განმცხადებელი : პენ ცენტრი;
მოპასუხე : ლაშა ნადარეიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;
გადაწყვეტილებაN 21
6 აპრილი, 2014 წელი
საქმეზე - პენ-ცენტრი გიორგი გიგაურისა და ლაშა ნადარეიშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე:ნათია კუპრაშვილი
საბჭოს წევრები:ნინო ზურიაშვილი, ირაკლი აბსანძე, დავით მჭედლიძე, ნინო ნარიმანიშვილი, ნათია როყუა.
განმცხადებელი:პენ-ცენტრი
არაწევრი ჟურნალისტები: გიორგი გიგაური და ლაშა ნადარეიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მიმართა ორგანიზაცია პენ-ცენტრმა. განმცხადებლის პოზიციით, გაზეთ "ასავალ-დასავალის" 2014 წლის 17-23 მარტის N 11 (1012) გამოცემის მე-4 და მე–5 გვერდებზე და 2014 წლის 24-30 მარტის N 12 (1013) გამოცემის მე-18 და მე–20 გვერდებზე გამოქვეყნებული გიორგი გიგაურისა და ეთერ ჭელიძის სტატიები შეიცავდა ღირსების შემლახველ და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მწერალ ზურაბ ქარუმიძის მიმართ, მიმართული იყო დისკრიმინაციის წახალისებისკენ და სტატიაში მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამებოდა სიმართლეს. განმცხადებლის აზრით, დაირღვა ქარტიის პირველი, მე–3, მე–7 და მე–11 პრინციპები. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე, საბჭომ დაადგინა, რომ ეთერ ჭელიძე თავად არ წარმოადგენდა ჟურნალისტს და მისი ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა გაზეთ "ასავალ - დასავალის" რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი. საბჭოს შესაბამისმა წევრებმა განცხადება დასაშვებად ცნეს. მოპასუხე ჟურნალისტებს საკუთარი პოზიცია არ წარმოუდგენიათ. განმცხადებლის წარმომადგენელი, რატი ამაღლობელი, საბჭომ სხდომაზე დამატებით გამოკითხა
სამოტივაციო ნაწილი
თავდაპირველად საბჭოს სურს ხაზი გაუსვას სტატიების ავტორების მიერ გამოყენებულ და შესაბამისად რედაქტორის მიერ მოწონებულ შეურაცხმყოფელ და ღირსების შემლახველ ეპითეტებს მწერალ ზურაბ ქარუმიძის მიმართ. სადავო სტატიები ეხება ზურაბ ქარუმიძის რომანს "მელია- ტულეფია: FOX-TROT", მაგრამ სტატიებში/ინტერვიუებში მოყვანილ შეფასებებს არაფერი აქვს საერთო ლიტერატურულ კრიტიკასთან და ზურაბ ქარუმიძის მიმართ ისეთი ეპითეტების გამოყენებით, როგორიცაა "მწერლუკა", "პრასტიტუტკა", "ავყია" ‘შიბაქი"და ა.შ რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული ჟურნალისტური ნამუშევრების ერთადერთი მიზანი მწერალ ზურაბ ქარუმიძის პირადი შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესიის გამოწვევა იყო.
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. საბჭომ დაადგინა, რომ ერთ-ერთ სადავო სტატიაში: "განგაში: აი, ამას საქართველოს ელჩად ნიშნავენ" მოყვანილი ფაქტები არ შეესაბამება სიმართლეს. მაგალითად სტატიაში მითითებულია, რომ "თავის რომანში [ზურაბ ქარუმიძეს] აღწერილი აქვს "რიტუალი", რომელიც ვითომ სვანეთში 1926 წელს სამოგზაუროდ ჩასულმა ამერიკელმა წყვილმა - უილიამ და მერიონ ვასერმანებმა ნახეს". აღნიშნული ფაქტი არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან რომანის, "მელია- ტულეფია: FOX-TROT", თანახმად რიტუალის მომსწრე არიან არა წყვილი უილიამ და მერიონ ვასერმანები, არამედ რიტუალი ესიზმრება პერსონაჟ შაქრო კარმელს. სტატიაში გამოყენებულია ციტატა გაზეთ "24 საათის" 2011 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებული წერილიდან "თბილისურიავანგარდისნოსტალგია" და აღნიშნულია, რომ ამ წერილის ავტორი თავად ზურაბ ქარუმიძეა, რაც ასევე არ შეესაბამება სიმართლეს. "თბილისურიავანგარდისნოსტალგია" მესამე პირის მიერ დაწერილი ლიტერატურული კრიტიკაა. ამასთან, წერილიდან მოყვანილი ციტატა არასრული და არასწორი ფორმით არის მოცემული, წერილში ( "თბილისურიავანგარდისნოსტალგია" ) ვკითხულობთ: "ეს რიტუალი ზურაბ ქარუმიძემ პირველად 1991-1992 წლებში დაწერილ მოთხრობა "პაროდისში" გამოიყენა, რომელიც თბილისში, მაშინდელ ლენინის მოედანზე გათამაშდა. ამ რომანში მელია ტულეფიას რიტუალი უკვე შაქრო კარმელს ესიზმრება. 1926 წელს სვანეთში ჩასულ სტუმრებს რეალურად მისი ნახვა აღარ შეეძლოთ. რიტუალი ივანე ჯავახიშვილს აქვს აღწერილი "ქართველთა წარმართობაში", მას ძველ ხეთურ ღვთაებას - ტულიფინოს უკავშირებენ. მისი გაცოცხლება კი ქართველი მწერლის ცნობიერებას, როგორც თავად გვითხრა, დღევანდელ საზოგადოებაში შექმნილი სიტუაციის გამოც დასჭირდა. ხოლო როგორ ჟღერს "მელია" სვანურად, ამაზე ქარუმიძეს აღარ უფიქრია, მისთვის ისიც საკმარისი იყო, რომ ეს სიტყვა "ფოქსტროტთან" დაეკავშირებინა და ეჩვენებინა, როგორ ეჯახება ქართული მითოსი ამერიკულ ლაღ და პრაგმატულ ცნობიერებას",ხოლო, სტატიაში "განგაში: აი, ამას საქართველოს ელჩად ნიშნავენ", ფრაზა: "რიტუალიივანეჯავახიშვილსაქვსაღწერილი "ქართველთაწარმართობაში", მასძველხეთურღვთაებას - ტულიფინოსუკავშირებენ", ამოღებულია. წერილში "ხელები შორს სვანეთისა და სვანებისაგან" აღნიშნულია, რომ "კაცმა [ზურაბ ქარუმიძემ], რომელმაც საკუთარი მწერლობის ასპარეზი "საბას"პრიზისკენ "ფუი ლამარიათი" [ციტატა რომანიდან "მელია - ტულეფია: FOX-TROT"] გაიკვლია". მითითებული ფაქტიც არ შესაბამება სიმართლეს, ვინაიდან მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ლიტერატურული პრემია საბა მიიღო არა რომანისათვის "მელია- ტულეფია:FOX-TROT", არამედ, რომანისათვის "ჯაზის ცხოვრება".
საქართველოს ჟურნალისტური ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად: "ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით". საბჭოს აზრით სადავო სტატიები მიზანმიმართულია მწერალ ზურაბ ქარუმიძის დისკრიმინაციისაკენ, მიზნად ისახავს მის მიმართ სიძულვილის გაღრმავებას და ხელს უწყობს კუთხური შუღლის გაღვივებას. სტატია, "უშგული, სრულად საქართველო და "ასავალ - დასავალი" გმობენ", შეიცავს ეროვნული დისკრიმინაციის ნიშნებს, როცა სტატიის ავტორი განიხილავს ალბათობას, რომ მწერალი ზურაბ ქარუმიძეს გვარი აქვს გადაკეთებული და რეალურად შეიძლება ეთნიკური სომეხი იყოს. აღნიშნული გარემოების შესახებ მსჯელობა ყოველგვარ ფაქტობრივ საფუძველს არის მოკლებული, არავითარ კავშირში არ არის სტატიაში განსახილველ საკითხთან, მხოლოდ დისკრიმინაციის მიზანს ისახავს და აღვივებს ეროვნულ შუღლს.
სადავო სტატიები ასევე აღვივებს კუთხურ შუღლს, ვინაიდან ცდილობს პოზიციის კულტივირებას, რომ ზურაბ ქარუმიძის მიერ აღწერილი რიტუალი არის მისი ფანტაზიის ნაყოფი და ამით მწერალი მიზანმიმართულ შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს ერთ-ერთი კუთხის, სვანეთის მცხოვრებლებს. მაგალითად, სტატიის: "განგაში: აი, ამას საქართველოს ელჩად ნიშნავენ", ჰედლაინს წარმოადგენს შემდეგი ფრაზა "მწერლუკა ზურაბ ქარუმიძემ, რომელმაც სვანები პედერასტებად და თხის შარდის მსმელებად გამოაცხადა". სტატიის ავტორი არ აზუსტებს, რომ რომანში აღწერილი რიტუალი არა მწერლის ფანტაზიის ნაყოფი, არამედ ისტორიული ფაქტია, რომლის შესახებაც აღნიშნავს ივანე ჯავახიშვილი თავის წიგნში "ქართველი ერის ისტორია". თავად ჟურნალისტი ახდენს რომანის განმარტებას ისე, რომ მას შესძინოს სვანეთის რეგიონის მოსახლეობის შეურაცხმყოფელი დატვირთვა, გამოიწვიოს კუთხური შუღლი და გააღვივოს აგრესია. საბჭო ასევე აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის მცდელობამ აგრესიის გაღვივებისა, შედეგი გამოიღო, სტატია "განგაში: აი, ამას საქართველოს ელჩად ნიშნავენ", დაიბეჭდა გაზეთ "ასავალ - დასავალის"N 11 ნომერში, ხოლო N 12 ში რესპონდენტი აკაკი გასვიანი აცხადებს, - "მე, ალბათ ყველაზე მშვიდობიანი სვანი ვარ, მაგრამ, რაც "ასავალ დასავლში" წავიკითხე ამ ქარუმიძის ავადმყოფური ბოდვა, მას შემდეგ მუშტები მექავება". ცხადია, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ, რომელსაც საფუძვლად მიზანმიმართულად ედო შუღლის გაღვივება, შესაბამისი შედეგი წარმოშვა.
ქარტიის მე_11 პრინციპის პირველი ნაწილის თანახმად, "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: - ფაქტის განზრახ დამახინჯება". იმისათვის, რომ დადგინდეს ფაქტის განზრახ დამახინჯება, დამატებით უნდა დასტურდებოდეს, რომ ჟურნალისტმა იცოდა რეალური ფაქტობრივი გარემოება და განზრახ გაავრცელა არასწორი სახით. საბჭოს მიიჩნევს, რომ სახეზე იყო ქარტიის მე–11 პრინციპის დარღვევა, ვინაიდან ჟურნალისტმა დადასტურებულად იცოდა რომ:
- რომანის მიხედვით "რიტუალი" სიზმრის სახით ნახა პერსონაჟმა შაქრო კარმელმა, ხოლო სტატიის ავტორი უთითებს, რომ რიტუალი ცოცხალი სახით ნახეს უილიამ და მერიონ ვასერმანებმა.
- მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ლიტერატურული პრემია საბა მიიღო რომანისათვის "ჯაზის ცხოვრება", ერთ ერთ სტატიაში ["ხელები შორს სვანეთისა და სვანებისაგან"] მითითებულია, ზურაბ ქარუმიძემ, მწერლობის ასპარეზი "საბას" პრიზისკენ "ფუი ლამარიათი" [ციტატა რომანიდან "მელია - ტულეფია: FOX-TROT" გაიკვლია"].
სარეზოლუციონაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:
1. გიორგი გიგაურმა და ლაშა ნადარეიშვილმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე–7 პრინციპები, ასევე მე–11 პრინციპის პირველი ნაწილი.