გადაწყვეტილება საქმეზე - ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ია გულიაშვილის და ეკა გაგუას წინააღმდეგ

განმცხადებელი : ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი;
მოპასუხე : ეკა გაგუა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
გადაწყვეტილება

19 ივნისი 2018 წელი

საქმეზე N 217

ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი ია გულიაშვილის და ეკა გაგუას წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი

მოპასუხე: ია გულიაშვილი და ეკა გაგუა

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 2018 წლის 06 ივნისის გადაცემა „კურიერში“ გასულ სიუჟეტში "თელავის მერიამ გერმანიიდან ხარის სპერმა გამოიწერა - იგეგმება 400 ძროხის განაყოფიერება" დაირღვა ქარტიის პირველი და მესამე პრინციპი. სიუჟეტის ავტორები და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტები - ია გულიაშვილი და ეკა გაგუა.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი. მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

როგორც ქარტიის საბჭომ მოიკვლია რომ ხარის სპერმის იმპორტი რეალური ფაქტია. ამასთან, აღნიშნული იმპორტი განხორციელდა თელავისა და გერმანიის ქალაქ ბიბერახის თანამშრომლობის საფუძველზე პროექტ „ძროხის ჯიშების გაუმჯობესება თელავში, ბრუცელოზის შემცირების მიზნით, რძის და ხორცის წარმოების გაზრდა“ ფარგლებში. პროექტი სპერმის იმპორტის გარდა ასევე ითვალისწინებს ვეტერინარისა და მოძრავი ლაბორატორიის მომსახურებას, რაც გულისხმობს დიაგნოსტირებას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შემოწმებასა და ლაბორატორიულ პირობებში განაყოფიერებას. პროექტი სრულად ფინანსდება დონორი ორგანიზაციის მიერ. პროექტის ფარგლებში თანამშრომლობა შედგა 100-ზე მეტ ფერმერთან. ცალსახაა, რომ პროექტი მრავალმხრივი და მნიშვნელოვანია და მისი ერთ - ერთი კომპონენტია ხარის სპერმის იმპორტი. წამყვანმა სიუჟეტი შემდეგი ტექსტით წარადგინა: „ახლა 400 ძროხა განაყოფიერების მოლოდინშია, მაგრამ მათმა პატრონებმა არ იცინიან ვის რაში დასჭირდა ასეთი პროექტის განხორციელება“. აღნიშნული პათოსი სიუჟეტშიც გრძელდება. თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ „[ხარის სპერმა] ძალიან მოთხოვნადია“, რასაც მოსდევს ჟურნალისტის ტექსტი - „მობილური ლაბორატორიისა გერმანული სპერმის შესახებ არაფერი იციან კახელმა გლეხებმა. ამბობენ, რომ ამის შესახებ მუნიციპალიტეტისთვის არასდროს უთხოვიათ“. „არცოდნის“ საილუსტრაციოდ სიუჟეტში მხოლოდ ერთი ფერმერის, ავთანდილ კობიაშვილის ინტერვიუ მოჰყავთ. არაზუსტია ერთი ფერმერის კომენტარის საფუძველზე დასკვნის გაკეთება, რომ ფერმერებმა პროექტის შესახებ არაფერი არ იციან მაშინ როცა პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება და მასში არაერთი ფერმერია ჩართული.

სიუჟეტი არ პასუხობს არც წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ვის რაში დასჭირდა ასეთი პროექტის განხორციელება“. ჟურნალისტის მიერ სათანადოდ არ გამოკვლეულა თუ რა პროექტის ფარგლებში ხდებოდა სპერმის იმპორტი, რა მნიშვნელობა და სარგებლობა შეიძლება ჰქონოდა ამ პროექტს და სხვა რა კომპონენტებს მოიცავს.

სპერმის იმპორტს ასევე აკრიტიკებს პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი და აღნიშნავს, რომ უმჯობესი იყო თელავის მუნიციპალიტეტს დონორი ორგანიზაციისათვის გრანტი მოეთხოვა სხვა მიმართულებით მაგალითად - უპატრონო ძაღლების თავშესაფრის მოსაწყობად. ჟურნალისტს რომ გამოეკვლია პროექტის მთლიანი მოცულობა, მიმართულება, მნიშვნელობა/საჭიროება და გაევრცელებინა ეს ინფორმაცია, მაყურებელს საშუალება მიეცემოდა შეეფასებინა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების კრიტიკის ადეკვატურობა პროექტის მიმართ.

ამის ფონზე მთელ სიუჟეტს ლაიტმოტივად გასდევს ცინიკური დამოკიდებულება პროექტის მიმართ, რომელიც იწყება წამყვანის ტექსტით „ოზურგეთში, ღორის სპერმასთან დაკავშირებული კომიკური ისტორია, მცირე ცვლილებით თელავში გრძელდება“. პროექტი აპრიორი შეფასებულია როგორც „კომიკური“. სიუჟეტში არის ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენლის პერფორმანსი თელავის მერიის წინ, სადაც ის მისულია ძროხასთან ერთად და აპროტესტებს სპერმის იმპორტს, რასაც თან სდევს ჟურნალისტის ტექსტი „გერმანულ სპერმას ქართველმა ძროხამ თელავის მუნიციპალიტეტში მიაკითხა“.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ პირველი პრინციპი დაირღვა, ვინაიდან ჟურნალისტმა არ გამოიკვლია და მაყურებელს არ მიაწოდა პროექტის შესახებ სრულად ინფორმაცია და პროექტი მხოლოდ დამცინავი და კომიკური აქცენტებით გააშუქა

არტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ჟურნალისტმა მიჩქმალა და მაყურებელს არ მიაწოდა ინფორმაცია პროექტის შესახებ. ქარტიის საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევა დაადგინა ზუსტად იმ მოტივით, რომ ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას მიეღო გადამოწმებული და სრული ინფორმაცია. ვერ დგინდება რომ ზოგადად ჟურნალისტმა თავად იცოდა პროექტის შესახებ სათანადო ინფორმაცია, შესაბამისად საბჭო ვერ ამტკიცებს, რომ ჟურნალისტმა იცოდა ეს ინფორმაცია და მიჩქმალა.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ია გულიაშვილმა და ეკა გაგუამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ია გულიაშვილს და ეკა გაგუას არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!