08 იანვარი 2018 წელი
საქმეზე N 183
თორნიკე პეტრემღვდლიშვილი
სოფო ბერიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლია ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, მაია მერკვილაძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: თორნიკე პეტრემღვდლიშვილი
მოპასუხე: სოფო ბერიძე
აღწერილობითი ნაწილისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა თორნიკე პეტრემღვდლიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 25 დეკემბერს, ტელეკომპანია იმედის 17:00 საათიან გადაცემა „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტი - სიუჟეტის ავტორი სოფო ბერიძე. სადავო სიუჟეტი ეხებოდა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათალიკოს პატრიარქის აღსაყდრების საზეიმო წირვას. მოპასუხე ჟურნალისტმა უარი განაცხადა საბჭოსთან თანამშრომლობაზე.
საქმის განხილვის თავისებურება:
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სიუჟეტში, კერძოდ 17: 32:36 წუთზე, სოფო ბერიძე აღნიშნავს, რომ „დღევანდელ საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოველში ესწრებოდა მღვდელმთავრების უმრავლესობა, თუმცა აქ არ იმყოფებოდნენ მაგალითად მეუფე იაკობი, მეუფე პეტრე და მათ შორის არც პატრიარქის ძმისშვილი მეუფე დიმიტრი“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას. კერძოდ, განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მეუფე დიმიტრი საზეიმო წირვას ესწრებოდა. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა ნაწყვეტი საზეიმო წირვის ვიდეო ჩანაწერიდან, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში გადასცა. ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ სვეტიცხოველში საზეიმო წირვას ნამდვილად ესწრებოდა მეუფე დიმიტრი. ცალსახაა, რომ სოფო ბერიძემ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. აქვე აღსანიშნავია, რომ კონკრეტული მეუფეების წირვაზე არ დასწრების საკითხს თავად მედიასაშუალებამ მიანიჭა მნიშვნელობა, როდესაც სიუჟეტის წარდგენისას წამყვანმა აღნიშნა: „თუმცა საინტერესოა, რომ ლიტურგიას არ ესწრებოდა მღვდელმთავრების ერთი ნაწილი“. შემდეგ ჩართვაში თავად ჟურნალისტმაც გაუსვა ხაზი ამ ფაქტს. სწორედ ამიტომ იყო მნიშვნელოვანი ჟურნალისტს სწორი ინფორმაცია გაევრცელებინა მღვდელმთავრების ნაწილის წირვაზე არ დასწრების შესახებ.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად: „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“ განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ ის ფეისბუქის მეშვეობით დაუკავშირდა მოპასუხე ჟურნალისტს და მიუთითა, რომ მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მტკიცებულებიდან არ დასტურდება, რომ სოფო ბერიძე გაეცნო აღნიშნულ მითითებას, შესაბამისად მე-5 პრინციპის დარღვევა არ დგინდება.
სარეზოლუციო ნაწილიყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. სოფო ბერიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
2. სოფო ბერიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 პრინციპი.