გადაწყვეტილება საქმეზე - გიორგი კალატოზიშვილი ლელა ლობჟანიძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
განმცხადებელი : გიორგი კალატოზიშვილი;
მოპასუხე : ლელა ლობჟანიძე;
გადაწყვეტილება

27 მაისი, 2018 წელი

საქმეზე N 200

გიორგი კალატოზიშვილი ლელა ლობჟანიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, თამუნა უჩიძე, მაია მამულაშვილი, ნინო ჯაფიაშვილი.

განმცხადებელი: გიორგი კალატოზიშვილი

მოპასუხე: ლელა ლობჟანიძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი კალატოზიშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ trialeti.ge გამოქვეყნებულ სტატიაში „საზარელი შემთხვევა ქარელში - ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა" დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი. სადავო სტატია ეხებოდა ქარელში მომხდარ გაზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს.

საბჭოს სხდომას დაესწრო განმცხადებელი, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტმა საბჭოს კითხვებს ტელეფონით უპასუხა. სხდომის მიმდინარეობისას განმცხადებელმა მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-7 პრინციპთან დაკავშირებით.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით: „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის პირველადი ვერსიის [გამოქვეყნების შემდეგ სტატია შეიცვლა] სათაური იყო შემდეგი - „საზარელი შემთხვევა ქარელში - ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა“, ხოლო სტატიაში მითითებული იყო, რომ „მომხდარ ფაქტზე ,,თრიალეთმა“ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვა. ,,თრიალეთის“ ინფორმაციით ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. როგორც სანდო წყარომ გვაცნობა მეზობელი ქალი მასთან დასახმარებლად შევიდა რა დროსაც ინციდენტი მოხდა.

ბრალდებული ამბობს რომ დანაშაულის ჩადენის დროს საღ გონებაზე არ იყო, ფაქტის შესახებ ,,თრიალეთს“ ექსკლუზიური ინტერვიუ დაკავებულის ახლობელმა მისცა. ,, მას ჰალუცინაციები ჰქონდა კერძოდ კი წარმოიდგინა, რომ მეზობლის მაგივრად დემონს ებრძოდა, როდესაც საღ გონებაზე მოვიდა მხოლოდ ეს ახსოვდა და ჩადენილ დანაშაულს ნანობდა“– აცხადებს ბრალდებულის ახლობელი“. ქარტიის საბჭომ მოიკვლია და დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის თანახმად, ქარელში ჩადენილი გაზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებული პირი ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდა. ქარტიის საბჭომ მიიჩნევს, რომ სტატიის სათაური, რომელშიც მტკიცებით ფორმაში იყო მითითებული „ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა“ არ იყო გადამოწმებული, შესაბამისად ერთი წყაროს [„ბრალდებულის ახლობელი“] მიწოდებული ინფორმაციის დადასტურებული ფაქტის სახით გავრცელებით ქარტიის პირველი პრინციპი დაირღვა. მით უმეტეს მოგვიანებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ნარკოტიკული ზემოქმედების შესახებ ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.“ განმცხადებელი აპელირებდა, რომ მისი ინფორმაციით სტატიის გავრცელებამდე პასუხისმგებელი ჟურნალისტი დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს და ჟურნალისტისთვის ცნობილი იყო სამინისტროს პოზიცია, მიუხედავად ამისა სტატიაში მიიჩქმალა ინფორმაცია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარებას დანაშაულის ჩადენის დროს არ ადასტურებდა სამინისტრო. ქარტიის საბჭო ინფორმაციის გადასამოწმებლად დაუკავშირდა სამინისტროს წარმომადგენელს - ლედი ოქროპირიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ სტატიის გამოქვეყნებამდე ნამდვილად შედგა საუბარი მასსა და ჟურნალისტს შორის, მაგრამ ასევე აღნიშნა, რომ ჟურნალისტს არ უკითხავს დაკავებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტის შესახებ, შესაბამისად არც მას მიუწოდებია აღნიშნული ინფორმაცია ანუ არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა სტატიის გამოქვეყნებამდე იცოდა სამინისტროს პოზიცია. გარემოება, რომ ჟურნალისტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან არ გადაამოწმა ინფორმაცია, იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის და არა მე-3 [მიჩქმალვა] პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ დადგენილი ფაქტია, რომ სტატია შესწორდა მისი გამოქვეყნების შემდეგ, კერძოდ, სტატიის სათაურში შემდეგი ფრაზა ჩაისვა ბრჭყალებში „ახალგაზრდა მამაკაცმა მეზობელი მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ ნაჯახით დაჩეხა" ასევე აბზაცს, სადაც მოთხრობილია, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყო, დაემატა შემდეგი ფრაზა „ამ ინფორმაციას შსს–ში არ ადასტურებენ“. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატია არ ჩასწორებულა ეთიკური ჟურნალისტიკის პრინციპებისათვის შესაბამისი სტანდარტით. ფრაზის ბრჭყალებში ჩასმა საკმარისად არ უზრუნველყოფს რომ მკითხველი დაიცვას შეცდომაში შეყვანისგან. ასევე თავად ტექსტში მხოლოდ დაემატა, რომ „ამ ინფორმაციას შსს–ში არ ადასტურებენ“ სტატიაში არ მიუთითებიათ, რომ თავდაპირველად გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაცია გაავრცელეს და შემდეგ ჩაასწორეს. ვინაიდან შესწორება არ მომხდარა ჯეროვნად, ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“, განმცხადებლის აზრით, ჟურნალისტმა განზრახ გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. როგორც მე-3 პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, არ დასტურდება, რომ ჟურნალისტმა სტატიის გამოქვეყნებამდე იცოდა სამინისტროს ხელთ არსებული ინფორმაცია - ბრალდებული არ იყო ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. შესაბამისად განზრახვა და მე-11 პრინციპის დარღვევა არ დასტურდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:
  1. ლელა ლობჟანიძემ დაირღვა ქარტიის 1-ლი და მე-5 პრინციპი.
  2. ლელა ლობჟანიძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.
საქმის მასალები:

Related Articles

Articles Not Nound!