გადაწყვეტილება - გიორგი ყიფიანი ქეთი ბრაჭულის და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : გიორგი ყიფიანი;
მოპასუხე : ქეთი ბრაჭული;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

11 ივლისი 2018 წელი

საქმეზე N 195

გიორგი ყიფიანი ქეთი ბრაჭულის და ირაკლი ჩიხლაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თეა ზიბზიბაძე, მაია მამულაშვილი, გიორგი სულაძე. განმცხადებელი: გიორგი ყიფიანი

მოპასუხე: ქეთი ბრაჭული და ირაკლი ჩიხლაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გიორგი ყიფიანმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2018 წლის 11 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტში „კანაფი და ქართული ტრადიცია - რისთვის იყენებდნენ მცენარეს სვანეთში საუკუნეების განმავლობაში“ დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მეხუთე პრინციპი. გადაცემის წამყვანი - ირაკლი ჩიხლაძე, სიუჟეტის ავტორი - ქეთი ბრაჭული. სადავო სიუჟეტი ეხებოდა საქართველოს შორეულ და ახლო ისტორიაში კანაფის გამოყენება/მოხმარების ფაქტებს და კულტურას.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ. საქმის განხილვის დროს განმცხადებელმა მისი მოთხოვნები მოხსნა ირაკლი ჩიხლაძის მიმართ, ასევე მოხსნა მე-3 პრინციპის სავარაუდო დარღვევაზე მოთხოვნა.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. საქმის ზეპირი განხილვის დროს გამოიკვეთა ძირითადი გარემოებები, რომელთა მიმართაც განმცხადებელი აპელირებდა.

1. სიუჟეტის ნაწილი ეხება სვანეთში კანაფის სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის კერძებში გამოყენების ისტორიას. სიუჟეტში ჟურნალისტი კანაფს მოიხსენიებს როგორც „საკულტო სანელებელს“. განმცხადებლის პოზიციით, კანაფის საკულტოდ მოხსენიება არასწორია, ვინაიდან ტერმინი „საკულტოთი“ შეიძლება აღიწეროს მხოლოდ ის საგნები და მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია რელიგიასთან, ღვთისმსახურებასთან.

საბჭო ვერ დაეთანხმება განმცხადებლის აღნიშნულ მსჯელობას. რა თქმა უნდა, ტერმინი „საკულტო“ ფართოდ გამოიყენება რელიგიური ტერმინოლოგიაში და ამ სიტყვით აღიწერება რელიგიურ წეს-ჩვეულებები და საგნები, მაგრამ ტერმინი „საკულტო“ კონტექსტის მიხედვით ასევე შეიძლება ნიშნავდეს რაღაცას ან ვიღაცას რაც/ვინც ხდება პოპულარული კონკრეტული ადამიანების ჯგუფისათვის. ტერმინი „საკულტო“, არა მარტო ქართულში, არამედ სხვა ენებშიც აღწერს ფილმს, მუსიკას და ა.შ. თავად სადავო სიუჟეტში სვანეთის მაცხოვრებლები ხაზს უსვამენ მათვის კანაფის მნიშვნელობას, რომ კანაფი ისტორიის მანძილზე სამზარეულოში აქტიურად გამოიყენებოდა, შესაბამისად, ჟურნალისტს თავისუფლად შეეძლო გამოეყენებინა შეფასება, რომ კანაფი „საკულტო“ სანელებელი იყო.

2. სიუჟეტის ერთ - ერთ ნაწილში ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ „კანაფი და ქართული ტრადიციები სათავეს გაცილებით ადრე იღებს, თრიაქის მოხმარების შემთხვევებს ჟამთააღმწერელი ორჯერ იხსენებს, პირველი ცნობა ლაშა - გიორგისთან დაკავშირებით ჩნდება, მეორე კი ქართლის მეფეს, სვიმონ 1 ს უკავშირდება“. სვიმონ 1 ის მიერ „ამ ბალახის“ მოხმარების თემას ასევე ავრცობს რესპონდენტი ზურაბ ჯაფარიძე.

ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ თრიაქს არავითარი კავშირი არა აქვს კანაფთან, თრიაქის დასამზადებლად არ გამოიყენება კანაფის არც ერთი ელემენტი, არამედ თრიაქი იგივეა რაც ოპიუმი. შესაბამისად არასწორი ინფორმაციაა ჟურნალისტის მიერ ლაშა - გიორგის ან სვიმონ 1 ის მიერ თრიაქის მოხმარებაზე, როგორც კანაფის გამოყენებაზე მითითება.

3. სიუჟეტში ასევე ნაჩვენები იყო განცხადება, რომელიც ერთ - ერთ გაზეთში გამოქვეყნდა ე.წ. „მეფის რუსეთის“ პერიოდში. განცხადების ავტორი ეძებდა მის მიერ დაკარგულ „ტრუბას“ "16 თებერვალს ფაეტონში დამრჩა თუნუქის ტრუბა, რომელშიაც შეხვეული პლანები ეწყო". აღნიშნულ განცხადებას ჟურნალისტი წარადგენს შემდეგი ტექსტით, „მოქალაქე, რომელმაც კანაფი დაკარგა მპოვნელს დასაჩუქრებას პირდება“. თემას კვლავ ავრცობს ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც ავითარებს მოსაზრებას, რომ „თუნუქის ტრუბა“ კანაფის მოსაწევად განკუთვნილი მოწყობილობა ე.წ. „ფაიფი“ იყო. ანუ შთაბეჭდილება რჩება, რომ კანაფის მოწევა იმდენად ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ კანაფის ან/და მისი მოსაწევი მოწყობილობის დაკარგვის შესახებ თავისუფლად აცხადებდნენ გაზეთში.

ქარტიის საბჭომ დაადგინა რომ აღნიშნული განცხადება გამოქვეყნებული იქნა გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ გამოცემულ წიგნში „ძველი ქართული რეკლამა - 150 განცხადება“. საბჭო დაუკავშირდა გიორგი ჭეიშვილს, რომელიც აღნიშნულ გამოცემაზე მუშაობდა, რომელმაც აღნიშნა, რომ განცხადების ავტორი იყო არქიტექტორი, შესაბამისად უფრო სარწმუნოა ვერსიაა, რომ „პლანი“ [რუსულად "план"] არის ნახაზი გეგმები, რომელიც რგოლად დახვეულ მდგომარეობაში ხშირად ინახებოდა და დღესაც ინახება სპეციალურ, მილის ფორმის მქონე სათავსში. ჟურნალისტს არ ჰქონდა არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ განცხადება დაეკავშირებინა კანაფთან ან მის მოხმარებასთან.

ზემოაღნიშნული სამი გარემოებიდან 2 შემთხვევაში დადგინა ჟურნალისტის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელება და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“
. განმცხადებლის მიერ საბჭოს წარედგინა მტკიცებულება, რომ მან თავისი პრეტენზიით მიმართა ტელეკომპანია იმედის თვითრეგულირების ორგანოს, რომელმაც უარი უთხრა საჩივრის განხილვის/დაკმაყოფილების შესახებ. არც ერთი ზემოაღნიშნული დოკუმენტით არ დასტურდებოდა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა შესწორების შესახებ ცნობილი გახდა უშუალოდ მოპასუხე ჟურნალისტებისათვის ან გადაცემის რედაქტორისათვის/ პროდიუსერისათვის. შესაბამისად ვერ დგინდება შესწორებაზე მოთხოვნის რელევანტური ადრესატისათვის მიწოდების ფაქტი, შესაბამისად მე-5 პრინციპი დარღვეულად ვერ ჩაითვლება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ქეთი ბრაჭულმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
2. ქეთი ბრაჭულს არ დაურღვეია ქარტიის მე-5 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!