გადაწყვეტილება საქმეზე - გოჩა გოგინავა მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
განმცხადებელი : გოჩა გოგინავა;
მოპასუხე : მარიკა გოცირიძე;

გადაწყვეტილება

21 დეკემბერი 2018 წელი

საქმე N 242 

გოჩა გოგინავა მარიკა გოცირიძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: გიორგი მგელაძე

საბჭოს წევრები: ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, მაია მამულაშვილი, გელა მთივლიშვილი

განმცხადებელი: გოჩა გოგინავა

მოპასუხე: მარიკა გოცირიძე

აღწერილობითი ნაწილი 

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა გოჩა გოგინავამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანია რუსთავი 2 ის ეთერში, 2018 წლის 16 ნოემბერს, გადაცემა კურიერში გასულ სიუჟეტში „რიმა ბერაძე სკანდალში ეხვევა - საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრს ყოფილი კოორდინატორი ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს“, დაირღვა ქარტიის 1 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მარიკა გოცირიძე.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.

სიუჟეტის თანახმად, მოქალაქე ოთარ ციგრიაშვილის განცხადებით, მას საკრებულოს წევრი რიმა ბერაძე პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ აგიტაციაში მონაწილეობას სთხოვდა, თუმცა უარი განაცხადა, რამაც რიმა ბერაძე გაანაწყენა, ჩაერია ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და ციგრიაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი მის მეზობელს, გოჩა გოგინავას დაუკანონა.

ადმინისტრაციული დავა ეხებოდა ე.წ. გადაფარვას [ზედდებას], როცა ორი მეზობელი ნაკვეთის სარეგისტრაციო მონაცემები ერთმანეთს ფარავს. ოთარ ციგრიაშვილის მტკიცებით, გადაფარვის შესახებ დავა მეზობლის, გოჩა გოგინავას, სასარგებლოდ სწორედ რიმა ბერაძის დახმარებით გადაწყდა.

სიუჟეტის თანახმად „საჯარო რეესტრში მომხდარს ტექნიკური შეცდომით ხსნიან და ამბობენ, რომ მოდავე [ციგრიაშვილი] მიწის ნაკვეთს არასდროს ფლობდა“. ამ ფრაზამდე, ერთ - ერთი რესპოდენტი ამბობს: „დროში როგორ დაემთხვა, რომ ქალბატონ რიმა ბერაძესთან მისული ადამიანი, რომელიც რამდენიმე წელია, ფაქტობრივად, ამ მიწის ნაკვეთისთვის იბრძვის და 30-ჯერ აქვს საჯარო რეესტრს უარი ნათქვამი და ეს დასტურდება დოკუმენტაციით, ქალბატონ რიმასთან მისვლის შემდეგ რამდენიმე დღეში როგორ მოხდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი ნამდვილად დაუმტკიცეს ადამიანს“.

ამის პარალელურად, როგორც საჯარო რეესტრის წერილიდან [რომელიც ჩანს სიუჟეტში], ისე საჯარო რეესტრში დაცული ინფორმაციიდან [ადმინისტრაციული წარმოება დაკავშირებული შემდეგ საკადასტრო კოდთან 01.16.06.039.032] დგინდება რომ: 

  • გოჩა გოგინავამ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2018 წლის 25 მაისს.
  • ზედდების გამო გოჩა გოგინავას და ოთარ ციგრიაშვილს შორის დაინიშნა სანოტარო მედიაცია, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.
  • გოჩა გოგინავამ საჯარო რეესტრს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით.
  • ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის პროცესში საჯარო რეესტრმა სხვა სამართლებრივ ქმედებებთან ერთად ადგილიც დაათვალიერა და დაადგინა, რომ სანდრო ციგრიაშვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული საზღვრები სცდებოდა მყარ სასაზღვრო მიჯნას [ქვის ღობეს], გადადიოდა მეზობელ გოჩა გოგინავას ეზოში და კვეთდა გოჩა გოგინავას ავტოფარეხსაც. გამოიკითხნენ მეზობლები, რომელთა განცხადებითაც, სადავო მიწის ნაკვეთი ფაქტობრივი მდგომარეობით ეკუთვნოდა გოჩა გოგინავას და რომ ოთარ ციგრიაშვილი 2018 წლამდე პრეტენზიას არ აცხადებდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ ჟურნალისტის შეფასება „საჯარო რეესტრში მომხდარს ტექნიკური შეცდომით ხსნიან“ არ ასახავს სრულად იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რომელიც წინ უძღოდა მიწის ნაკვეთზე დავას და მაყურებელს შთაბეჭდილება რჩება, რომ გოჩა გოგინავას სახელზე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მთავარი ფაქტორი რიმა ბერაძის ჩარევა იყო.

აქვე საბჭო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არა მარტო საჯარო რეესტრის ინფორმაციით, არამედ თავად ჟურნალისტის მიერ გოჩა გოგინავას ეზოში გადაღებულ კადრებშიც ჩანს სასაზღვრო მიჯნა [ქვის ღობე] და ის ფაქტი, რომ სადავო ნაკვეთი გოჩა გოგინავას მფლობელობაში იყო, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტმა ეს ინფორმაცია მაყურებელს არ მიაწოდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭოს მიიჩნევს, რომ მარიკა გოცირიძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.

საბჭო ასევე აფასებს განმცხადებლის სხვა პრეტენზიებს, განმცხადებელი აპელირებდა, რომ არასწორ ინფორმაცია იყო:

  • რიმა ბერაძის ჩარევა სარეგისტრაციო წარმოებაში გოჩა გოგინავას სასარგებლოდ - აღნიშნულ ინფორმაციას დადასტურებული სახით ჟურნალისტი არ ავრცელებს, ამ ბრალდებას გამოთქვამს ოთარ ციგრიაშვილი, საპასუხოდ ჟურნალისტი ასევე იღებს და ავრცელებს რიმა ბერიძის კომენტარს, სადაც იგი ბრალდებებს უარყოფს, ანუ ჟურნალისტმა ამ შემთხვევაში მაყურებელს მიაწოდა ორივე მხარის პოზიცია.
  • რომ გოჩა გოგინავამ უარი განაცხადა ინტერვიუს მიცემაზე - ერთის მხრივ სიუჟეტში ჩანს, რომ ჟურნალისტი იმყოფება გოჩა გოგინავას სახლთან [გადაღებულია ეზოს ვიდეო კადრები], მეორეს მხრივ გოჩა გოგინავას წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გოჩა გოგინავასთან დაკავშირების მცდელობა არ ყოფილა. აღნიშნულ შემთხვევაში საბჭო ვერ მოიპოვა საკმარისი მტკიცებულებები ერთი ან მეორე მხარის პოზიციის რეალურობაში დასარწმუნებლად.
სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მარიკა გოცირიძემ დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!