განმცხადებელი : დავით მახარაშვილი;
მოპასუხე : ლევან კენჭოშვილი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი; 7 პრინციპი; 11 პრინციპი;
02 მაისი, 2018 წელი
საქმეზე N 207
დავით მახარაშვილი ლევან
კენჭოშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მამულაშვილი, თეა ზიბზიბაძე, გელა მთივლიშვილი.
განმცხადებელი: დავით მახარაშვილი
მოპასუხე: ლევან კენჭოშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართა დავით მახარაშვილმა. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ POSTV-ის გადაცემაში „STOP ხამი“, რომელიც გავრცელდა 2018 წლის 26 მარტს და გადაღებული იყო ქალაქ გორში, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3 [სიყალბე], მე-4, მე-7 და მე-11 [ფაქტის გაზრახ დამახინჯება] პრინციპი. მოპასუხე პირად განისაზღვრა გადაცემის წამყვანი ლევან კენჭოშვილი.
სხდომას დაესწრო მოპასუხის წარმომადგენელი ლევან კვარაცხელია, ხოლო განმცხადებელმა საბჭოს კითხვებს ინტერნეტის საშუალებით უპასუხა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის 1 ლი პრინციპი - “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. მე-11 პრინციპი - "ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“
მოპასუხე მხარემ აღნიშნა, რომ განცხადება საერთოდ არ უნდა ყოფილიყო დაშვებული და მით უმეტეს განხილული, ვინაიდან გადაცემა “STOP ხამი“ მზადდება “POSTV-ის” მიმართულება „POSTV გართობის“ ფარგლებში და არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც ჟურნალისტური პროდუქტი, რადგან ეს იყო გასართობი გადაცემა.
ქარტიის საბჭომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია და მიუთითა შემდეგი: „STOP ხამი“ არის გადაცემა, სადაც პირები [წამყვანი, ოპერატორები] მოძრაობენ ქუჩებში და აფიქსირებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც სავარაუდოდ არღვევენ ნორმატიული აქტებით დადგენილ პარკირების წესებს და დაუმორჩილებლობა იწვევს სამართალდარღვევას. უფრო მეტიც, არასწორი პარკირება [მაგალითად შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილზე, ფეხით მოსიარულეთა გზაზე] შეიძლება ანტისოციალურ ქცევადაც შეფასდეს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე გადაცემას დეკლარირებული აქვს, რომ იგი ამხელს სავარაუდო სამართალდამრღვევებს, სააშკარაოზე გამოაქვს პარკირების კუთხით არსებული პრობლემები, არსად არის მითითებული, რომ გადაცემაში გამოვლენილი სავარაუდო სამართალდარღვევები არ შეესაბამება სიმართლეს, შესაბამისად ამ გადაცემის შინაარსი დაფუძნებულია არა იმდენად გასართობ ნაწილზე, რამდენადაც აუდიტორიის ინფორმირებაზე ქუჩებში არსებული რეალური სიტუაციის შესახებ.
როგორც აღინიშნა, სადავო იყო „STOP ხამის“ ქალაქ გორში გადაღებული გადაცემა, კონკრეტულად შემდეგი ეპიზოდი: გადაცემის გადამღები ჯგუფი უახლოვდება BMW მარკის ავტომობილს, რომელიც გაჩერებულია ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელზე, რაც დარღვევაა. მანქანაში მძღოლის ადგილის გვერდით ზის ერთი პირი, რომელსაც გადაცემის წამყვანი ავტომობილის გადაყენებას სთხოვს. საპასუხოდ მანქანაში მჯდომი პირისაგან ისმის გინება და შეურაცხმყოფელი სიტყვები წამყვანის მიმართ. ხაზს უსვამს, რომ „გორელია“ და „არაფერი არ უნდა შეეშალოთ“. მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ ეპიზოდი ასახავს რეალურ ფაქტს, რომ მანქანაში მყოფი „გორელი“ პირი არის აგრესიული, უზრდელი და არ ემორჩილება კანონს. განმცხადებელმა, დავით მახარაშვილმა მიუთითა, რომ გადაცემის ეს ეპიზოდი იყო დადგმული.
პირველ ეტაპზე საბჭოს მიერ დადგინდა შემდეგი გარემოებები:
- BMW მარკის ავტომობილში მჯდომი პირის სახელია ბადრი, რომელიც მანქანების პარკირებას არეგულირებს ქალაქ გორის ცენტრში.
- გავრცელდა სამი სხვადასხვა ვიდეო, სადაც ბადრი აღნიშნავს, რომ ეპიზოდი მართლაც დადგმული იყო და „STOP ხამის“ გადამღებმა ჯგუფმა სთხოვა ამ ეპიზოდში მონაწილეობა.
- ერთ - ერთ ვიდეოში ბადრი ახსენებს ვინმე „თემუკას“ როგორც პირს, რომელიც იყო შუამავალი ბადრისა და „STOP ხამის“ გადამღებ ჯგუფს შორის.
- საბჭომ მოიკვლია, რომ ბადრი საუბრობს თემურ უგრეხელიძეზე.
- საბჭოს სამდივნომ დაურეკა თემურ უგრეხელიძეს, რომელმაც განაცხადა, რომ იგი არ მუშაობს POSTV-ში და მას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია „STOP ხამის“ იმ გადაცემის მომზადებაში, რომლის ნაწილიც იყო სადავო ეპიზოდი.
- საბჭომ ასევე გამოიკვლია:
- თემურ უგრეხელიძეს სოციალურ ქსელში სამუშაო ადგილად მითითებული აქვს POSTV და მუდმივად აზიარებს მის ვიდეოებს.
- არაფორმალურ ვითარებაში გადაღებული აქვს სურათები “POSTV-ს” თანამშრომლებთან. სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოები შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კავშირი აქვს “POSTV- სთან” და მონაწილეობას იღებს მის საქმიანობაში.
- სხდომის მიმდინარეობისას “POSTV-ს” წარმომადგენელს, ლევან კვარაცხელიას საბჭომ ჰკითხა, იცნობდა თუ არა თემურ უგრეხელიძეს. თავდაპირველად ლევან კვარაცხელიამ უარყო მასთან ნაცნობობა. შემდეგ დასძინა, რომ შეიძლება იცნობდა კიდეც. საბჭომ მოიპოვა ლევან კვარაცხელიას და თემურ უგრეხელიძის ერთობლივი ფოტოები, საიდანაც ასევე ჩანს, რომ თემურ უგრეხელიძე ესწრება “POSTV -ს” სხვა გადაცემის ჩაწერის პროცესს.
როგორც ბადრის, ისე შალვა ნალიყაშვილის გამოკითხვა განხორციელდა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და მათი მონათხრობი ერთმანეთს დაემთხვა. ასევე ორივე მათგანმა ჯგუფური ფოტოებიდან ამოიცნო თემურ უგრეხელიძე. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ეპიზოდი იყო დადგმული და არ შეესაბამებოდა სიმართლეს, შეცდომაში შეჰყავდა მაყურებელი, რომელსაც შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ BMW მარკის ავტომობილის მგზავრის [ბადრი] ეპიზოდი რეალური იყო. შესაბამისად დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი [არასწორი ინფორმაციის გავრცელება], მე-3 პრინციპი [გავრცელდა გაყალბებული ინფორმაცია] და მე-11 პრინციპი [განზრახ მოხდა არასწორი/გაყალბებული ინფორმაციის მომზადება/დამახინჯება].
გადაცემის მთავარი იდეა ემსახურება იმას, რომ გამოავლინოს პარკირებასთან დაკავშირებული რეალური მდგომარეობა და ასევე სოციალური პასუხისმგებლობისაკენ მუწოდოს იმ ადამიანებს, ვინც არღვევს კანონს, შესაბამისად გამოგონილი, გაზვიადებული, დადგმული ეპიზოდების გამოყენება არის ინფორმაციის განზრახ ფალსიფიცირებით აუდიტორიის მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანა.
ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს”. საბჭო მიიჩნევს, რომ ქარტიის მე-4 პრინციპი არ დარღვეულა. აღნიშნული პრინციპის მიზნებისათვის საჭიროა, რომ თავად ინფორმაცია არსებობდეს და მისი მოპოვებისას დარღვეული იყოს კეთილსინდისიერების და სამართლიანობის პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში კი დადგინდა, რომ ზოგადად არ არსებობდა წყარო, რომლისგანაც მოიპოვეს ინფორმაცია. თავად „ინფორმაცია“ იყო ყალბი, არასწორი შესაბამისად, ინფორმაცია არ მოუპოვებიათ. „მოპოვების“ ფაქტის არ არსებობა კი გამორიცხავს ქარტიის მე-4 პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-7 პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. როგორც წინამდებარე გადაწყვეტილებაში აღინიშნა, ეპიზოდი იყო დადგმული. ავტომობილში მყოფი ბადრი აგინებდა და შეურაცხყოფას აყენებდა გადამღებ ჯგუფს, ამასთან ხაზს უსვამდა მის „გორელობას“, მაყურებელს შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ არის აგრესიული, უზრდელი და არ ემორჩილება კანონს. გადაცემის წამყვანი ბოლოს აღნიშნავს, რომ იგი გორში აღარ ჩამოვა, ვინაიდან მის მართ გამოიჩინეს ასეთი აგრესია. დადგმულმა სცენამ, წამყვანის შეფასებითმა კომენტარებმა გამოიწვია დისკრიმინაციის წახალისება. ვიდეო გახდა საფუძველი ასეულობით კომენტარის, რომელთა უმრავლესობაში ლანძღვადნენ გორელებს, მაშინ როცა მედიის ვალია ყველანაირად შეუშალოს ხელი ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, ამ შემთხვევაში მედია თავად მოგვევლინა მის წამხალისებლად. თავად სიუჟეტის გავრცელებას სოციალურ ქსელში მოჰყვა უამრავი ნეგატიური კომენტარი, ძირითადად დაკავშირებული ბადრის ეპიზოდთან, სადაც გორში მცხოვრები პირები მოხსენიებულები არიან თავხედებად და კანონდამრღვევებად. ცალსახაა, რომ დადგმულმა სიუჟეტმა გამოიწვია სიძულვილის ენა გეოგრაფიული საცხოვრებელი ადგილის ნიშნით. შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-7 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ლევან კენჭოშვილმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.
2. ლევან კენჭოშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-4 პრინციპი.
საქმის მასალები: