გადაწყვეტილება საქმეზე - სოფიკო ყანჩაველი ქრისტინე ქარჩხაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : სოფიკო ყანჩაველი;
მოპასუხე : ქრისტინე ქარჩხაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

გადაწყვეტილება

21 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 240 

სოფიკო ყანჩაველი ქრისტინე ქარჩხაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: სოფიკო ყანჩაველი

მოპასუხე: ქრისტინე ქარჩხაძე

აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოფიკო ყანჩაველმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, 2018 წლის 19 ნოემბერს, 20:30 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი. სიუჟეტი ეხებოდა საკანალიზაციო სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებს წყალტუბოში. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ქრისტინე ქარჩხაძე, რომელსაც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია და არც საბჭოს მიერ საქმის განხილვაში მიუღია მონაწილეობა.

სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სადავო სიუჟეტის თანახმად „[წყალტუბო] წლებია კანალიზაციის პრობლემებთან ერთად ცხოვრობს. მოუწესრიგებელი საკანალიზაციო სისტემის გამო როგორც სასმელი, ასევე სამომხმარებლო წყლები დაბინძურებულია“. თავად სიუჟეტს ტიტრად გასდევს შემდეგი ტექსტი „წყალტუბოში კანალიზაციის სიტემა არ არსებობს“.

ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სიუჟეტში არ იყო ნაჩვენები თუ რომელ წყაროს ან ფაქტებს დაეყრდნო ჟურნალისტი, როდესაც მტკიცებით ფორმაში აღნიშნავდა, რომ „საკანალიზაციო სისტემის გამო როგორც სასმელი, ისე სამომხმარებლო წყლები დაბინძურებულია“. ერთადერთი წყარო, რომელიც სიუჟეტში საკანალიზაციო სისტემის პრობლემებზე საუბრობს, არის ადგილობრივი მოსახლე, თუმცა ისიც ზოგადად კანალიზაციის პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას და არსად აღნიშნავს, რომ კანალიზაცია აბინძურებს სამომხმარებლო და სასმელ წყლებს. რა თქმა უნდა გამართული კანალიზაციის არ არსებობა მნიშვნელოვანია საკითხია, მაგრამ როდესაც ჟურნალისტი ამ პრობლემას აკავშირებს სასმელი წყლის ვარგისიანობასთან და აღნიშნავს, რომ სასმელი წყალი დაბინძურებულია, ეს შეიძლება ადგილობრივ მოსახლეობაში განგაშის და შეშფოთების საგანი გახდეს, მიიჩნიონ, რომ ყოველდღიურად მოხმარებული წყალი მათი ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.

შესაბამისად, ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში სასმელი და სამომხმარებლო წყლის „დაბინძურებულად“ მოხსენიება, რომელსაც თან არ ახლდა შესაბამისი წყაროები/ფაქტები, არღვევს ქარტიის პირველ პრინციპს, ვინაიდან ჟურნალისტმა პატივი არ სცა საზოგადოების უფლებას, მიეღო ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის საბჭო პირველ პრინციპთან ასევე შეუსაბამოდ მიიჩნევს ტიტრს „წყალტუბოში კანალიზაციის სიტემა არ არსებობს“. როგორც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ზურაბ მაისურაძის ინტერვიუდან ირკვევა, წყალტუბოს დაახლოებით 40% არ არის გამართული საკანალიზაციო სისტემა „2019 წლის ბიუჯეტში ჩასმულია ინფრასტუქტურის სამინისტროში ამ 40 % საკანალიზაციო ქსელის მოწყობა“, რაც ნიშნავს იმას, რომ საკანალიზაციო სისტემა მოწყობილია წყალტუბოს 60%-ში, შესაბამისად მტკიცებით ფორმაში იმაზე მითითება, რომ წყალტუბოში კანალიზაციის სიტემა არ არსებობს, წარმოადგენს არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებას.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად, “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.” აღნიშნულ პრინციპთან დაკავშირებით განმცხადებელი მიუთითებდა, რომ „ჟურნალისტს არ ჰყავს ყველა წყარო მოძიებული ვინც სარგებლობს საკანალიზაციო სისტემით და ვინც ვერ სარგებლობს და არ არის ახსნილი მიზეზები“. სწორედ ინფორმაციის არ გადამოწმების საფუძველზე ქარტიის საბჭოს მიერ დადგინდა პირველი პრინციპის დარღვევა, მე-3 პრინციპის ჭრილში განმცხადებლის მიერ მითითებული არგუმენტაცია მიეკუთვნება პირველ პრინციპს და არა მე-3-ს, შესაბამისად მესამე პრინციპის დარღვევა არ დგინდება.

ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად “ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს” მეოთხე პრინციპთან დაკავშირებითაც განმცხადებელი მიუთითებდა პირველი პრინციპისათვის რელევანტურ არგუმენტაციას, მაგ: „დაბინძურებული სასმელი წყალი არასამართლიანი და სუბიექტური აზრია“. „ჟურნალისტის კეთილსინდისიერება სიუჟეტში დასმული ყველა თემაზე შესაბამისი მხარის და დოკუმენტაციის გამოქვეყნებას გულისხმობს რაც ამ სიუჟეტში არ ჩანს“. „სიუჟეტში არ ჩანს რომ საკანალიზაციო ქსელის 60% არსებობს ქალაქში“. საბჭომ თავის მხრივ შეისწავლა სიუჟეტი, რომელიმე ინფორმაცია/დოკუმენტი არასამართლიანი მეთოდით ხომ არ იყო მოპოვებული, ასეთი ფაქტი ვერ იქნა მიკვლეული და არ დადგინდა მე-4 პრინციპის დარღევა.

ქარტიის მე-11 პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება”. საბჭო მიიჩნევს, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება გამოიწვია ჟურნალისტის მიერ ფაქტების გადაუმოწმებლობამ და არ მისმა განზრახვამ, რომ მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, შესაბამისად არ დადგინდა მე-11 პრინციპის დარღვევა.

სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. ქრისტინე ქარჩხაძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

2. ქრისტინე ქარჩხაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-4 და მე-11 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!