია მუხაშავრია და თინათინ ნაკაშიძე. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ.
საბჭომ თავდაპირველად იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რამდენად წარმოადგენდა მოცემულ შემთხვევაში ჟურნალისტი ჟანა ასანიძე პასუხისმგებელ პირს და მიიჩნია, რომ კონკრეტულ სიუჟეტში ჟანა ასანიძე მონაწილეობდა როგორც რესპოდენტი (როგორც ერთ-ერთი წყარო) და მას როგორც ჟურნალისტს არ ეკისრებოდა არავითარი პასუხისმგებლობა სიუჟეტის შინაარსთან დაკავშირებით, შესაბამისად, ჟანა ასანიძე არ შეიძლებოდა განსაზღვრულიყო როგორც მოპასუხე პირი.
განმცხადებლის წარმომადგენლებმა სხდომაზე მოხსნეს საკუთარი მოთხოვნა მე_4, მე_5 და მე_10 პრინციპებთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: ,,ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ხოლო მე_3 პრინციპის მეორე ნაწილის მიხედვით: „ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“.
სადავო სიუჟეტში, 2:30 წუთზე ნაჩვენებია ინტერვიუ ჟურნალისტ ჟანა ასანიძესთან, როგორც ერთ – ერთ წყაროსთან და აღნიშნულ ინტერვიუში რესპოდენტი საუბრობს ფაქტის შესახებ, რომლის თანახმად არასრუწლოვან პატიმრებს შორის მოხდა „საქმის გარჩევა“ და სიტუაციის განსამუხტავად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მაღალჩინოსნის ხელშეწყობით კანონიერი ქურდი ტარიელ ფოცხვერია შეიყვანეს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, სადაც არასრულწლოვნებს შორის იყო კონფლიქტი. რესპოდენტი ჟანა ასანიძე აღნიშნავდა, რომ მხოლოდ ტარიელ ფოცხვერიას ჩარევით განიმუხტა სიტუაცია, რის სანაცვლოდ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციის მიერ დაკმაყოფილდა ტარიელ ფოცხვერიას მოთხოვნა და მას მიეცა საშუალება, ერთ-ერთი პირისათვის მიენიჭებინა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსი. რესპოდენტთან ინტერვიუს მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი: „ამ ფაქტის რეალობას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე ადასტურებს…. „ფრაზის შემდეგ მოდის ნაწყვეტი გადაცემიდან „არგუმენტები“, რომელიც გავიდა ტელეკომპანია მაესტროს ეთერში, 2013 წლის 12 დეკემბერს, სადაც სტუმრად მიწვეული იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე. ნაწყვეტი იწყება გრიგოლ გიორგაძის შემდეგი პასუხით: „ეს ინციდენტი ნამდვილად მოხდა, ორი დღის განმავლობაში იყო სასწავლო პროცესის ჩაშლა, პრაქტიკულად მოახერხა ერთ-ერთმა არასრუწლოვანმა და ჩვენი სამინისტროს ხელმძღვანელობის და პირველ რიგში მინისტრის დაუკითხავად უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სცადა ამ პრობლემის დარეგულირება, რაც თქვენ აღნიშნეთ, რომ კრიმინალურ ავტორიტეტებთან გადაყვანით და ა.შ, ციხის ეგრეთ წოდებულ საავადმყოფოში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამის გამო ჩვენი სისტემის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ უსაფრთხოების სამსახურის უფროსი იქნა დაკავებული“. სიუჟეტის ზემოაღნიშნული თანმიმდევრული აწყობით მაყურებელს რჩება შთაბეჭდილება, რომ ჟანა ასანიძის მიერ გაჟღერებული ფაქტობრივი გარემოებები: (1) კონფლიქტი არასრულწლოვან პატიმრებს შორის (2) კონფლიქტის ტარიელ ფოცხვერიას მიერ მოგვარება (3) ტარიელ ფოცხვერიას მიერ პირისათვის ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსის მინიჭება, უდავო ფაქტებია და ისინი დაადასტურა (ჟურნალისტის ფრაზა: „ამ ფაქტის რეალობას სასჯელაღსრულების მინისტრის პირველი მოადგილე ადასტურებს….„) ყველაზე კომპეტენტურმა წყარომ, სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ.
განსახილველ შემთხვევაში, სრული სურათის შექმნისათვის საჭირო იყო იმ კითხვის დადგენა, რომელზედაც გრიგოლ გიორგაძე სცემდა დადებით პასუხს, კითხვა კი გადაცემა „არგუმენტებში“ ფორმულირებული იყო შემდეგი სახით: „ …ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს ინფორმაცია რომ ციხეებში ვითარებას აკონტროლებენ ე.წ. „ქურდული მენტალიტეტის“ წარმომადგენლებიო და ამის მაგალითად მოიყვანეს ბავშვთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც ვითარების დარეგულირება ვერ შეძლო მათი განცხადებით[1]ციხის ადმინისტრაციამ და საქმეში ჩართვა გახდა კრიმინალური ავტორიტეტების საჭიროო და მხოლოდ ამის შემდეგ დარეგულირდა ვითარებაო, და ამასთან დაკავშირებით თუ გაქვთ ინფორმაცია ?“
გადაცემა არგუმენტების წამყვანის კითხვის და რესპოდენტის პასუხის ერთობლიობით დგინდება, რომ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველმა მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ დაადასტურა ბავშვთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული კონფლიქტის, ამ კონფლიქტის ე.წ. „ავტორიტეტის“ მიერ დარეგულირების მცდელობის ფაქტი და არა ის, რომ კონფლიქტი კონკრეტულად მოაგვარა ტარიელ ფოცხვერიამ და მას სანაცვლოდ უფლება მისცეს პირისათვის მიენიჭება ე.წ. „კანონიერი ქურდის“ სტატუსი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცალსახაა, რომ სიუჟეტის ავტორებმა რეალურ ფაქტად გაავრცელეს ის გარემოება, რომლის სინამდვილესთან შესაბამისობას არ ადასტურებდა კომპეტენტური წყარო. მეტიც, სიუჟეტის წყობით შექმნეს ილუზია, რომ ფაქტს სწორედ კომპეტენტური პირი ადასტურებდა. ჟურნალისტებმა ასევე მიჩქმალეს მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ გადაცემა „არგუმენტების“ წამყვანის კითხვა, რომელიც სრულ სიცხადეს შეიტანდა მინისტრის მოადგილის განმარტებაში.
ქარტიის მე_7 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ დისკრიმინაცია სახეზე იყო, ვინაიდან მრავალ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ შორის სწორედ ტარიელ ფოცხვერია გამოარჩიეს და მასზე ხდებოდა სიუჟეტში აქცენტის გაკეთება. საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას, ვინაიდან წყაროთა უმეტესობა ჟურნალისტს სწორედ ტარიელ ფოცხვერიაზე მიუთითებდა და შესაბამისად სიუჟეტში აღნიშნული პირის ფიგურისათვის მნიშვნელობის მინიჭება არ შეიძლება ჩათვლილიყო როგორც დისკრიმინაცია.
ქარტიის მე_11 პრინციპის პირველი ნაწილის მიხედვით: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. იმისათვის, რომ დადგინდეს აღნიშნული პრინციპის დარღვევა, უნდა დასტურდებოდეს რომ ჟურნალისტმა დანამდვილებით იცოდა რეალური ფაქტი და მიუხედავად ამისა, ავრცელებს სხვა, არასწორ ინფორმაციას. მოცემულ შემთხვევაში სიუჟეტის ავტორმა დადასტურებულად იცოდა, რომ ბავშვთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული კონფლიქტი მოაგვარა ე.წ. „კრიმინალურმა ავტორიტეტმა“, მაგრამ არ იცოდა კონკრეტულად ვინ, შესაბამისად მის მიერ ამ პრობლემის მოგვარების დაკავშირება ტარიელ ფოცხვერიასთან არის პირველი და არა მე_11 პრინციპის დარღვევა. თუ ჟურნალისტისთვის ცნობილი იქნებოდა იმ პირის ვინაობა, ვინც კონფლიქტი მოაგვარა და მიუხედავად ამისა, ტარიელ ფოცხვერიას მიაწერდა ფაქტს, მაშინ ჩაითვლებოდა მე_11 პრინციპის პირველი ნაწილი დარღვეულად.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
- პაატა იაკობაშვილის და ნონა მიქიაშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი.
- პაატა იაკობაშვილს და ნონა მიქიაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე_7 და მე_11 პრინციპი.
[1]იგულისხმება ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები