07 ნოემბერი 2018 წელი
საქმეზე N 237
დაჩი ცაგურია ნიკა
გვარამიას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე
საბჭოს წევრები: ნინო ჯაფიაშვილი, ლიკა ზაკაშვილი, თამარ უჩიძე, გელა მთივლიშვილი, მაია მამულაშვილი.
განმცხადებელი: დაჩი ცაგურია
მოპასუხე: ნიკა გვარამია
აღწერილობითი ნაწილისაქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა დაჩი ცაგურიამ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2018 წლის 04 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი2-ის ღამის ეთერში, გადაცემა „კვირის აქცენტებში“ ამავე გადაცემის წამყვანმა ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-3 და მე-11 პრინციპი. განმცხადებლის პოზიციით ქარტიის პრინციპების დარღვევა გამოიწვია ნიკა გვარამიას მიერ დაჩი ცაგურიას დაკავშირებამ ე.წ. “ქურდულ სამყაროსთან”, რაც დაჩი ცაგურიას პოზიციით არასწორი ფაქტი იყო.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ნიკა გვარამია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. როგორც აღინიშნა, 2018 წლის 04 ნოემბერს, ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში გავიდა გადაცემა “კვირის აქცენტები”, რომლის ერთ - ერთი წამყვანი იყო ნიკა გვარამია. გადაცემის ერთი ნაწილი ეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. ნიკა გვარამია აპელირებდა, რომ არჩევნების მე-2 ტურში მხარდამჭერების მობილიზების მიზნით, პარტია “ქართულმა ოცნებამ” დახმარება სთხოვა ე.წ. “ქურდულ სამყაროს” და დაასახელა პირები ე.წ. “ქურდული სამყაროდან”, რომლებიც მისი ინფორმაციით, ჩართული იყვნენ წინასაარჩევნო პროცესში. მან ასევე აღნიშნა, რომ ე.წ. “ქურდულ სამყაროს” დასახმარებლად “ქართულმა ოცნებამ” არჩევნების პირველი ტურის წინაც მიმართა და მაგალითად მოიყვანა დაჩი ცაგურია. კერძოდ, ნიკა გვარამიამ მტკიცებით ფორმაში, დადასტურებელი ფაქტის სახით მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ სამტრედიაში დაჩი ცაგურიამ და მამამისმა, კომუნიკაცია დაამყარეს ადგილობრივ “ავტორიტეტებთან” და შესაბამისი ანაზღაურების [ე.წ. “გრევი”] სანაცვლოდ არჩევნებში დახმარება სთხოვეს. მას შემდეგ რაც პირველი ტური დასრულდა, “ავტორიტეტებმა” მოითხოვეს კუთვნილი სარგებელი, რაზეც დაჩი ცაგურიასაგან უარი მიიღეს, ვინაიდან სამტრედიაში არჩევნები “ქართული ოცნებისათვის” არასასურველი შედეგით დასრულდა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, უარის შემდეგ, “ავტორიტეტები” დაჩი ცაგურიას დაემუქრნენ. მანვე საჯარო თხოვნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაეცვათ დაჩი ცაგურია.
განმცხადებლის პოზიციით, ნიკა გვარამიას განცხადებები იყო არასწორი და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.
ნიკა გვარამიამ თავისი შეპასუხება ორ ძირითად არგუმენტზე დაამყარა:
- მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია იყო ერთ წყაროზე დაყრდნობით და მან ეს ინფორმაცია სწორედ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
- “კვირის აქცენტები” საავტორო გადაცემაა, რომლის ფორმატი განსხვავდება საინფორმაციო გამოშვების ფორმატისაგან. ვინაიდან გადამოწმებული და დაზუსტებული არ იყო ინფორმაცია, ამიტომ ვერ მოხვდა ეს ინფორმაცია გადაცემა “კურიერის” ეთერში, ხოლო მას, ნიკა გვარამიას, საავტორო გადაცემაში შეეძლო ესაუბრა ამ საკითხზე და საავტორო გადაცემას არ შეიძლება ისეთივე სტანდარტები შეეფარდოს, როგორც საინფორმაციო გამოშვებას.
საბჭო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას:
- ფაქტების შესახებ ნიკა გვარამია ყვებოდა მტკიცებით ფორმაში, მას ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არ განუცხადებია, რომ ეს იყო გადაუმოწმებელი ინფორმაცია. განსაკუთრებით აღსანიშნავია რომ ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებული ინფორმაცია შეიცავდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და ასეთი ინფორმაცია გადამოწმების და გასაჯაროების განსაკუთრებულ სტანდარტს ითხოვს. როგორც მან ზეპირი განხილვის დროს აღნიშნა, ინფორმაცია მას მიაწოდა ერთმა წყარომ და სხვაგვარად არ დასტურდებოდა. არ ჩანდა ასევე წყაროს სანდოობის ხარისხი.
- საავტორო გადაცემა, რა თქმა უნდა, განსხვავდება საინფორმაციო გამოშვებისაგან, მაგრამ არა ფაქტების სიზუსტის ნაწილში. საავტორო გადაცემის დროს მის ავტორს/წამყვანს აქვს უფრო მეტი თავისუფლება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, შეფასება, მხარი დაუჭიროს ამა თუ პირს/მოსაზრებას, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მიმდინარეობას, მაგრამ ვინაიდან საავტორო გადაცემის წაყვანა სრულად ჯდება ჟურნალისტურ საქმიანობაში, მის წამყვან ჟურნალისტს ეკისრება ეთიკური პასუხისმგებლობა, რომ გამიჯნოს ფაქტი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია ერთმანეთისაგან, ფაქტის სახით გაავრცელოს მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია, ანუ პატივი სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ნიკა გვარამიამ გაავრცელა დაუზუსტებელი და გადაუმოწმებული ინფორმაცია ფაქტის სახით, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“ განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ნიკა გვარამიას წყარო დაუდასტურებელია. საპირისპიროდ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ მას უფლება აქვს დაიცვას წყაროს კონფიდენციალურობა, რომ ასეთი წყარო ნამდვილად არსებობს, თუმცა, ვერ მოხდა წყაროს მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. საბჭომ ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები დარწმუნებულიყო, რომ წყარო ნამდვილად არ არსებობდა, შესაბამისად ქარტიის მე-3 პრინციპი დარღვეულად არ მიიჩნია.
ქარტიის მე-11 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ მისი აზრით, ამბავი თავიდან ბოლომდე გამოგონილი და ყალბი იყო და მისი გავრცელება ემსახურებოდა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ინტერესს, მოეხდინა პარტია “ქართული ოცნების” დისკრედიტაცია. აღნიშნულთან დაკაშირებით ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ასეთი სურვილის შემთხვევაში ის “გამოგონილ ამბავს” დაუკავშირებდა პარტია “ქართული ოცნების” უფრო ცნობილ სახეებს, რომლებიც ასევე სამტრედიიდან არიან, მაგალითად კახა კალაძეს, ზვიად ძიძიგურს და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ ინფორმაციის წყარო ჰყავდა. ქარტიის საბჭოს დაკვირვებით და შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში დგინდება არა განზრახ დამახინჯება არამედ გადაუმოწმებელი ინფორმაციის ფაქტად გავრცელება, რაც იწვევს ქარტიის პირველი და არა მე-11 პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილიყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნიკა გვარამიამ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- ნიკა გვარამიას არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.