გადაწყვეტილება საქმეზე - შპს "ჯი სი ეფ პარტნიორები" ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ჯი სი ეფ პარტნიორები;
მოპასუხე : ეკა კვესიტაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება N 102

01 ოქტომბერი 2016 წელი

საქმეზე

შპს "ჯი სი ეფ პარტნიორები" ეკა კვესიტაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნინო ზურიაშვილი

საბჭოს წევრები: ჯაბა ანანიძე, ნინო ჯაფიაშვილი, მაია მამულაშვილი, ირინა ყურუა, ნინო ნარიმანიშვილი

განმცხადებელი: შპს "ჯი სი ეფ პარტნიორები"

მოპასუხე: ეკა კვესიტაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ჯი სი ეფ პარტნიორებმა“, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2016 წლის 08 მაისს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში გასულ გადაცემაში „განსხვავებული აქცენტები“, რომლის ავტორი და წამყვანი ეკა კვესიტაძე იყო, დაირღვა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-11 პრინციპი [ფაქტის განზრახ დამახინჯება].

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო გადაცემაში ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე მტკიცებით ფორმაში აღნიშნავს, რომ კრწანისი-შინდისის გზასთან არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. ციტატა: „თბილისის ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კრწანისი-შინდისის გზასთან არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის ბიძინა ივანიშვილის „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შეძენა სწორედ ამგვარი კორუფციაა“. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, გადაცემის ეთერში გასვლის მომენტისთვის იყო შემდეგი გარემოებები:

1. 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა შპს „თაბორი რიზორთსმა“ [ს/ნ 405147755], რომელიც დამფუძნებელი იყო შპს ოლდ სითი დიველოპმენტი [ს/ნ 405033734], თავის მხრივ შპს ოლდ სითი დიველოპმენტის წილის 100%-ს ფლობდა პანამაში რეგისტრირებული სააქციო საზოგადოება FRANKSTON INTERNATIONAL S.A.

იმის გათვალისწინებით, რომ

  • მანამ, ვიდრე FRANKSTON INTERNATIONAL S.A. გახდებოდა შპს ოლდ სითი დიველოპმენტის ერთპიროვნული მფლობელი, ეს უკანასკნელი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებს" ეკუთვნოდა [სწორედ ამ კომპანიამ გადასცა წილი FRANKSTON INTERNATIONAL S.A.-ს.]
  • შპს "ჯი სი ეფ პარტნიორების" წლის მფლობელებს შორის სხვადასხვა დროს ბიძინა ივანიშვილთან და თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული პირები იყვნენ [გიორგი ბაჩიაშვილი, უჩა მამაცაშვილი].
  • თანაინვესტირების ფონდი შპს "ჯი სი ეფ პარტნიორებს" იხსენიებს, როგორც მის „აგენტ“ კომპანიას,

არსებობდა ლეგიტიმური ეჭვი და ვარაუდი, რომ 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენის უკან ბიძინა ივანიშვილი/თანაინვესტირების ფონდი იდგა, მაგრამ ვინაიდან გადაცემის მომზადების მომენტში პირდაპირ არ ფიგურირებდა თანაინვესტირების ფონდი, როგორც მიწის პირდაპირი ან ბენეფიციარი მესაკუთრე [იხ. გარემოება 1], ფრაზა „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ შეძენა“ იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.

ციტატა სადავო სიუჟეტიდან: „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შექმნილმა საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 2014 წლის მაისში 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა ნიდერლანდებში რეგისტრირებულ კომპანიაში „ბიტფური გრუპში“, აღნიშნული ინვესტიციების შედეგად კომპანიამ საქართველოში ვირტუალური ვალუტის წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა, ეს ძირითადად თბილისში, გლდანის რაიონში 40 მეგავატი სიმძლავრის ახალი დატაცენტრის ხარჯზე მოხდა, რომელიც 2015 წლის დეკემბრიდან ამოქმედდა“. განმცხადებელმა წარმოადგინა თანაინვესტირების ფონდიდან ცნობა, რომლის თანახმად ფონდი აცხადებდა, რომ მას ან მასთან დაკავშირებულ კომპანიას, ინვესტიციები არ განუხორციელებია გლდანის რაიონში 40 მეგავატი სიმძლავრის ახალი დატა-ცენტრის მშენებლობაში. საბჭომ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

1. დადასტურებული ფაქტია, რომ გლდანში არსებული დატა-ცენტრი ეკუთვნის ბიტფურის.

2. ზოგადად „ბიტფიურში“ 2014 წელს ინვესტიციის განხორციელება არ უარყვია თანაინვესტირების ფონდს. აღნიშნული ინვესტიციის შესახებ არა ერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მედია საშულებებმაც. ფონდმა მხოლოდ განაცხადა, რომ მას ინვესტიცია არ განუხორციელებია კონკრეტულად გლდანის დატა -ცენტრის მშენებლობაში.

3. ცალსახაა, რომ გლდანის დატა-ცენტრი მას შემდეგ [2015 წელს] შეიქმნა, რაც თანაინვესტირების ფონდმა ბიტფურიში განახორციელა ინვესტიაცია [2014 წელს].

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებლის პრეტენზია დადის შემდეგ საკითხამდე: სწორად გამოიყენა თუ არა წამყვანმა სიტყვა „შედეგად“ ნაცვლად სიტყვისა „შემდეგ“ წინადადებაში - „აღნიშნული ინვესტიციების შედეგად კომპანიამ საქართველოში ვირტუალური ვალუტის წარმოების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაზარდა“.

საბჭოს აზრით, გადაცემის ნახვის შემდეგ მაყურებელს რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ თანაინვესტირების ფონდმა დააფინანსა „ბიტფური“, რომელმაც თავის მხრივ გაზარდა წარმოება, ეს ინფორმაცია კი სინამდვილეს შეესაბამება. საბჭო არ მიიჩნევს არსებით უზუსტობად იმას, რაზეც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მიღებული ინვესტიცია „ბიტფურმა“ არ მოახმარა უშუალოდ გლდანის ცენტრის მშენებლობას. ფაქტია, რომ დატა-ცენტრში თანაინვესტირების ფონდი ინვესტიციებს ახორცილებდა, სწორედ ეს იყო არსებითი და ამის თქმა სურდა გადაცემით წამყვანს.

ციტატა გადაცემიდან:  “2014 წელს საქართველოს მთავრობის განკარგულებით პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში გარდაბანში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2.5 მლნ ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა სს „სათბურის კორპორაციას“ ეს კომპანია თავდაპირველად დაფუძნებული იყო როგორც შპს, თანაინვესტირების ფონდის მმართველი კომპანიის „ჯი სი ეფ პარტნიორების“ მიერ, რომლის 50-50% წილის მფლობელი ივანიშვილის დეიდაშვილი უჩა მამაცაშვილი და „თანაინვესტირების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ბაჩიაშვილი არიან. მოგვიანებით, საქართველოს სათბურის კორპორაცია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა და ამჟამად მისი აქციების ნაწილი თანაინვესტირების ფონდთან ასოცირებულ, ლუქსემბურგში რეგისტრირებულ კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს ეკუთვნის“ „2.5 მლნ ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი ერთადერთი სახელმწიფო ქონება არ არის, რომელიც თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებულმა კომპანიამ ერთ ლარად მიიღო. 2015 წელს საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნორიოში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 632 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის წესით ერთ ლარად საკუთრებაში გადაეცა შ.პ.ს. „აბაშიძის რძის ქარხანას“ ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებულმა კომპანიამ ივანიშვილისვე ბანკიდან გამოიტანა ორი მილიონი ამერიკული დოლარი სესხი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ამ პროგრამის პირობების თანახმად 2 მილიონი დოლარი არაუმეტეს 11 პროცენტიანი წლიური განაკვეთით გაიცემა, საიდანაც მსესხებელი ერთ პროცენტს იხდის მხოლოდ, ხოლო დანარჩენ პროცენტს იხდის სახელმწიფო. ესე იგი ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ მიერ აღებული სესხის 10 პროცენტის დაფარვა მილიონ ლარამდე გვიჯდება. გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში შესული ფული შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში მილიარდელ ივანიშვილს მის ბანკს სანათესაოს და თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებით კომპანიებს ამდიდრებს”

სადავო გადაცემის აღნიშნულ ნაწილთან დაკავშირებით განმცხადებელმა მიუთითა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სს „საქართველოს სათბურის კორპორაციასთან“ და შპს „აბაშის რძის ქარხანასთან“ დაკავშირებით არასრული ინფორმაციაა და მართალია ორივე კომპანიამ მიწის ნაკვეთები მიიღო ერთ ლარად სახელმწიფო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“, ფარგლებში, მაგრამ ჯერ კიდევ გადაცემის ეთერში გასვლამდე კომპანიები გამოვიდნენ პროგრამიდან. უფრო მეტიც, შპს „აბაშის რძის ქარხანამ“ სახელმწიფოს დაუბრუნა მიწის ნაკვეთი და გადაიხადა საჯარიმო სანქციები და შესაბამისად კომპანიები აღარ სარგებლობდნენ საბიუჯეტო შეღავათებით.

განმცხადებელმა წარმოადგინა მტკიცებულებები, რომ როგორც შპს „აბაშის რძის ქარხანა“, ისე სს „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ გამოსულნი არიან სახელმწიფო პროგრამიდან. თავად განმცხადებელი უთითებს არასრულ ინფორმაციაზე [არ იყო ნახსენები რომ კომპანიები გამოვიდნენ სახელმწიფო პროგრამიდან], აღნიშნულ გარემოებას ითვალისწინებს ქარტიის მე-3 პრინციპი [მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა], რომელიც სადავოდ არ იყო გამხდარი, სხდომის მიმდინარეობისას არ მომხდარა იმაზე მსჯელობა და შეფასება, რამდენად იყო ობიექტურად შესაძლებელი, რომ ეკა კვესიტაძეს ცოდნოდა იმის შესახებ, რომ კომპანიები გამოვიდნენ პროგრამიდან და შემდეგ მიეჩქმალა ეს ინფორმაცია.

სადავო სიუჟეტის ამ ნაწილში, საბჭო პრობლემატურად მიიჩნევს შემდეგ ნაწილს „ესე იგი ჩვენ, გადასახადის გადამხდელებს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ მიერ აღებული სესხის 10 პროცენტის დაფარვა მილიონ ლარამდე გვიჯდება“. როგორც დადგინდა, გადაცემის ეთერში გასვლის დროისათვის სს „საქართველოს სათბურის კორპორაცია“ არ სარგებლობდა შეღავათიანი აგრო კრედიტით [ასეთი კრედიტის საპროცენტო განაკვეთი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება], შესაბამისად, არასწორ ინფორმაცია იყო და პირველი პრინციპის დარღვევას იწვევდა იმაზე მითითება აწმყო დროში, რომ გადასახადის გადამხდელები იხდიდნენ სს „საქართველოს სათბურის კორპორაციის“ კრედიტის თანხას.

ქარტიის მეხუთე პრინციპის მიხედვით “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”. გადაცემის ეთერში გასვლამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ მაყურებელს ანონსი შესთავაზა, რის შემდეგაც კომპანიამ „ჯი სი ეფ პარტნიორები“ გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. შესაბამისად „ჯი სი ეფ პარტნიორები“ მიიჩნევდა, რომ გადაცემაში არსებული უზუსტობების შესახებ ჟურნალისტი ინფორმირებული იყო. ვინაიდან მან მაინც არ გაასწორა უზუსტობა, დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი. საბჭოს მიერ დადგინდა, რომ მოპასუხე ჟურნალისტისათვის ცნობილი იყო განცხადების შინაარსი გადაცემის ეთერში გასვლამდე [მოპასუხე ჟურნალისტის FACEBOOK-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა განცხადებას]. საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა ორ ეპიზოდში დაადგინა, გავრცელებული განცხადება კი აღნიშნულ ეპიზოდებს კონკრეტულად არ ეხებოდა, შესაბამისად არ დგინდება ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევა. ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. საბჭომ შეაფასა ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა და მიიჩნევს, რომ განზრახვას ადგილი არ ჰქონია, მათი დარღვევა გამოიწვია გადაუმოწმებელმა ინფორმაციამ და არა განზრახვამ.

სარეზოლუციო ნაწილი 

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭომ მიიჩნია:

1. ეკა კვესიტაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ეკა კვესიტაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-5 და მე-11 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!