დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : სოც მუშაკთა ასოციაცია;
მოპასუხე : თამთა დოლენჯაშვილი;
04 თებერვალი 2018 წელი
საქმეზე N 186
საქართველოს სოციალურ
მუშაკთა ასოციაცია თამთა დოლენჯაშვილის და თამარ ბაღაშვილის
წინაღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლია ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, მაია მერკვილაძე, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
მოპასუხე: თამთა დოლენჯაშვილი და თამარ ბაღაშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2018 წლის 14 იანვარს ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” საინფორმაციო გამოშვება "კურიერის" სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა კონკრეტული მოქალაქის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას.
საქმის განხილვის თავისებურება:
გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენების საშუალებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ, ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. განმცხადებელი აპელირებდა, რომ სიუჟეტში ჟურნალისტმა საზოგადოებას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რაც გაიმეორა წამყვანმაც. კერძოდ, როდესაც საუბარი შეეხებოდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოქალაქის რეგისტრაციას ნაცვლად „სოციალური აგენტისა“, რეგისტრაციაზე პასუხისმგებელ პირად დასახელდა „სოციალური მუშაკი“. განმცხადებელი უთითებდა, რომ „სოციალური მუშაკი არის პროფესიონალი, რომელიც ეუფლება სოციალური მუშაობის პროფესიას აკადემიურ დონეზე და მუშაობს სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან, მათ გასაძლიერებლად და სოციალური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. სოციალური აგენტი კი არის პოზიცია, რომელზეც ნებისმიერი პროფესიის ადამიანს შეუძლია დასაქმდეს და მისი ფუნქცია მხოლოდ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის აღრიცხვით შემოიფარგლება“. მოპასუხე ჟურნალისტმა, თამთა დოლენჯაშვილმა დაადასტურა, რომ ნამდვილად აერია ტერმინები და ნაცვლად „სოციალური აგენტისა“ თქვა „სოციალური მუშაკი“.
სოციალური მუშაკისა და სოციალური აგენტის დეფინიცია განმარტებულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტშიც. „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ დამტკიცების შემდეგ ტერმინი „სოციალური აგენტი“ შეიცვალა და ეწოდა „სააგენტოს უფლებამოსილი პირი“, თუმცა განმარტება იგივე დარჩა - „ სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი , რომელიც დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად ახორციელებს ოჯახის სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას“. „სოციალურ მუშაკი“ კი სოციალური დაცვის შესახებ კანონის თანახმად არის „მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი“ .
სოციალური მუშაკის ინსტიტუტი მნიშვნელოვან მხარდაჭერას საჭიროებს როგორც საზოგადოების, ისე სახელმწიფოს მხრიდან. ამიტომ ნებისმიერი შეცდომა რომელიც ამ ინსტიტუტის მიმართ საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობას აძლიერებს, არის საგულისხმო და ჟურნალისტებს მართებთ განსაკუთრებული სიფრთხილე ამ ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებისას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჟურნალისტმა ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია.
საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს, იმსჯელოს კიდევ ერთ გარემოებაზე. კერძოდ, „სოციალური აგენტი“ სიუჟეტის წარდგენისას „სოციალურ მუშაკად“ ასევე მოიხსენია გადაცემა „კურიერის“ წამყვანმა - თამარ ბაღაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ მანაც დაარღვია პირველი პრინციპი. თამთა დოლენჯაშვილმა საბჭოს აცნობა, რომ როგორც სიუჟეტის, ისე წამყვანის ტექსტი, მისი მომზადებული იყო. ქარტიის საბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილება სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტების გაუმჯობესებას. გადაწყვეტილებში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, დაირღვა თუ არა პრინციპი, არამედ არგუმენტაცია და დასაბუთება - რატომ იყო ესა თუ იქ ქმედება ეთიკურ ჟურნალისტიკასთან შეუსაბამო. ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებების მიზანია ეთიკური ჟურნალისტიკის ხელშეწყობა და არა „დამნაშავე“ ჟურნალისტის გამოვლენა. შესაბამისად, ვინაიდან წინამდებარე შემთხვევაში დადგინდა, რომ თავად თამთა დოლენჯაშვილმა მიაწოდა თამარ ბაღაშვილს ტექსტი, საბჭოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია თამარ ბაღაშვილსაც დაუდგინოს პირველი პრინციპის დარღვევა, რადგან მსგავსი მიდგომა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნებოდა და შეუსაბამო ქარტიის საბჭოს დანიშნულებასთან და მიზნებთან.
აქვე საბჭო აღნიშნავს, რომ წამყვანი არ არის პირი, რომელიც მხოლოდ ტექსტს კითხულობს, ის ჟურნალისტია, რომელსაც ეკისრება ვალდებულება, პატივი სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია. ამიტომაც წამყვანებმა მაქსიმალურად უნდა მიიღონ მონაწილეობა ჟურნალისტზე დაყრდნობით მომზადებული ტექსტის შინაარსის დაზუსტებაში, რათა თავიდან აიცილონ წინამდებარე შემთხვევის მსგავსი შეცდომები.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- თამთა დოლენჯაშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
- თამარ ბაღაშვილს არ დაურღვევია ქარტიის პირველი პრინციპი.