03 მარტი 2018 წელი
საქმეზე N 173
ლალი საყვარელიძე
ტელეკომპანია „იმედის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის
წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ჯაფიაშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ლია ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: ლალი საყვარელიძე
მოპასუხე: ტელეკომპანია „იმედის“ არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლალი საყვარელიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2017 წლის 21 ნოემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გამოშვება „ქრონიკაში“ გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი არ იყო მითითებული და მიუხედავად საბჭოს სამდივნოს მიმართვისა, ტელეკომპანია „იმედმა“ არ აცნობა საბჭოს პასუხისმგებელი პირის ვინაობა. სიუჟეტი შეეხებოდა თბილისში, ყიფშიძის ქუჩის N14-ში მცხოვრები პირების პროტესტს. კერძოდ, მაცხოვრებელთა ერთი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებულ სამშენებლო ღონისძიებებს - დაშენებას. მათი აზრით მშენებლობის ნებართვა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე გაიცა.
სხდომას დაესწრო განმცხადებელი, რომელმაც დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მიაწოდა საბჭოს, ასევე მოხსნა საკუთარი მოთხოვნა ქარტიის მე-2 პრინცთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, მაცხოვრებელთა ერთი ჯგუფი აპროტესტებდა მათი აზრით გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე გაცემული ნებართვით განხორციელებულ სამშენებლო ღონისძიებებს - დაშენებას. სადავო სიუჟეტი ძირითად შეიცავდა ინტერვიუს იმ მაცხოვრებლებთან, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ დაშენებას.
ერთ - ერთი რესპონდენტი ბრალს სდებდა ლალი საყვარელიძეს და უთითებდა, რომ მერიის ზედამხედველობის თანამშრომელმა, საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეთა ამხანაგობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლალი საყვარელიძემ, „ყოველგვარი შეთანხმების, ყოველგვარი მობინადრეებთან საუბრის გარეშე, გააფორმა რაღაც შეთითხნილი ოქმი [იგულისხმება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ოქმი]“, ასევე მობინადრეთა იურისტი მიუთითებდა, რომ ოქმი გაყალბებულია.
მიუხედავად ასეთი ბრალდებებისა, სიუჟეტი არ შეიცავდა მეორე მხარის, ლალი საყვარელიძის კომენტარს, მეტიც, ლალი საყვარელიძის განმარტებით, მასთან დაკავშირების მცდელობაც არ ჰქონია ჟურნალისტს. აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ ჟურნალისტმა არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას, მიეღო დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაცია. „ოქმის შეთითხვნა“ და „გაყალბება“ იყო არა დადასტურებული ფაქტი, არამედ კონკრეტული პირის შეფასება/მოსაზრება.
ჟურნალისტი ვალდებული იყო ეზრუნა მეორე მხარის [ლალი საყვარელიძის] პოზიციის მოპოვებაზე, მით უმეტეს, რომ სიუჟეტი შეიცავდა მძიმე ბრალდებებს მის მიმართ. ლალი საყვარელიძეს საშუალება უნდა მისცემოდა პასუხი გაეცა ბრალდებებისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ლალი საყვარელიძემ ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა იმ ოქმის ასლი, რომელიც საფუძვლად დაედო ნებართვის გაცემას, აღნიშნულ ოქმში არც ხელმომწერად და არ ოქმის შედგენის ორგანიზატორად არ ფიქსირდება ლალი საყვარელიძე.
ქარტიის მე-3 პრინციპი „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა მიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი, კერძოდ ის, რომ ოქმი, რომელიც საფუძვლად დაედო ნებართვის გაცემას, არ იყო ხელმოწერილი/შედგენილი ლალი საყვარელიძის მიერ. სიუჟეტში ჩანს, რომ მობინადრეებმა აჩვენეს ჟურნალისტს სადავო ოქმი, მაგრამ არ დასტურდება, რომ ჟურნალისტი გაეცნო ამ ოქმს და მისთვის ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოება. ფაქტმა, რომ ჟურნალისტი არა გაეცნო ოქმს, გამოიწვია ქარტიის პირველი და არა მე-3 პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელის თქმით, ნაცნობს სთხოვა დაკავშირება ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან, რათა მას ეცნობებინა პასუხისმგებელი პირისათვის, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა. ნამდვილად დაუკავშირდნენ ჟურნალისტს და რამდენად რელევანტური იყო შეტყობინების ადრესატი, საბჭოსთვის უცნობი დარჩა, ვინაიდან მტკიცებულებები წარმოდგენილი არ ყოფილა. შესაბამისად ქარტიის მე- 5 პრინციპის დარღევა არ დადგინდა.
ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭომ განსახილველ შემთხვევაში ვერ გამოკვეთა ის გარემოებები, რომლებიც დაადასტურებდნენ ჟურნალისტის განზრახვას. პირველი პრინციპისგან განსხვავებით მე-11 პრინციპის დარღვევის დასადგენად ასევე საჭიროა განზრახვის, სურვილის არსებობა, რომ მიზანმიმართულად შეეყვანა აუდიტორია შეცდომაში ჟურნალისტს, მიეწოდებინა ცალმხრივი ინფორმაცია. ვინაიდან მსგავსი გარემოება ვერ გამოიკვეთა, მე-11 პრინციპის დარღვევა არ დადგინდა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
- ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- ტელეკომპანია იმედის არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპი.