განმცხადებელი : მამია ფხაკაძე;
მოპასუხე : ნოდარ მელაძე, ქეთი ნადიბაიძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 3 პრინციპი;
03 მარტი 2019 წელი
საქმე N 263
მამია ფხაკაძე ნოდარ
მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი მგელაძე, თამარ უჩიძე.
განმცხადებელი: მამია ფხაკაძე
მოპასუხე: ნოდარ მელაძე და ქეთი ნადიბაიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მოსამართლე მამია ფხაკაძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 16 თებერვალს, ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ეთერში, გადაცემა „შაბათის კურიერში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ეხებოდა მოსამართლეთა ქონებებს, დაირღვა ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანი და რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და უშუალოდ სიუჟეტის ავტორი ქეთი ნადიბაიძე.
საქმის განხილვას დაესწრო როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი ნოდარ მელაძე, ხოლო ქეთი ნადიბაიძემ შეპასუხება წერილობითი ფორმით წარმოადგინა.
მამია ფხაკაძე მოპასუხე ჟურნალისტების მხრიდან ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას შემდეგ მონაკვეთებში მიიჩნევდა:
- ,,დიღომში, ქართველი მილიონერების უბანში ცხოვრობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე“. არ დასახელდა მამია ფხაკაძის საკუთრებაში არსებული და სოფელ დიღომში მდებარე საცხოვრებელი სახლის ზუსტი ფართის/კვადრატულის ოდენობა.
- ,,მათ [იგულისხმება მამია ფხაკაძე და მისი მეუღლე] 400 კვადრატული 12000 დოლარად 2011 წელს იყიდეს, სახლი კი ერთი წლის შემდეგ ააშენეს, რომელიც 87000 ლარი დაუჯდათ“.
- ,,გისოსები მოსამართლემ მშენებლობის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ მეტი უსაფრთხოებისთვის დაამონტაჟა და ამისთვის მერიიდან სპეც. ნებართვა აიღო“.
- “მისი ოჯახის [იგულსხმება მამია ფხაკაძე] საკუთრებაა - 3 წლის წინ ბაკურიანში 30 000 დოლარად ნაყიდი საცხოვრებელი“.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. ქარტიის საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებაში აფასებს და მსჯელობს სადავო სიუჟეტის მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც ეხებოდა უშუალოდ განმცხადებელ მამია ფხაკაძეს, რომელიც ამავდროულად არის რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.
განცხადებაზე მსჯელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცა და განმცხადებლის პოზიცია შეფასდა ზოგადად სიუჟეტის მიზნის და აქცენტების გათვალისწინებით.
საბჭო თავდაპირველად განმარტავს სიუჟეტის იმ ფრაგმენტების შესახებ საკუთარ პოზიციას, რომლებიც მამია ფხაკაძის მიერ სადავოდ იყო გამხდარი, თუმცა, საბჭომ პირველი პრინციპის დარღვევად არ მიიჩნია, კერძოდ:
- საბჭომ არ გაიზიარა განმცხადებლის პრეტენზია, რომ მის მიერ ბაკურიანში შეძენილი სახლის ღირებულება სიუჟეტში არაზუსტი იყო და ნაცვლად 29 260 დოლარისა, დასახელდა 30 000 დოლარი. საბჭო განმარტავს, რომ ჟურნალისტიკა ყოველთვის არ მოითხოვს მათემატიკურ სიზუსტეს და სახლის ღირებულების ასე დამრგვალება ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ წარმოადგენდა სიზუსტის არსებით დარღვევას.
- მამია ფხაკაძე აცხადებდა, რომ სიზუსტე დაირღვა მისი კერძო სახლის ზუსტი ფართის/კვადრატულობის სიუჟეტში არ დასახელებით. საბჭომ არც ეს პრეტენზია გაიზიარა. სიუჟეტში ითქვა, რომ ფხაკაძის სახლი იყო მცირე ზომის, 1 სართულიანი. სიუჟეტში დასახელებულია აშენების ღირებულება 87 ათასი ლარი, სიუჟეტში ნაჩვენები იყო სახლის არაერთი ვიდეო კადრი, რითიც მაყურებელი სახლის მოცულობის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას იღებდა და ზუსტი ფართის არ დასახელება არ შეიძლება ამ შემთხვევაში სიზუსტის არსებით დარღვევად მივიჩნიოთ.
- მამია ფხაკაძე სადავოდ ხდიდა ჟურნალისტის მიერ მის სახლზე გისოსების მონტაჟისთვის მერიიდან მიღებული ნებართვის “სპეცნებართვად” მოხსენიებას. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ამით ჟურნალისტი ცდილობდა ხაზგასმას, თითქოს მოსამართლემ პრივილეგიით ისარგებლა და სპეც ნებართვა მიიღო. საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის ამ მსჯელობას და განმარტავს, რომ უკვე დასრულებულ სახლზე, მართლაც მოგვიანებით მოხდა მერიისთვის, სპეციალური განცხადებით მიმართვა და გისოსების მოწყობაზე თანხმობის მიღება, ეს ფაქტი კი შესაძლებელია ჟურნალისტმა მოიხსენიოს სპეც ნებართვად [მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად აღნიშნული ნებართვის დასახელებაში “სპეც” თავსართი არ არის] და ეს არ შეიძლება გაგებული იქნას სიზუსტის პრინციპის არსებით დარღვევად.
- განმცხადებელი ასევე სადავოდ ხდიდა სიუჟეტის შემდეგ ფრაზას: “მათ 400 კვადრატული 12000 დოლარად 2011 წელს იყიდეს, სახლი კი ერთი წლის შემდეგ ააშენეს, რომელიც 87000 ლარი დაუჯდათ“ - ამ შემთხვევაში განმცხადებელი ამბობდა, რომ მან სახლი 2012 წელს დაასრულა, სიუჟეტიდან კი შთაბეჭდილება რჩება, რომ სახლი უფრო გვიან 2013 წელს დასრულდა. საბჭომ არც ეს არგუმენტაცია გაიზიარა, აღნიშნულ ფრაზაში სიზუსტის არსებითი დარღვევა, რაც მაყურებელს მნიშვნელოვან ინფორმაციას აკლებდა, საბჭომ ვერ დაინახა.
რაც შეეხება სიუჟეტში დაფიქსირებულ ეთიკურ პრობლემებს. საბჭო კიდევ ერთხელ აფიქსირებს, რომ სიუჟეტში სიზუსტის პრინციპის დარღვევა მხოლოდ მამია ფხაკაძის ეპიზოდში მოყვანილი ფაქტების ნაწილში შეფასდა და არსებითად არ უმსჯელია ამავე სიუჟეტში ნახსენები სხვა მოსამართლეების საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ ინფორმაციის სიზუსტეზე.
ქარტიის საბჭო, დამკვიდრებული პრაქტიკით, თითოეულ მედიაპროდუქტს აფასებს საზოგადოებისთვის სიუჟეტის წარდგენის ყველა ასპექტის გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში საბჭომ იმსჯელა და გაითვალისწინა სადავო სიუჟეტის ანონსი და ამ სიუჟეტის შემდგომ, კურიერის მომდევნო დღეების გამოშვებებში ამავე თემის გაშუქების აქცენტები.
ფრაგმენტები “შაბათის კურიერის” ანონსიდან:
- “ეს უცხოელი ოლიგარქების სასახლეები არ გეგონოთ, ეს ქართველი მოსამართლეების ფეშენებელური სახლებია. დღეს 9-ზე გაიცანით მოსამართლეები მილიონერების დასახლებიდან”.
- “ნახეთ მოსამართლეების ბინები თბილისის შუაგულში სასამართლოს კლანის ბოსებს ხიბლავთ ვერა და ვაკე, დუპლექსები, პენტჰაუზები ყველაზე ძვირიან კორპუსებში.”
- “კურიერის” აერო გადაღების კამერამ მოსამართლეების სახლებს გადაუფრინა ერთ საათში ნახეთ რა ქონებას ფლობენ მოსამართლეები, რომლებსაც საქართველოს სახელით ათასობით ადამიანისათვის განაჩენი გამოაქვთ.”
- “როდესაც ამ კადრებს ნახავთ დარწმუნდებით, რომ მოსამართლეებს კონკურსი აქვთ გამოცხადებული ვის უფრო მდიდრული და ფეშენებელური სახლი ექნება”
- “ჩვენ დავსვამთ კითხვას, შეუძლია თუ არა მოსამართლეს, რომლის თვიური შემოსავალი დაახლოებით 4 ათასი ლარია, ჰქონდეს ასობით ათასი ლარის ქონება თუ ის პატიოსანი ცხოვრებით ცხოვრობს”.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლით, საბჭო მიიჩნევს, რომ მაყურებელს მამია ფხაკაძის შემთხვევაშიც გაუჩნდებოდა მოსაზრება მისი ქონების “მდიდრულობის” და ქონების საეჭვო შემოსავლებით დაგროვების შესახებ. ამას ამძაფრებდა სიუჟეტში მამია ფხაკაძის ეპიზოდის დასაწყისიც: ,,დიღომში, ქართველი მილიონერების უბანში ცხოვრობს რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე“.
საბჭომ მოისმინა რა მხარეთა პოზიციები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მოიძია საჯარო წყაროებში დაცული ინფორმაცია, მივიდა დასკვნამდე, რომ სიუჟეტში მამია ფხაკაძის ეპიზოდში დარღვეულია სიზუსტის პატივისცემის პრინციპი.
სიუჟეტში მოყვანილი ფაქტების დიდი ნაწილი მართლაც აჩენდა ეჭვებს ზოგიერთი მოსამართლის შესაძლო კორუმპირებულობაზე, მათ მიერ დაუსაბუთებელი ქონების ფლობაზე, მოულოდნელ გამდიდრებაზე. თუმცა, ჩამოთვლილ კრიტერიუმებში ვერ ჯდებოდა მოსამართლე მამია ფხაკაძის ქონება. ამ აზრს ამყარებს ნოდარ მელაძის პასუხი საბჭოს წევრების არაერთგზის დასმულ კითხვაზე, თუ რომელი კრიტერიუმით შეარჩია ფხაკაძის ქონება სიუჟეტში მოსახვედრად. მელაძემ საბჭოს უპასუხა, რომ სიუჟეტის წარდგენა და ანონსი, სადაც მოსამართლეთა ქონების საეჭვო წარმომავლობაზე იყო საუბარი, დიდწილად არ ეხებოდა მამია ფხაკაძეს და ის მხოლოდ რუსთავის სასამართლოს თავმჯდომარეობის გამო მოხვდა აღნიშნულ სიუჟეტში. საბჭო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ამ განმარტებას, ვინაიდან სიუჟეტის ანონსიდან დაწყებული თემის მომდევნო დღეებში გაშლით გაგრძელებული, სიუჟეტში მოხსენიებული ყველა მოსამართლის, მათ შორის მამია ფხაკაძის მიმართ შეიქმნა უარყოფითი კონოტაცია და ისიც საზოგადოების წინაშე, როგორც “ეჭვმიტანილი” გახდა ფეშენებელური სახლების და დიდძალი ქონების საეჭვოდ [არალეგალური შემოსავლებით] დაგროვებაში.
საბჭო მიიჩნევს, რომ ნოდარ მელაძის განმარტებას მამია ფხაკაძესთან მიმართებაში მისაღებს გახდიდა ის ფაქტი, თუ გადაცემის წამყვანი ან ჟურნალისტი სიუჟეტში ცალსახად იტყოდა, რომ მოსამართლე ფხაკაძის ქონება მდიდრული არ არის, მისი სახლიც არ აკმაყოფილებს ფეშენებელური სახლის კრიტერიუმებს, რომ მას ქონება არ დაუგროვებია ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ გაძლიერებული “მოსამართლეთა კლანის” პირობებში.
ნაცვლად ამისა, ამ თემის მრავალმხრივი გაშუქებისას ფხაკაძის ქონებაც სიუჟეტში მოყვანილი მოსამართლეების დიდი ნაწილის მართლაც მდიდრული უძრავი ქონების მსგავსად, გახდა მაყურებლისთვის საეჭვო და განხილვის საგანი.
განხილვისას მოპასუხე ნოდარ მელაძემ საბჭოს განუმარტა, რომ გაშუქებისას გამოყენებული ფრაზები: “მილიონერების უბანი” “მთა ჩამოიტანა ბარში” - მოსამართლე ფხაკაძის სახლს ეხებოდა. თუმცა, ნოდარ მელაძემ საბჭო ვერ დაარწმუნა თუ რატომ მოიხსენია სოფელ დიღომში (ზურგოვანი) არსებული ადგილი, სადაც ერთი კვ.მ. მიწა მოსამართლეს 30$-ად ჰქონდა შეძენილი, ქართველი მილიონერების უბნად. ნოდარ მელაძემ საბჭოს ვერ მიუთითა ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი წყარო, რაც დაადასტურებდა, რომ ფხაკაძის სახლი მართლაც მილიონერების უბანში მდებარეობდა. ამ ფაქტს საეჭვოს ხდიდა სახლის ზუსტი მდებარეობა, სოფელი დიღომი, ზურგოვანი, რაც ფხაკაძეს ქონებრივ დეკლარაციებში ჰქონდა მითითებული და მისი განთავსების ადგილი ჟურნალისტებისთვისაც ცნობილი იყო.
საბჭოს მიერ მოკვლეული ინფორმაციით, ფხაკაძის საცხოვრებელი ადგილი არსად არაა მოხსენიებული ქართველი მილიონერების უბნად და ვერც ჟურნალისტებმა წარმოგვიდგინეს ამის დამადასტურებელი წყაროები. საბჭო მიიჩნევს, რომ მართლაც რომ “მილიონერების” უბანში ყოფილიყო ფხაკაძის სახლი, ეს მის სიმდიდრეზე არ მიუთითებდა, რადგანაც დოკუმენტაციით დასტურდება, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი 1 კვ.მ. 30 დოლარად ჰქონდა შეძენილი და სახლის ასაშენებლად 87 ათასი ლარი ჰქონდა დახარჯული, ეს იმ ფონზე, როცა ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ფხაკაძის და მისი მეუღლის შემოსავალი ყოველწლიურად ოფიციალურად 100 ათას ლარს აჭარბებს [ეს მონაცემები მოპასუხე ჟურნალისტებისთვისაც იყო ცნობილი და საბჭოს წინაშეც დააფიქსირეს, რომ დოკუმენტებს, სადაც ეს ინფორმაციაა ასახული, საეჭვოდ არ მიიჩნევენ].
ყოველივე ზემოთ აღწერილიდან გამომდინარე, ქარტიის საბჭომ მიიჩნია, რომ სადავო სიუჟეტში, მამია ფხაკაძესთან მიმართებით დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, ვინაიდან მოპასუხე ჟურნალისტებმა არ სცეს პატივი საზოგადოებას მიეღო ზუსტი ინფორმაცია. ამისთვის არ მიმართეს ყველა გზას, მათ შორის არც სადავო სიუჟეტის მომზადებისას და არც შემდგომი გაშუქებისას არ დაუკავშირდნენ თავად მამია ფხაკაძეს, რომლის პოზიციის სიუჟეტში ასახვაც გაცილებით ინფორმირებულს გახდიდა მაყურებელს და მთლიანად საზოგადოებას.
მამია ფხაკაძემ “შაბათის კურიერის” სიუჟეტში სადავოდ გახადა ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევაც. ქარტიის მესამე პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია”.
ფხაკაძე მიიჩნევდა, რომ მისი და მისი მეუღლის მიერ მშობლებისგან მემკვიდრეობით მიღებული ბინების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიჩქმალული იყო სიუჟეტში, რის გამოც მაყურებელს არასწორი წარმოდგენა შეექმნა მისი ოჯახის ქონების შესახებ.
სიუჟეტში მითითებული იყო ინფორმაცია მამია ფხაკაძის ოჯახის საკუთრებაში არსებული სხვა ბინების შესახებ, რომლებიც მას აქვს თბილისში, საბურთალოზე. დოკუმენტაციის თანახმად, აღნიშნული ბინებიდან ერთი 2000 წელს არის შეძენილი, ხოლო მეორე 2002 წელს, იმ დროს, როცა მამია ფხაკაძე მოსამართლე არ იყო.
როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, ეს ბინები შეიძინეს მისმა და მისი მეუღლის ოჯახებმა, როცა თავად ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ. ეს ინფორმაცია [შეძენის წლები] ასახულია ქონებრივ დეკლარაციაში, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანს სიუჟეტში, მაგრამ იმ ფორმით, რომ მაყურებლისთვის არ არის აღქმადი მათი შეძენის წლები, მით უფრო რომ ქონებრივი დეკლარაცია არ არის იმ ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ადვილად წაიკითხავს და აღიქვამს მაყურებელთა უმრავლესობა.
ამ ბინების შეძენის დროის და წარმომავლობის ცხადად მითითება სიუჟეტში აუცილებელი იყო იმ ფონზე, რომ სიუჟეტის ანონსში მაყურებელს ჟურნალისტმა ხაზგასმით უთხრა, “ნახეთ მოსამართლეების ბინები თბილისის შუაგულში სასამართლოს კლანის ბოსებს ხიბლავთ ვერა და ვაკე, დუპლექსები, პენტჰაუზები ყველაზე ძვირიან კორპუსებში”. მართალია, ნოდარ მელაძემ საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ ანონსში არ იგულისხმებოდა მამია ფხაკაძის ქონება, თუმცა საბჭო აღნიშნავს, რომ მსგავსი განმარტება აუცილებელი იყო სიუჟეტში, რათა აუდიტორიას ზუსტი ინფორმაცია მიეღო.
საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან სიუჟეტი ეხებოდა ქონებრივ მდგომარეობას და შესაძლო საეჭვო “გამდიდრებას”, საბურთალოზე არსებული ბინების შეძენის წლები არსებითი იყო მაყურებლისთვის, თანაც მაშინ, როდესაც ჟურნალისტს არ უხსენებია, რომ ბინები მემკვიდრეობით იყო მიღებული. ამის შესახებ ხაზგასმით უნდა მიენიშნებინა ჟურნალისტს, რადგან ასე არ მოხდა - ამით დაირღვა ქარტიის მე-3 პრინციპი შემდეგ ნაწილში - ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნოდარ მელაძემ და ქეთი ნადიბაიძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი და მე-3 პრინციპი.