გადაწყვეტილება საქმეზე – თეა თოფურია მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : თეა თოფურია;
მოპასუხე : მირიან ბოქოლიშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

გადაწყვეტილება N 6

 

2011 წლის  07 სექტემბერი

საქმეზე თეა თოფურია მირიან ბოქოლიშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე

საბჭოს წევრები: ხათუნა გოგაშვილი, ნინო ზურიაშვილი, გელა მთივლიშვილი, ეთერ თურაძე, ელისო ჩაფიძე, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: თეა თოფურია

წევრი: მირიან ბოქოლიშვილი

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით (დანართი N1) მომართა ქალბატონმა თეა თოფურიამ.  განცხადების თანახმად  ჟურნალისტ  მირიან ბოქოლიშვილის მიერ დარღვეული იქნა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ 1-ლი და  მე-7 პრინციპები.  პრინციპები დაირღვა გაზეთ „პრაიმ ტაიმში“ გამოქვეყნებული სტატიით სკანდალური  გადაცემის შემდეგ მაია ასათიანს სიკვდილით ემუქრებიან,  სტატიის ავტორი – მირიან ბოქოლიშვილი.

საბჭოს   შესაბამისმა წევრებმა  განცხადება დასაშვებად ცნეს.

საქმის განხილვას ესწრებოდა განმცხადებელი თეა თოფურია და მოპასუხე მირიან ბოქოლიშვილი.

სადავო სტატია (დანართი N 2) შეეხებოდა მოვლენებს, რომლებიც განვითარდა საქართველოს ერთ–ერთ მხარეში, კერძოდ ხევსურეთში. სტატიის მთავარ ხაზს წარმოადგენს ინფორმაციის გადმოცემა ბავშვებზე, რომლებიც შესაძლოა იყვნენ ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

განცმხადებლის აზრით, ქარტიის  პირველი პრინციპის  {ჟურნალსიტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია} დარღვევა გამოიხატა იმაში, რომ სტატიაში არ არის გადმოცემული მეორე მხარის პოზიცია, კერძოდ, იმ ოჯახის ან ოჯახის წარმომადგენლების, სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდა ბავშვთა იძულებით შრომას ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ქალბატონ თეა თოფურიას აზრით, ჟურნალისტმა არ იხმარა ყველა ღონე, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს, ჟურნალისტს ასევე შეეძლო თავი შეეკავებინა და მხოლოდ მას შემდეგ გამოექვეყნებინა სტატია, როცა მისთვის ცნობილი იქნებოდა მეორე მხარის შეფასება.

ქალბატონ თეა თოფურიას  პოზიცია, რომ დარღვეულ იქნა ქარტიის მე–7 პრინციპი                  {ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეამიტომ ყველაფერი უნდა იხმაროს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის  თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსულაური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეცედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის  საფუძველზე ან სხვა ნიშნით} ემყარება სტატიაში მოყვანილ ისეთ გამონათქვამებს, როგორიცაა „მონათმფლობელობაში მხილებული ხევსურების ნაწილმა  საგამოძიებო ორგანოს ჩვენება უკვე მისცა“, განმცხადებლის აზრით, „მონათმფლობელობა“, ასევე, წარმოადგენს პიროვნების შეურაცხმყოფელ ტერმინს.

სხდომის მიმდინარეობის პროცესში ქალბატონმა  თეამ თავის განცხადებას დაუმატა მოთხოვნა,  რომ საბჭოს, ასევე, ემსჯელა მირიან ბოქოლიშვილის მიერ ქარტიის მე-11 პრინციპის დარღვევის ფაქტზე. კერძოდ, სტატიის ავტორის მითითება, რომ სახეზე იყო ტრეფიკინგის შემთხვევევა, იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, თეა თოფურიას აზრით, წარმოადგენდა ფაქტის განზრახ დამახინჯებას.

მირიან ბოქოლიშვილის  მიერ წარმოდგენილი იქნა შეპასუხება (დანართი N 3). შეპასუხებაში  აღნიშნავს, რომ მის მიერ არ დასახელებულა იმ პირთა ვინაობა, რომლებიც არიან „ტრეფიკინში მხილებულნი“. ვინაიდან საქმე ჯერ კიდევ გამოძიებაში იყო, იგი მოერიდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. მირიან ბოქოლიშვილის აზრით, თუ ჟურნალისტი მიუთითებს დანაშაულის ადგილს (რეგიონს) ან ეჭვმიტანილთა წარმომავლობას, ეს ავტომატურად არ ნიშნავს კუთხურ დისკრიმინაციას“, რომ „ხევსურეთი სტატიაში ნახსენებია, მხოლოდ როგორც დანაშაულის ჩადენის ადგილი“.  მოპასუხე, ასევე, უთითებს, რომ იგი ცდილობდა მეორე მხარესთან დაკავშირებას, მაგრამ ვერ მოახერხა – სატელეფონო კავშირი  შეუძლებელი იყო, ხოლო გზები ჩაკეტილი. ბალანსისათვის მან ჩაწერა  გელა დაიაური, რომელიც მეორე მხარის ახლო ნათესავია.

როგორც განმცხადებელი, ისე მირიან ბოქოლიშვილი დამატებით გამოკითხულნი იქნენ საბჭოს სხდომაზე.

თეა თოფურიამ თავის განცხადებასთან დაკავშირებით საბჭოს დამატებით განუმარტა, რომ სასურველი იყო  სტატიაში შეცვლილიყო პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემები, მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში აღწერილი მოვლენა რამოდენიმე ხნით ადრე საჯაროდ გაშუქდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“ –ის მიერ, კერძოდ, გადაცემა „პროფილით“. განმცხადებლის აზრით, დასაშვებია, რომ პირთა გარკვეულმა წრემ პირველად სწორედ სტატიიდან შეიტყო ასეთი ფაქტის შესახებ.

სტატიის მთავარ ნაკლს წარმოადგენს, რომ ვერ ხერხდება საერთო სურათის შექმნა, თუ რა მოხდა სინამდვილეში, ვინაიდან სტატია არ შეიცავს მეორე მხარის პოზიციას, გელა დაიაური ვერ ჩაითვლება მეორე მხარედ, ვინაიდან  იგი თავის პოზიციას აფიქსირებს სტატიაში აღწერილ რამოდენიმე ფაქტთან დაკავშირებით და არ  ფლობს  სრულ ინფორმაციას ყველა გარემოებასთან მიმართებით. სრული სურათის შესაქმნელად, განმცხადებლის აზრით, ჟურნალისტს უნდა მოეპოვებინა დამატებითი ინფორმაცია ყველა შესაძლო წყაროდან, იქნებოდა ეს ადვოკატი, თუ ოჯახის წევრები, სადაც სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა იძულებით შრომას,  ან სხვა პირები.

მირიან ბოქოლიშვილმა კვლავ დაადასტურა თავისი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ  მის მიერ კონკრეტული პირების და სოფლის არ დასახელებით აცილებული იქნა დისკრიმინაცია და ვინმეს დადანაშაულება მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში. საბჭოს შეკითხვაზე – გამოიყენებდა თუ არა ბატონი მირიანი კრებით სახელს სხვა შემთხვევაში, მაგალითად, „მონათმფლობლობელობაში მხილებული თბილისელები“,  მან განცხადა, რომ თბილისელებთან დაკავშირებით ასეთ ტერმინს არ გამოიყენებდა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტიინფორმაცია“. საბჭო კიდევ ერთხელ განმარტავს, თუ რა მოიაზრება ამ პრინციპის ქვეშ.„პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს, რაც კი შედის მის შესაძლებლობაში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე. განსახილველ შემთხვევაში ზუსტი ინფორმაციის მისაღებად საჭირო იყო, რომ სტატიაში ასახულიყო მეორე მხარის პოზიცია, ასეთი პოზიციის მისაღებად კი – მეორე მხარესთან დაკავშირება. როგორც საქმის მასალებიდან და მხარეების გამოკითხვიდან დგინდება, ბატონმა მირიანმა არ გამოიჩინა სათანადო ძალისხმევა, რათა დაკავშირებოდა მეორე მხარეს, იგი დაეყრდნო რა, გელა დაიაურისგან მიღებულ ინფორმაციას, რომ გზები იყო ჩაკეტილი და  შეუძლებელი იყო სატელეფონო კავშირი, მიიღო იგი სარწმუნოდ და არ გადაუმოწმებია ამ ინფორმაციის ნამდვილობა, ანუ არ გამოიჩინა დამატებითი ძალისხმევა  არა თუ იმ მიზნით, რომ მოეძიებინა ინფორმაციის ალტერნატიული წყაროები, არამედ ისიც არ გადაამოწმა, მართლა შეუძლებელი იყო თუ არა მეორე მხარესთან დაკავშირება. რომც დავუშვათ, რომ იმ მომენტისათვის ობიექტურად  შეუძლებელი იყო დაკავშირება, იმისათვის, რომ უზრუნველყო საზოგადოების უფლება,  მიიღოს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, სტატიის  ავტორს შეეძლო დალოდებოდა იმ მომენტს, როდესაც შესაძლებელი იქნებოდა რაიმე სახით მეორე მხარესთან  დაკავშირება, მოესმინა და აესახა ამ მხარის პოზიცია და შემდგომ გამოექვეყნებინა სტატია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ასე  ნაჩქარევად და მეორე მხარის პოზიციის გაუთვალისწინებლად სტატიის  გამოქვეყნება მიზნად ისახავდა არა საზოგადოების სრულ ინფორმირებას, არამედ მხოლოდ  ეკლექტიკურ ნიადაგზე შეკრებილი სკანდალური ფრაზების/ფაქტების ტირაჟირებას.

საბჭო ვერ გაიზიარებს  მირიან ბოქოლიშვილის პოზიციას, რომ მან გელა დაიაურისგან ინტერვიუს ჩაწერით უზრუნველყო მეორე მხარის პოზიციის დაფიქსირება, ვინაიდან გელა დაიაუარი არის მხოლოდ იმ ოჯახის (სადაც შესაძლოა ადგილი ჰქონდა იძულებით შრომას) ნათესავი და იგი მხოლოდ გამოთქვამს თავის აზრს და შეფასებას ფაქტებთან დაკავშირებით. გელა დაიაური არ შეიძლება მიჩნეულ იქნას წყაროდ, რომელიც იდენტიფიცირებულია მოვლენასთან და ფაქტთან, შესაბამისად, ფაქტის სიზუსტისათვის არ იყო საკმარისი გელა დაიაურის კომენტარი.

საბჭომ ვერ მიიღო ბატონი მირიანისაგან კონკრეტული პასუხი, თუ საერთოდ რა წარმოადგენდა სტატიის მიზანს. ერთი შეხედვით იკვეთება, რომ ავტორი აქცენტს აკეთებს ტრეფიკინგის  ფაქტის არსებობაზე (ამ ტერმინის მრავალჯერადი გამეორებით, ბავშვების ტრეფიკინგის მსხვერპლად მოხსენიებაზე), სტატიიდან კი  არ დასტურდება  „ტრეფიკინგის“ ფაქტი, ასეთ ფაქტს უარყოფს თავად  დედა;  გელა დაიაურისთვის  კი ეს არა თუ ტრეფიკინგი, არამედ ჩვეულებრივი შრომაა.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე–7 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხეამიტომ ყველაფერი უნდა იხმაროს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის  თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსულაური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეცედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის  საფუძველზე ან სხვა ნიშნით. მოცემულ შემთხვევაში დისკრიმინაცია გამოიხატება  საერთო ნიშნით გაერთიანებულ პირთა სტიგმატიზაციაში. საერთო ნიშანს წარმოადგენს პირთა წარმომავლობა, დაკავშირებული საქართველოს ერთ  კონკრეტულ მხარესთან, განსახილველ შემთხვევაში – ხევსურეთთან. სტიგმატიზაცია ხდება სტატიის ზოგადი სულისკვეთებით და ისეთი ტერმინების გამოყენებით, როგორიცაა, მაგალითად, „მონათფლობელობაში მხილებული ხევსურების ნაწილმა“. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მსგავსი ქმედებები დამახასიათებელი და ჩვეულებრივი მოვლენაა  ხევსურებისათვის და  გავრცელებულია ხევსურეთში. საბჭო არ მიიჩნევს, რომ სტატიის ავტორი ახორციელებდა დიკსრიმინიციის განზრახ  წახალისებას. მისი პასუხი, რომ იგი მსგავსი შინაარსის წინადადებას არ გამოიყენებდა, თუ საუბარი შეეხებოდა თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ადასტურებს, რომ ის თავად არის სტიგმის ზეგავლენის ქვეშ და სტატიაში მსგავსი საერთო ხაზის გატარებით ხელი შეუწყო ასეთი სტიგმის გავრცელებას და დამკვიდრებას. სტიგმის გავრცელება მით უფრო ჩაითვლება  დისკრიმინაციად,  როცა სტიგმა დაკავშირებულია ანტისოციალურ მოვლენასთან, დანაშაულთან. შესაძლებელია ობიექტურ მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ხევსურეთი ეს არის ადგილი, სადაც მონათმფლობელობა და ტრეფიკინგი გავრცელებული მოვლენაა, ხოლო ყოველი  ხევსურისათვის  (ხევსურთა უმეტესობისათვის) ეს ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იკვეთება დისკრიმიანციის ნიშნები სადავო სტატიაში.

ქარტიის  მე-11 პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება. განმცხადებელ თეა თოფურიას აზრით, მირიან ბოქოლიშვილის მიერ ფაქტის განზრახ დამახინჯება გამოიხატება არა მის მიერ სტატიაში რომელიმე ფაქტის არასწორად გადმოცემით, არამედ იმით, რომ მან იხმარა ტერმინი „ტრეფიკინგი“.

საბჭოს მიაჩნია, რომ ტერმინ ტრეფიკინგის გამოყენება ვერ ჩაითვლება ფაქტის განზრახ დამახინჯებად, ვინაიდან „ტრეფიკინგი“ არ არის ფაქტი, არამედ ფაქტის სამართლებრივი კვალიფიკაციაა, რომლის მინიჭების უფლებამოსილება სასამართლოს  პრეროგატივაა.  განმცხადებელი არ უთითებს, რომ რომელიმე ფაქტი ბატონმა მირიანმა შეგნებულად არასწორად გადმოცა, არამედ მისი პრეტენზია დაკავშირებულია ტერმინ ტრეფიკინგთან, რასაც საბჭო არ მიჩნევს ფაქტის განზრახ დამახინჯებად, მირიან ბოქოლიშვილმა, როგორც ჟურნალისტმა, საკუთარი შეხედულებისამებრ  შეაფასა ეს ფაქტები და მიიჩნია ტრეფიკინგად, ასევე, ყურადსაღებია, რომ უზრუნველყო იმ პირთა საიდენტიფიკაციო მონაცემების დაცვა, რომლებიც, მისი აზრით, შესაძლებელია ტრეფიკინგში  იყვნენ მხილებულნი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ გადაწყვიტა:

  1. დადგენილად იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, მირიან ბოქოლიშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 1-ლი და მე-7  პრინციპების დარღვევა.
  2. დადგენილად არ იქნას მიჩნეული საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის  წევრის, მირიან ბოქოლიშვილის მიერ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-11  პრინციპის დარღვევა.
  3. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოქვეყნდეს ქარტიის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.

Related Articles

Articles Not Nound!