განმცხადებელი : განმცხადებელთა ჯგუფი;
მოპასუხე : გიორგი გვიმრაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 10 პრინციპი;
28 დეკემბერი, 2017 წელი
საქმეზე N 184
განმცხადებელთა ჯგუფი
გიორგი გვიმრაძის და ირინა დეკანოიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, თამუნა უჩიძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.
განმცხადებელი: ნინო ბექიშვილი, ნინო სადღობელაშვილი, თამთა მელაშვილი, ზაზა კოშკაძე, ხათუნა თავდგირიძე, დალილა გოგია, ზვიად კვარაცხელია, გვანცა ჯობავა, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, გიორგი შონია, ნესტან ნენე კვინიკაძე, ლაშა ბუღაძე, ლექსო დორეული, მაიკო კუდავა, გიორგი მაისურაძე, მაშო სამადაშვილი, რატი ამაღლობელი, ზაალ ანდრონიკაშვილი, ნინია მაჭარაშვილი, თინა მამულაშვილი, ხათუნა ცხადაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ლაშა ბაქრაძე.
მოპასუხე: გიორგი გვიმრაძე და ირინა დეკანოიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა განმცხადებელთა ჯგუფმა. ისინი მიიჩნევდნენ რომ 27 დეკემბერს, 18:00 საათზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ გასულ სიუჟეტში და ამავე დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ვიდეო მასალის განთავსებით დაირღვა ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპი. როგორც სიუჟეტი, ისე ვებგვერდზე განთავსებული მასალა, ეხებოდა მოქალაქე ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. „მოამბეში“ გასული სიუჟეტზე მოპასუხე პირად განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ხოლო ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალაზე - რედაქტორი ირინა დეკანოიძე.მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება წარმოუდგენიათ. განმცხადებლების სახელით სხდომას ნინო ბექიშვილი ესწრებოდა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად, „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სადავო მასალა 1 - „მოამბეში“ გასული სიუჟეტი
როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, სადავო სიუჟეტი ეხებოდა მოქალაქე ზვიად რატიანის დაკავების ფაქტთან დაკავშირებულ ამბებს. კერძოდ, გაშუქდა ზვიად რატიანის სასამართლო პროცესი და აჩვენეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული ვიდეო მასალა, რომელიც ნაწილობრივ ასახავდა ზვიად რატიანის დაკავებას. სიუჟეტიდან მაყურებელმა მიიღო შემდეგი ინფორმაცია:
- მოსამართლემ მტკიცებულებად დაურთო საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა.
- მოწმეებმა განმარტეს, რომ ზვიად რატიანი წინააღმდეგობას უწევდა სამართალდამცავებს.
- ზვიად რატიანის განცხადებით, მას სამართალდამცავებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
- ზვიად რატიანის ადვოკატი აპროტესტებდა საქმისთვის შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალის მტკიცებულებად დართვას.
- ზვიად რატიანის თქმით, მას რამდენიმე საათის განმავლობაში აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.
- “მოამბეში” გასულ მასალაში, ისევე როგორც სასამართლო პროცესზე, ზვიად რატიანის ადვოკატი აცხადებდა, რომ პოლიცია ვალდებული იყო ჰქონოდა რატიანის შეჩერება-დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი. საბჭოს მოკვლეული მასალებით დგინდება, რომ შსს-ს განცხადებით რატიანი შეაჩერეს საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, პოლიციის შესახებ კანონით (24-ე მუხლის მე-5 პუნქტი) და შს მინისტრის 2017 წლის 21 დეკემბრის # MIA 3 17 00000604 ბრძანებით, საპოლიციო კონტროლში მონაწილე პოლიციელი ვალდებული იყო ჩართული ვიდეო კამერით განეხორციელებინა ყველა ქმედება. აქედან გამომდინარე კანონის დაცვით თუ მოქმედებდა პოლიცია, უნდა არსებობდეს რატიანის შეჩერება-დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი, რომლის გასაჯაროებასაც რატიანის მხარე თავიდანვე ითხოვდა. თუმცა, შსს-ს არც სასამართლოზე და არც საჯაროდ ასეთი ჩანაწერი არ წარმოუდგენია. მიუხედავად იმისა, რომ ეს საინტერესო, მნიშვნელოვანი დეტალი პროცესზეც ითქვა და „მოამბის“ მასალაშიც ახსენა რატიანის ადვოკატმა, მაუწყებლის ჟურნალისტს ამ ფაქტის გადამოწმება და შედეგების მაყურებლამდე მიტანა არ უცდია. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა იყო ნებისმიერი კვალიფიციური იურისტისთვის დაესვათ ერთი შეკითხვა, კანონით ვალდებული იყო თუ არა პოლიცია საპოლიციო კონტროლისას რატიანის დაკავების სრული ვიდეო ჩაწერა ეწარმოებინა და მისი კომენტარი მიეწოდებინა მაყურებლისთვის. უფრო მეტი სიზუსტისთვის შსს-სთვის დაესვათ შეკითხვა (ჰქონოდათ მცდელობა მაინც), კანონით აუცილებელი დაკავების სრული ვიდეო ჩანაწერი გააჩნდა თუ არა სამინისტროს. ამ კითხვებზე პასუხით საზოგადოება მიიღებდა გაცილებით ზუსტ ინფორმაციას.
- სასამართლო პროცესზე რატიანის ადვოკატის მიერ წარდგენილ იქნა სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაცემული დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდებოდა ზვიად რატიანის სხეულზე დაზიანებების არსებობა, რაც სავარაუდოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან ყოფნისას მიიღო რატიანმა. ამის შესახებ სიუჟეტში არ თქმულა.
- სიზუსტის უზრუნველყოფისთვის აუცილებელი იყო "მოამბის" ჟურნალისტს საზოგადოებისთვის ეცნობებინა, რომ სასამართლოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით რატიანი პოლიციელების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა რამდენიმე საათის (დაახლოებით 3 საათის) განმავლობაში. სასამართლოზე შსს-ს მიერ წარდგენილი ვიდეო მასალა რამდენიმე წუთს გრძელდებოდა, იყო ფრაგმენტული, დამონტაჟებული და არ ასახავდა პოლიციელების განკარგულებაში ყოფნის სრულ დროს და სურათს. ამ დამატებითი ფაქტების მაყურებელისთვის მიწოდებით შესაძლებელი იქნებოდა სრული კონტექსტით ჩვენება, რომ ჩანაწერი იყო ერთი დაინტერესებული მხარის მიერ გადაღებულ-დამონტაჟებული და არ ასახავდა სრულ სურათს. გავრცელებული ვიდეომასალიდან, რომელიც მხოლოდ მოქალაქე რატიანის აგრესიულ ქმედებებს და პოლიციელთა "სანიმუშო" ქცევებს ასახავდა, რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აგრესიული მოქალაქე პოლიციელებს შეურაცხყოფას უმიზეზოდ აყენებს, თუმცა რატიანის საუბრის ფრაგმენტები მიანიშნებს, რომ მისი აგრესია პოლიციელების ქმედებებმა გამოიწვია, ეს სავარაუდო ქმედებები კი შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეომასალაში არ ჩანს.
- მიუხედავად ზემოაღნიშნული საეჭვო გარემოებებისა, ჟურნალისტი პროცესის რამდენიმე მონაწილის და ზვიად რატიანის ადვოკატის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. ჟურნალისტი ადვოკატზე დაყრდნობით ამბობს, რომ ჩანაწერი არ იყო უწყვეტი და არ უნდა დართოდა საქმეს მტკიცებულებად. ეს კი არ არის საკმარისი. ჟურნალისტი, რომელიც სასამართლოს დარბაზიდან რეპორტაჟს გვთავაზობს, თავად უნდა აღწერდეს, მაქსიმალურად ზუსტად და მიუკერძოებლად ფაქტებს. კერძოდ, თუ ჟურნალისტმა პროცესზე მოისმინა, დარწმუნდა, რომ პოლიციაში რამდენიმე საათის განმავლობაში ყოფნის მხოლოდ რამდენიმე წუთის მასალა წარადგინა შსს-მ, უნდა ეთქვა მაყურებლისთვის. ასევე, ჟურნალისტს კრიტიკული კითხვები უნდა დაესვა სამინისტროს წარმომადგენლისთვის, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა. თუ შსს-ს წარმომადგენელმა კომენტარზე უარი თქვა, ესეც უნდა ეცნობებინა მაყურებლისთვის.
- კითხვები, რომლებიც მასალაში არ დასვა ჟურნალისტმა: 1. რატომ არ იყო ვიდეო სამხრე კამერით გადაღებული? 2. რამდენად კანონიერია პოლიციის მხრიდან ტელეფონით ასეთი ფაქტის ფრაგმენტულად გადაღება? 3. არსებობდა თუ არა რატიანსა და პოლიციას შორის მომხდარი ინციდენტის სრული ჩანაწერი? 4. იყო თუ არა სასამართლოში წარმოდგენილი ვიდეომასალა დამონტაჟებული, ფრაგმენტული? 5. მართლაც ჰქონდა თუ არა დაზიანებები რატიანს, როგორც ეს სასამართლოზე დაცვის მხარემ განაცხადა და ჩაუტარდა თუ არა მას სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა? 6. არსებობდა თუ არა იმის რაიმე მტკიცებულება, რომ ინციდენტი რატიანმა დაიწყო და არა პოლიციელებმა და ა.შ. ამ და სხვა კითხვების დასმის შემთხვევაში, ჟურნალისტს შეეძლო საზოგადოებისთვის უფრო ზუსტი და დაბალანსებული ამბავი მიეწოდებინა.
სიზუსტის და საზოგადოების პატივისცემის კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორ აშუქებს საზოგადოებრივი მაუწყებელი საზოგადოების მაღალი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესს. ამ პასუხისმგებლობას ზრდის ის ფაქტი, რომ საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 131 მუხლით, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს სასამართლო სხდომების გადაღების ექსკლუზიური უფლება. სხვა მაუწყებლებს ეს უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევათ, თუ საზოგადოებრივი მაუწყებელი უარს იტყვის. რატიანის პროცესსაც კანონით მხოლოდ პირველი არხის კამერა ესწრებოდა და მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესის ობიექტურად, მიუკერძოებლად აღწერა და საზოგადოებისთვის მიწოდება.
მითითებული მსჯელობიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ მოვლენის შესახებ ფაქტების ნაწილობრივ გავრცელებით მაუწყებელმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას მიეღო სრული და ამომწურავი ინფორმაცია. მაყურებელს არ მიეწოდა ყველა იმ გარემოების შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეცვლიდა ან/და სრულყოფდა მის აღქმას და წარმოდგენას ზვიად რატიანის დაკავებასთან დაკავშირებით, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
სადავო მასალა 2 - საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ვიდეო
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსდა ვიდეომასალა, რომელიც აღწერს თუ როგორ აყენებს შეურაცხყოფას ზვიად რატიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. აღნიშნულ მასალას ტექსტის სახით თან ახლავს შემდეგი ინფორმაცია: „პირველი არხი გთავაზობთ იმ ვიდეომასალას, რომელიც ზვიად რატიანის საქმეზე შსს-მ დღევანდელ სასამართლო პროცესზე წარადგინა და სასამართლომ მტკიცებულებად მიიღო“. „ადვოკატი [იგულისხმება ზვიად რატიანი ადვოკატი] საქმეზე ამ ვიდეოს მტკიცებულებად დართვაზე პროტესტს გამოთქვამდა“, „როგორც ადვოკატი აცხადებს, მისთვის გაუგებარია, რითია გადაღებული ეს ვიდეოები“.
წინამდებარე შემთხვევაში ასევე პრობლემურია ის გარემოებები, რომლებიც ზემოთ უკვე აღინიშნა „მოამბეში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, კერძოდ ამ შემთხვევაშიც ზვიად რატიანის დაკავების შესახებ საზოგადოებას სრულად არ მიაწოდეს ფაქტები და ვიდეომასალის ნახვის შემდეგ აუდიტორიამ არაზუსტი ინფორმაცია მიიღო.
აღნიშნული ვიდეო ისე განთავსდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე, არ ახლდა ზემოხსენებული განმარტებები: რა ტექნიკური საშუალებით და რამდენად კანონიერად გადაიღეს პოლიციელებმა ვიდეო. არ თქმულა, რომ მასალა იყო დამონტაჟებული, ფრაგმენტული და სრულად არ ასახავდა პოლიციასთან რატიანის კონფლიქტს. არ აღნიშნულა, რომ ეს რამდენიმე წუთიანი ვიდეო ბევრ კითხვას აჩენს, როცა რატიანი პოლიციაში რამდენიმე საათი ჰყავდათ, ვიდეოს დასაწყისში ან/და დასასრულს არ იყო რატიანის ან/და მისი წარმომადგენლის კომენტარი ამ ვიდეოსთან დაკავშირებით. ვიდეოში ან/და ტექსტში არ ყოფილა მითითებული თუ რა პოზიცია ჰქონდა ამ ვიდეოსთან დაკავშირებით რატიანის მხარეს. მართალია, მისი ადვოკატის პოზიცია პირველი არხის სხვა მედია პროდუქტში იყო ასახული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი სიზუსტის უზრუნველსაყოფად, მით უფრო, როცა ეს ვიდეო სწრაფად გავრცელდა და სოციალურ ქსელში, საძიებო სისტემებში როგორც ცალკე მედია პროდუქტი იძებნებოდა. ამ მასალას თან არ ერთვოდა სხვა დროს ამავე ვებსაიტზე გამოქვეყნებული რატიანის მხარის განმარტებების ამსახველი მასალა, შესაბამისად სპეციალური ძებნის გარეშე სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის პოზიციის გაცნობა შეუძლებელი იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირმა აღნიშნული ვიდეომასალის ამ ფორმით გავრცელებით ვერ უზრუნველყო საზოგადოებამდე მაქსიმალურად დაზუსტებული ინფორმაციის მიტანა და დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-10 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი”. ვიდეო მასალა, სადაც ჩანს თუ როგორ აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ზვიად რატიანი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ცალსახად მისი პირადი ცხოვრების ამსახველია. საბჭო სადავოდ არ ხდის, რომ „რატიანის საქმე“ არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, ამ ვიდეომასალაში ასახული ინფორმაციის მიმართ არსებობდა თუ არა განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც გაამართლებდა მის გასაჯაროებას. სადავო ვიდეომასალა დაკავშირებული იყო სავარაუდო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა, შესაბამისად თავად დაკავების მიმართ, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ინტერესი არსებობდა, მაგრამ წინამდებარე შემთხვევაში შესაფასებელია, იყო თუ არა საზოგადოებრივი ინტერესი უშუალოდ იმ დამონტაჟებული ვიდეომასალის მიმართ, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოაქვეყნა.
საზოგადოებრივი ინტერესი შეფასების საგანია. „ინტერესი“ არ ნიშნავს რომელიმე პირის სუბიექტურ სურვილს, რომ იხილოს სხვა პირის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა, არამედ ობიექტურად უნდა დადგინდეს რამდენად იყო საზოგადოებისათვის აუცილებელი ვიდეო მასალის ნახვა, რათა მიეღო ისეთი დამატებითი ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას ზვიად რატიანის დაკავების ფაქტზე სრულ სურათს შეუქმნიდა. საზოგადოებაში იმ მომენტისთვის (დღესაც) არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვები: ვინ დაიწყო კონფლიქტი? გადაამეტა თუ არა პოლიციამ უფლებამოსილებას? როგორ ექცეოდნენ რატიანს პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში? ხომ არ იძალადეს პოლიციელებმა? და ა.შ. გავრცელებული ვიდეოდან ეს და სხვა მნიშვნელოვანი კითხვები პასუხგაუცემელი დარჩა. საზოგადოებამ მხოლოდ ის გაიგო, რომ “მთვრალი რატიანი პოლიციას აგინებდა”. ეს ინფორმაცია თავად ზვიად რატიანმა არაერთხელ საჯაროდ თქვა. მათ შორის სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ იგი იყო ნასვამი და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს. ამ განცხადების დამადასტურებელი არაერთი ბმული იძებნება ინტერნეტში. შესაბამისად, ვიდეო მასალის გასაჯაროებით საზოგადოებას საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ახალი ინფორმაცია არ მიუღია გარდა იმისა, რაზეც თავად რატიანი მიუთითებდა და ისედაც დადასტურებული ფაქტი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე საზოგადოების ემოციებზე ზემოქმედებისა და შსს-ს რეპუტაციის გაკეთილშობილების გარდა, ვიდეო მასალის გავრცელებას არ გააჩნდა არავითარი ობიექტური მიზანი ან და საფუძველი.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვიდეო მასალის იმ ნაწილის გასაჯაროება, რომლის ნახვის შემდეგ რჩება შთაბეჭდილება, რომ ზვიად რატიანი ასევე შეურაცხმყოფელ ტერმინს იყენებს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართ. საქართველოში, სადაც პატრიარქის პიროვნების მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილის განსაკუთრებული პატივისცემა არსებობს, მსგავსი მასალის გამოქვეყნება პირდაპირი და რეალური საფრთხის შემცველია - ზვიად რატიანი შეიძლება გახდეს ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ამის დასადასტურებლად საკმარისია ის მუქარის შემცველი კომენტარები, რომელიც ვიდეო მასალას სოციალურ ქსელებში მოჰყვა. მედიის მხრიდან ამ მასალის გავრცელება სრულიად უპასუხისმგებლო საქციელია, მეტიც, პროვოცირებას უწევს ძალადობას. ამასთან, ზვიად რატიანის პიროვნული და მიზანმიმართული დისკრედიტაციის გარდა სხვა არავითარ ღირებულ ინფორმაციას არ შეიცავს.
საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რატიანის საქმის მაგალითზე გასცეს ზოგადი რეკომენდაცია პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის გასაჯაროვების შესახებ.
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი ფართო ცნებაა და არ გააჩნია ზუსტი განმარტება. თუმცა, პირად ცხოვრებაში ცალსახად შედის ის მომენტები, რაც ზვიად რატიანის ვიდეო ჩანაწერში ჩანს. მაგალითად, პირადი რეპუტაციის დამაზიანებელი მასალების ჩვენება, ამ შემთხვევაში ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ რატიანის არაფხიზელ, როგორც თავად სასამართლოში აღნიშნა, მისთვის მიუღებელ სიტუაციაში ჩვენება. ასევე ვიდეოში ისმის ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის (კონკრეტული სამედიცინო ჩვენების) შესახებ. რაც ასევე მკაცრად დაცული პირადი ინფორმაციაა, აღარაფერს ვამბობთ ყველაზე პოპულარული ინსტიტუტის, საქართველოს პატრიარქის სავარაუდო შეურაცხყოფის ტირაჟირებაზე.
საერთაშორისო პრაქტიკა ასეთ შემთხვევაში აუცილებლად მიიჩნევს, ჟურნალისტებმა კარგად გაიაზრონ ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელსაც მსგავსი მასალების გასაჯაროება ემსახურება, ჟურნალისტები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვიდეოს გავრცელება საზოგადოებისთვის მეტ სიკეთეს მოიტანს და ამიტომაც ღირს კონკრეტული ინდივიდისთვის ზიანის მიყენება.
ორი დათქმა შეიძლება არსებობდეს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების დროს - 1. პირის თანხმობა მის გამოქვეყნებაზე. 2. დეტალური დასაბუთება, თუ რატომ ხდება პირადი ინფორმაციის გასაჯაროება. რატიანის შემთხვევაში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ვერც ერთი ეს მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა. არ ჩანდა, ზემოთქმულიდან რომელიმე დათქმის გათვალისწინების მცდელობაც.
თუ მედია მაინც გადაწყვეტს ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროებას, საერთაშორისო პრაქტიკა რამდენიმე ტესტს აწესებს - პირადი ცხოვრების გასაჯაროება უნდა ემსახურებოდეს საჯარო სახსრების არასათანადოდ გამოყენებას, თანამდებობის პირების მხილებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებს, საარსებო გარემოს შესახებ ინფორმაციას, ეროვნული უსაფრთხოების დაცვას, მნიშვნელოვანი დანაშაულის სააშკარაოზე გამოტანას და ა.შ. თუმცა, შეუძლებელია ეს ჩამონათვალი ამომწურავი იყოს და მედიამ ყველა შემთხვევაში ინდივიდუალურად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ზემოაღნიშნული ჩამონათვლიდან რატიანის ვიდეოს ჩვენება შეიძლება მხოლოდ ბოლო ტესტს, დანაშაულის მხილებას მივუსადაგოთ, მაგრამ გაგვიჭირდება იმ არგუმენტების მოძიება, თუ რატომ იყო აუცილებელი ამ ვიდეოს გამოქვეყნება რატიანის „დანაშულში“ მხილებისთვის მაშინ, როცა მის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაული არ განეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას, მისი საქმე ადმინისტრაციული წესით იხილება და საბოლოო დადასტურების შემთხვევაშიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი არ არის. თანაც იმ ფონზე, როცა ვიდეოს გამოქვეყნებამდე რატიანს უკვე „აღიარებული“ ჰქონდა, რომ პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შესაბამისად მისი ამსახველი კადრების გამოქვეყნება საზოგადოებისითვის მნიშვნელოვანი დანაშულის მხილებას არ ემსახურებოდა.
საბჭოს ზოგადი რეკომენდაციაა, რომ მედიასაშუალებებმა ყველა მსგავსი შემთხვევისას ინდივიდუალურად განიხილონ გამოქვეყნების მაპროვოცირებელი და ხელშემშლელი გარემოებები, დეტალურად გაიაზრონ გამოქვეყნებით დაკმაყოფილებული საჯარო ინტერესი გადაწონის თუ არა პირისთვის მიყენებულ ზიანს. საბჭო მიიჩნევს, რომ მედიასაშუალებებმა ყველა ასეთი შემთხვევის დროს საჯაროდ უნდა ახსნან, აუდიტორიას შეატყობინონ დასაბუთება, რატომ გადაწყვიტეს პირადი ცხოვრების შესახებ მოპოვებული ინფორმაციის გასაჯაროება. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭოს აზრით განსახილველ შემთხვევაში დარღვეულია ქარტიის მე-10 პრინციპიც.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გიორგი გვიმრაძემ და ირინა დეკანოიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-10 პრინციპები.