გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი მგალობლიშვილი გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გიორგი მგალობლიშვილი;
მოპასუხე : გიორგი ჩომახაშვილი;
დარღვეული პრინციპები : 11 პრინციპი;
გადაწყვეტილება საქმეზე N 169

02 ნოემბერი 2017 წელი

გიორგი მგალობლიშვილი გიორგი ჩომახაშვილის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, გერონტი ყალიჩავა, თაზო კუპრეიშვილი, მაია მეცხვარიშვილი.

განმცხადებელი: გიორგი მგალობლიშვილი

მოპასუხე: გიორგი ჩომახაშვილი

აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი მგალობლიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ რუსთავის საინფორმაციო პორტალმა - INFORUSTAVI, დაარღვია ქარტიის მე-4 და მე-11 პრინციპი [პლაგიატი]. განმცხადებელის აზრით დარღვევა გამოიწვია აღნიშნული მედია საშუალების მიერ წყაროს მითითების გარეშე იმ ვიდეო კადრების გამოყენებამ, რომელიც გადაღებული იყო ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის შენობაზე განთავსებული, გარე ჩართვებისათვის განკუთვნილი ვიდეო კამერით. მოპასუხე პირად განისაზღვრა გიორგი ჩომახაშვილი. საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე სხდომას არ დასწრებია და შეპასუხება წერილობითი სახით წარმოადგინა.

საქმის გამოკვლევის შედეგად დადგინდა, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მფლობელობაში არსებულმა ვიდეო კამერამ დააფიქსირა ავტოავარია, რომელიც მოხდა ქალაქ რუსთავში. ავარიის ამსახველი კადრები მაუწყებელმა განათავსა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
2. ავარიის ამსახველი კადრები გამოიყენა რუსთავის საინფორმაციო პორტალმა - INFORUSTAV-მა, კერძოდ:
  1. საკუთარ youtube არხზე განათავსა სიუჟეტი, რომელიც ეხებოდა ავარიას და სადაც გამოყენებული იყო ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანიის მიერ მოპოვებული და გავრცელებული კადრები, ამასთან, არ იყო მითითებული რომ ეს კადრები ეკუთვნოდა ტელე-რადიო კომპანიას.
  2. მოამზადა სტატია, რომელშიც მიუთითა ვიდეო კადრების პირველწყარო მედიასაშუალება.
3. განმცხადებელი სადავოდ ხდიდა youtube ზე განთავსებულ სიუჟეტს.

 სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის მეოთხე პრინციპის მიხედვით “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს” ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნულ შემთხვევაში არ დარღვეულა ქარტიის მე-4 პრინციპი. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მან ვიდეო კადრები თავად გახადა საჯარო, შესაბამისად, სამართლებრივად, ნებისმიერ პირს შეეძლო გამოეყენებინა ისინი.

გამოყენების წესთან დაკავშირებით საბჭო ეთიკური ჟურნალისტიკის მიზნებისათვის რეკომენდაციის სახით მიუთითებს, რომ სხვა პირის მიერ მოპოვებული ვიდეოს საკუთარ ვებსაიტზე გამოყენებისას სასურველია სტატიაში განთავსდეს ჩანართის სახით [ე.წ. embed code-ით]. სხვისი ვიდეოს ჩამოტვირთვა, სოციალურ ქსელში საკუთარ არხზე ან საკუთარ საიტზე ატვირთვა მიჩნეული უნდა იყოს მედიის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებად. ამგვარი ქმედებით ერთი მედიასაშუალება მეორეს ართმევს ვიდეოს ნახვების რაოდენობას, რაც პოტენციურად აისახება აღნიშნული მედიასაშუალების რეიტინგსა და შემოსავლებზე. თუ პირველწყაროს ვებპლატფორმაზე ატვირთულ ვიდეოს არ გააჩნია სხვა საიტზე კოდით ჩასმის ფუნქცია, ამ შემთხვევაში ეთიკურმა მედიამ უნდა უნდა გამოიყენოს იმ გვერდის ბმული, სადაც ვიდეო არის განთავსებული. საკუთარ პლატფორმაზე ვიდეო მხოლოდ ავტორისგან ნებართვის მიღების შემდეგ უნდა ატვირთოს და მას ცხადად უნდა მიუთითოს ავტორი და პირველადი წყარო.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი“. მეოთხე პრინციპის მიმართ მსჯელობისას საბჭომ მიუთითა, რომ მოპასუხეს ჰქონდა უფლება გამოეყენებინა სხვა მედიასაშუალების მიერ მოპოვებული ვიდეო კადრები, მაგრამ მას ეკისრებოდა ეთიკური ვალდებულება, რომ მიეთითებინა მასალის პირველწყარო. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, მოპასუხის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ვიდეო კადრების წყარო მითითებული იყო, შესაბამისად პლაგიატი არ დგინდება. რაც შეეხება youtube-ზე განთავსებულ ვიდეო სიუჟეტს, დადგენილი ფაქტია, რომ სადავო ვიდეო სიუჟეტში არ იყო მითითებული ვიდეო კადრების პირველწყარო და მაყურებელს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ კადრები თავად INFORUSTAVI-ს მიერ იყო მოპოვებული.

საბჭომ მიზანშეწონილად მიიჩნია ემსჯელა იმაზეც, რომ სადავო სიუჟეტის ქვემოთ მითითებული იყო შემდეგი ტექსტი „მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ–გვერდს: http://inforustavi.ge/“, იმის გათვალისწინებით, რომ თავად inforustavi.ge-ზე იყო სტატია ვიდეო კადრების პირველწყაროს მითითებით, ამით ხომ არ იყო უზრუნველყოფილი ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულება, რომ თავიდან აეცილებინა პლაგიატი. ამასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს, რომ ბმულ http://inforustavi.ge ზე მითითება არ იყო საკმარისი, ვინაიდან თუ INFORUSTAVI -ს youtube არხის გამომწერი [სულ 1900 ზე გამომწერი] ან სხვა ნებისმიერი პირი ძებნის შედეგად ნახავდა სადავო სიუჟეტს და შემდეგ გადავიდოდა მითითებულ ბმულზე, მას წვდომა ექნებოდა ზოგადად INFORUSTAVI -ს ვებსაიტზე და არა კონკრეტულ იმ სტატიაზე, რომელშიც მითითებულ იყო კადრების წყარო. ვებსაიტზე გადასულ მომხმარებელს კი არ შეიძლებოდა ლოგიკურად გასჩენოდა ვარაუდი, რომ ვიდეოს ავტორი სხვა პირი შეიძლება ყოფილიყო და საიტზე მოეძებნა დამატებითი სტატია, რომელშიც მითითებული იყო პირველწყარო. მხოლოდ სიუჟეტის ნახვის შემდეგ, თუნდაც მითითებული საიტის ბმულის გამოყენებით, ლოგიკურად არ იყო მოსალოდნელი, რომ მომხმარებელს დაედგინა ვიდეო კადრების პირველწყარო. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ დაირღვა ქარტიის მე-11 პრინციპი და დადგინდა პლაგიატი.

შენიშვნა: განმცხადების განხილვის შემდეგ მოპასუხის მიერ დარედაქტირდა სადავო სიუჟეტი და ის აღარ შეიცავს სადავო ვიდეო კადრებს. ქარტიის საბჭო მიესალმება მოპასუხის ამგვარ ქმედებას, როგორც ეთიკური ჟურნალისტიკის თანმდევი პასუხისმგებლობის გათვიცნობიერებას.

სარეზოლუციო ნაწილი: 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე: 1. გიორგი ჩომახაშვილმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი პლაგიატის ნაწილში. 2. გიორგი ჩომახაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.


საქმის მასალები

Related Articles

Articles Not Nound!