განმცხადებელი : თინათინ შარაშენიძე;
მოპასუხე : გვანცა გიორგობიანი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
22 დეკემბერი, 2017 წელი
საქმეზე N 168
თინათინ შარაშენიძე გვანცა
გიორგობიანის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: თამუნა უჩიძე, ჯაბა ანანიძე, თაზო კუპრეიშვილი, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.
განმცხადებელი: თინათინ შარაშენიძე
მოპასუხე: გვანცა გიორგობიანი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თინათინ შარაშენიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ვებსაიტზე for.ge, გვანცა გიორგობიანის ავტორობით გამოქვეყნებულ სტატიაში „ვინ არის კოსტანტინე შარაშენიძე და რა თანხების გაფლანგვას ედავება მას კონტროლის პალატა?“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე- 2 , მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატია ეხებოდა კონსტანტინე შარაშენიძის საქმიანობას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის დროს. განცხადების განხილვას არ დასწრებია არც განმცხადებელი და არც მოპასუხე ჟურნალისტი, გვანცა გიორგობიანს არ წარმოუდგენია საპასუხო პოზიცია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სტატია შეიცავს რამდენიმე ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც, სტატიის თანახმად, ჟურნალისტმა მოიპოვა სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან [ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში]. აუდიტი ჩატარდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაფასებლად, შეფასების პერიოდი ნაწილობრივ მოიცავდა კონსტანტინე შარაშენიძის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ყოფნის დროსაც.
1. არასწორი ინფორმაციის გავრცელება:
1.1. სტატიაში მითითებულია, რომ „ბიუჯეტის ფულით კოტე შარაშენიძემ 145 000 ლარიანი გრეიდერი იყიდა, რომელიც შპს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა და მანამდე საბაზრო ღირებულებით მიღებულ მომსახურებაზე ბიუჯეტიდან უფრო ძვირად აძლევდა შეკვეთებს ბიუჯეტითვე ნაყიდ გრეიდერს“. აღნიშნულის საპირისპიროდ აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ: „შპს „ტექნოსერვისი“, როგორც მეწარმე იურიდიული პირი, მუნიციპალიტეტს მომსახურებას უწევს ასევე საბაზრო ღირებულებით“. ანუ არასწორი ინფორმაციაა, რომ მომსახურება ხორციელდებოდა საბაზრო ღირებულებაზე უფრო ძვირად.
1.2. სტატიის თანახმად „30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია – ჯამურმა ულუფამ გამგებლის ჯიბეში 35 000 ლარი შეადგინა“. პირველ რიგში არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რომ ფასებს შორის სხვაობით სარგებელი მიიღო კონსტანტინე შარაშენიძემ, ასევე ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ღორღის შესყიდვას, გაფორმებული იყო 2012 წლის აგვისტოს თვეში, როცა კონსტანტინე შარაშენიძე გამგებლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2013 წლის მეორე ნახევარში .
1.3. სტატიაში, აუდიტის დასკვნაზე დაყრდნობით სხვა დარღვევებზეც არის საუბარი. ყველა დარღვევა უაპელაციოდ არის დაკავშირებული კონსტანტინე შარაშენიძესთან მაშინ, როცა, როგორც 1.3 პუნქტში აღინიშნა, ის გამგებლის მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2013 წლის მეორე ნახევარში, დარღვევათა ნაწილი კი ეხება მისი გამგებლად არჩევის დრომდე პერიოდს.
1.4. სტატიაში მტკიცებით ფორმაში მითითებულია, რომ „კოტე შარაშენიძე სახლში მიეჭრა „ოცნების“ აქტივისტს ნესტორ რამიშვილს და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. შემდეგ ეს არ აკმარა და ესროლა კიდეც. ამ ამბავზე სისხლის სამართლის პასუხიმგებლობამდე საქმე არ მისულა. რამიშვილმა არ გაასაჩივრაო, ამბობენ“. არ არის წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, რომელიც საფუძველს მისცემდა ჟურნალისტს მტკიცებით ფორმაში მიეთითებინა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც თავისი შინაარსით ძალიან მძიმე ბრალდებებს შეიცავს და მტკიცებულებების გარეშე მისი გავრცელება ჟურნალისტური პროდუქტის სახით, წარმოადგენს ჟურნალისტის ეთიკური ვალდებულებების დარღვევას.
ქარტიის მეორე პრინციპის თანახმად: “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”. განმცხადებელი აპელირებდა, რომ მოხდა ჟურნალისტის იძულება რომ მას დაეწერა კონსტანტინე შარაშენიძის წინააღმდეგ სტატია, რომლითაც მოხდებოდა მისი დისკრიმინაცია. განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები და ვერ მიუთითა შესაბამის გარემოებებზე, შესაბამისად ქარტიის მე-2 პრინცის დარღვევა არ დადგინდა.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ „ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. სტატიის თანახმად „ბიუჯეტის ფულით კოტე შარაშენიძემ 145 000 ლარიანი გრეიდერი იყიდა, რომელიც შპს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა“ აღნიშნული წინადადებიდან მკითხველს სრულიად საფუძვლიანად გაუჩნდებოდა ვარაუდი რომ კონსტანტინე შარაშენიძემ სახელმწიფოს ფულით იყიდა ქონება და იგი გადასცა უსასყიდლოდ კერძო კომპანიას. აუდიტის დასკვნაში [რომელსაც დაეყრდნო ჟურნალისტი] ცალსახად იყო მითითებული, რომ შპს „ტექნოსერვისი“ მუნიციპალიტეტის მფლობელობაში [100 % წილი] არსებული კომპანიაა. იმისათვის, რომ მკითხველს არ დარჩენოდა შთაბეჭდილება, თითქოს კერძო კომპანია იღებდა სარგებელს სახელმწიფოსგან, მნიშვნელოვანი იყო ჟურნალისტს აღენიშნა, რომ „ტექნოსერვისი“ მუნიციპალიტეტის კომპანიაა. ამ გარემოების გამოტოვებით დაირღვა ქარტიის მე-3 პრინციპი მიჩქმალვის ნაწილში.
ქარტიის მე-5 პრინციპი: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. მოპასუხე მედია საშუალების რედაქტორმა დაადასტურა, რომ რომ კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი დაუკავშირდა მედია გამოცემას და მიუთითა არასწორ ინფორმაციაზე, მიუხედავად ამისა, სტატია არ შესწორებულა და შეიცავს არასწორ ინფორმაციას, შესაბისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა ავტომატურად არ ნიშნავს რომ დარღვეულია მე-11 პრინციპიც „განზრახ დამახინჯება“, თავად პრინციპში მითითებულია, რომ ეს არის უმძიმესი პროფესიული პროფესიული დანაშაული და მისი დადგენისათვის საჭიროა პირველი პრინციპის დარღვევასთან ერთად არსებობდეს სხვა გარემოებები, რომელიც საფუძვლინად დაარწმუნებს საბჭოს, რომ ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. საბჭო მიიჩნევს, რომ ქვემოთ მითითებული გარემოებების ერთობლიობით გამომდინარეობს რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტი განზრახ დამახინჯდა:
- ჟურნალისტი დარღვევებზე მიუთითებს აუდიტის დასკვნიდან გამომდინარე, რითაც დასტურდება, რომ იგი გაცნობილია აუდიტის დასკვნას. მიუხედევად ამისა თავად აუდიტის დასკვნაში მითითებულ ინფორმაციას ავრცელებს არასწორად [მაგ. ე.წ „გრეიდერის“ საქმე], კონსტანტინე შარაშენიძეს მიაწერს იმ პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს, როცა იგი გამგებელი არ იყო და ა.შ. ანუ ჟურნალისტი მიზანმიმართულად ცდილობს, რომ არასწორი ფაქტების გავრცელებით [რომელიც იცის, რომ არასწორია] საზოგადოებას შეუქმნას ნეგატიური წარმოდგენა კონსტანტინე შარაშენიძეზე.
- სტატიაში გამოყენებული დამცინავი/ირონიული სიტყვები და შეფასებები, ცალსახად ხაზს უსვამს თავად ჟურნალისტის ნეგატიურ დამოკიდებულებას კონსტანტინე შარაშენიძის მიმართ. მაგ: „ოცნება აუხდა შარაშენიძეს. აუხდა იმიტომ, რომ მისი კალამი ადგილობრივი ბიუჯეტის ჩეხვის ბასრ იარაღად იქცა“ „ჭრიდა და კერავდა ისე, როგორც მოისურვებდა“ „გაფეოდალებული გამგებელი“ „პოლიტიკურ ძაბრში შარაშენიძე საკმაოდ უცნაურად გაძვრა“.
- კონსტანტინე შარაშენიძე მონაწილეობდა 2017 წლის ოქტომბერში გამართულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. არასწორი ინფორმაციების შემცველი სტატია სწორედ წინაასაარჩევნო პერიოდში გამოქვეყნდა, რაც დიდი ალბათობით კანდიდატის წინაასარჩევნო იმიჯზე უარყოფით გავლენას მოახდენდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- გვანცა გიორგობიანმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.
- გვანცა გიორგობიანს არ დაურღვევია ქარტიის მე-2 პრინციპი.