გადაწყვეტილება საქმეზე - უზენაესი სასამართლო 5 მედიასაშუალების წინააღმდეგ

დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;

გადაწყვეტილება

21 თებერვალი 2019 წელი

საქმე N 247

საქართველოს უზენაესი სასამართლო მაია ფურცელაძის, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge და resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, გიორგი სულაძე, მაია მერკვილაძე, თამუნა უჩიძე.

განმცხადებელი: საქართველოს უზენაესი სასამართლო

მოპასუხე: მაია ფურცელაძე, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებული ჟურნალისტები

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, მედია საშუალებების versia.ge, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge და resonancedaily.com წინააღმდეგ. აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ 2019 წლის 21 იანვარს გამოქვეყნდა იდენტური სათაურის და შინაარსის სტატია „ეკა ბესელიას იჭერენ ?“, განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ აღნიშნულ მედიაპროდუქტში დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-5 პრინციპი.  „ვერსიის“ შემთხვევაში სადავო სტატია განთავსდა არა მარტო ვებგვერდზე, არამედ გამოქვეყნდა გაზეთის ბეჭდურ გამოცემაშიც.

 „ვერსიის“ მასალაზე პასუხისმგებელ პირად განისაზღვრა მთავარი რედაქტორი მაია ფურცელაძე, რაც შეეხება სხვა მედიასაშუალებებს, მათ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებებს, რომ ეცნობებინათ სადავო სტატიებზე პასუხისმგებელი პირები, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის თანახმად, შესაძლებელია გადაწყვეტილებაში მიეთითოს „არაიდენტიფიცირებადი ავტორი“.

საქმის განხილვის თავისებურება:

გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატიაში მითითებული იყო სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, მაგალითად:

  • “ოქუაშვილს ამ დავის გადაწყვეტა ეკა ბესელიამ შესთავაზა (ზაზა ოქუაშვილის ცოლი – ნატო ჩხეიძე ეკა ბესელიას კომიტეტის წევრია პარლამენტში). კონფიდენციალური წყარო გვიამბობს, რომ მან საქმის მოგვარებისათვის სოლიდური გასამრჯელო აიღო და ენერგიულად დაიწყო მანამდე არაერთგზის აპრობირებული სქემის განხორციელება”
  • „როგორც ამბობენ, ქალბატონი ბესელია ყოველთვის აგვარებდა მსხვილ დავებს მისი უახლოესი მეგობრისა და კორუფციულ საქმეებში ფინანსური პარტნიორის, მზია თოდუას მეშვეობით, აქვე შეგახსენებთ, რომ ეს ის მზია თოდუაა, რომელიც ამჟამად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო პალატის თავმჯდომარე და იმავდროულად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია.“
  • „იმასაც ამბობენ, რომ ბიზნესმენმა დეპუტატს მიცემული ქრთამის უკან დაბრუნება მოსთხოვა. სავარაუდოდ, ქალბატონმა ეკამ პატიოსნად დააბრუნა საკუთრი წილი, მაგრამ მზია თოდუამ ფულის დაბრუნებაზე უარი თქვა, რადგან იგი მიიჩნევდა, რომ საქმის გაჭიანურებით რაღაც სარგებელი მაინც მოუტანა „ომეგას“ შეფს“.
  • „ამის შემდეგ მოვლენები ელვისებურად ვითარდება. ქალბატონი ეკა, გვარამიას დავალებით „აფეთქებს“ ე.წ მოსამართლეთა საქმეს და იწყებს ხელისუფლების საბოტირებას: ტოვებს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს, მის ნაცვლად პროცედურების დარღვევით ნიშნავს გედევან ფოფხაძეს“.

გარემოებები შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაშიც ბრალი ედებოდათ პარლამენტის წევრს და უზენაესის სასამართლოს მოსამართლეს. არც ერთი ინფორმაცია არ არის გადამოწმებული, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ინფორმაციების წყაროების სანდოობა არ იკვეთებოდა, თავად მედიასაშუალება წყაროს „სანდოს“ უწოდებს, მაგრამ წყაროები აღწერილია როგორც „კონფიდენციალური“, „მედიაში უკვე გავრცელდა ინფორმაცია [არ არის მითითებული როდის და ვის მიერ]“, „სასამართლო კულუარებში კარგად ჩახედული წყარო“. გარდა იმისა, რომ სტატია არ შეიცავს „ბრალდებული“ პირების კომენტარებს, არც ჟურნალისტის მცდელობა არ ჩანს, რომ მოეპოვებინა კომენტარები ან/და სხვა გზით გადაემოწმებინა ინფორმაცია. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი. ჟურნალისტმა არა თუ არ სცა პატივი საზოგადოების უფლებას მიიღოს ზუსტი ინფორმაცია, არამედ არც მცდელობა ჩანს, რომ საზოგადოებისათვის გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაცია მიეწოდებინა.

სტატიის პირველწყარო იყო versia.ge, რაც შეეხება marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com, მათ იდენტური შინაარსით გამოაქვეყნეს სტატია და მიუთითეს „წყარო – ვერსია“, ეს მითითება არც ერთ შემთხვევაში არ ათავისუფლებს მედიასაშუალებას ეთიკური ვალდებულებებისაგან. წინამდებარე გადაწყვეტილებაში უკვე აღინიშნა რომ თავად versia.ge გამოქვეყნებული ჰქონდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, შესაბამისად, სხვა მედიასაშუალებებისათვის versia.ge იყო წყარო და ეთიკური ვალდებულებების დაცვის მიზნით მოვალენი იყვნენ, გადაემოწმებინათ „ვერსიის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია. უცვლელი სახით მასალის კოპირებით კი მათ იდენტურად ვერ შეასრულეს ის ეთიკური ვალდებულებები, რომლებიც საბჭომ ზემოთ აღნიშნა.

ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.“ განმცხადებელ მესამე პრინციპს დარღვეულად თვლიდა იმ არგუმენტაციით, რომლის საფუძველზეც დადგინდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა, შესაბამისად ქარტიის მე-3 პრინციპი დარღვეულად არ იქნა მიჩნეული.

ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. სადავო მასალების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს უზენასმა სასამართლომ მედიასაშუალებებს გაუგზავნა განცხადება, სადაც უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას. არც ერთმა მედიასაშუალებამ არ გაითვალისწინა უზენაესი სასამართლოს განცხადება, არა თუ არ ჩაასწორეს ინფორმაცია, არამედ უზენაესი სასამართლოს პოზიციაც არ გამოუქვეყნებიათ და სადავო სტატიები [რომლებშიც პირველი პრინციპის დარღვევა დადასტურებულია] ისევ თავდაპირველი რედაქციით იძებნება. შესაბამისად, მათ მიერ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს ცალკე იმსჯელოს versia.ge-ის ბეჭდურ ვერსიასთან დაკავშირებით. როგორც აღინიშნა, versia.ge-მ ვებსაიტზე განთავსების შემდეგ სადავო სტატია დაბეჭდა გაზეთის ბეჭდურ გამოცემაშიც მე -3 გვერდზე, სტატიამ დაიკავა ერთი საგაზეთო გვერდი. ამავე ნომერში სადავო სტატიის შემდგომ, მე-4 გვერდზე კი უფრო პატარა შრიფტით განათავსა უზენაესი სასამართლოს განცხადება. ქარტიის საბჭო ამ ქმედებას ვერ მიიჩნევს შესწორებად, ვინაიდან მედია გამოცემისათვის უკვე ცნობილი იყო უზენაესის სასამართლოს პოზიცია, რომელიც უნდა აესახა თავად სტატიაში ნაცვლად სხვა გვერდზე, უფრო პატარა და ნაკლებად შესამჩნევი შრიფტით განთავსებისა, ამასთან თავად სტატიაში არ იყო მითითებული, რომ ამავე გაზეთის ნომერი შეიცავდა უზენაესი სასამართლოს პოზიციასაც, ამით შეიზღუდა მკითხველის უფლება რომ გასცნობოდა მეორე მხარის პოზიციას.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

1. მაია ფურცელაძემ, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებულმა ჟურნალისტებმა დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.

2. მაია ფურცელაძეს, marshalpress.ge, digest.pia.ge, exclusivenews.ge, resonancedaily.com არაიდენიტიფიცირებულ ჟურნალისტებს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!