განმცხადებელი : აგროჟურნალისტთა ასოციაცია;
მოპასუხე : მეგი საჯაია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
გადაწყვეტილება
03 მარტი 2019 წელი
საქმე N 253
საქართველოს
აგროჟურნალისტთა ასოციაცია მეგი საჯაიას წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: თამარ უჩიძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, გიორგი სულაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი მგელაძე.
განმცხადებელი: საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაცია
მოპასუხე: მეგი საჯაია
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს აგროჟურნალისტთა ასოციაციამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ „ასავალ - დასავალის“ 4-10 თებერვლის N 5 [1262] ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სახელწოდებით „შპს „შირაქმა“ „ასავალ - დასავალსა“ და ჯაბა ექიმს სასამართლოში უჩივლა“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი. სადავო სტატიის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - მეგი საჯაია.
საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატია არის ინტერვიუ ექიმ ჯაბა ტყემალაძესთან, რომელიც საუბრობს მცენარეული ცხიმის, კერძოდ პალმის ცხიმის მავნებლობაზე. მაგალითად მოჰყავს კომპანია „შირაქის“ პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ პალმის ცხიმს. პალმის ცხიმის შემცველი პროდუქცია რესპონდენტის მიერ შეფასებულია როგორც „სიმსივნის გამომწვევი პროდუქტი“, „შხამი“, „მომწამვლელი“, „საწამლავი“. ამის საპირისპიროდ სტატიაში არ არის არც შირაქის [მწარმოებელის] წარმომადგენლის და არც სხვა კომპეტენტური პირის [მაგალითად სურსათის ეროვნული სააგენტოს] საპასუხო პოზიცია, ეთანხმებიან თუ არა ისინი ჯაბა ტყემალაძის შეფასებებს, მიიჩნევენ თუ არა, რომ პალმის ცხიმი ავტომატურად შეიძლება შეფასდეს როგორც „შხამი“, „საწამლავი“. ვინაიდან სტატია აქცენტირებულია კომპანია „შირაქის“ პროდუქციაზე და ის მოხსენიებულია როგორ „შხამი“ ჟურნალისტი ვალდებული იყო, ეთიკური პრინციპების დაცვის მიზნებისათვის საპასუხო კომენტარისთვის/განმარტებისათვის მიემართა კომპანია „შირაქის“ წარმომადგენლებისათვის. ასევე ინტერვიუში ჯაბა ტყემალაძე გამოთქვამს პრეტენზიას სახელმწიფოს მიმართ, რომ სახელმწიფო უფლებას აძლევს მწარმოებლებს გამოიყენონ პალმის ცხიმი, რომელიც მისი აზრით შხამი და საწამლავია. ჟურნალისტი ასევე ვალდებული იყო მიეღო სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია ამ ბრალდებებთან დაკავშირებით.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საბჭო ასევე პირველი პრინციპის ჭრილში პრობლემურად მიიჩნევს ჯაბა ტყემალაძის სხვა პოზიციებსაც, რომელიც გადმოცემულია ფაქტის სახით და არ არის გადამოწმებული/დაზუსტებული ჟურნალისტის მიერ, რომელთა დაზუსტებაც თავად რესპონდენტისათვის დამატებითი კითხვების დასმითაც შეიძლებოდა. კერძოდ, მოეთხოვა განმარტება თუ რის საფუძველზე აკეთებდა ამ განცხადებებს:
- „80 იან წლებში ევროპელებმა დაიწყეს აფროამერიკელი მოსახლეობის მხარდაჭერის ვერაგული პროგრამა. რომელიც პალმისა და ქოქოსის ცხიმების წარმოებაა და საკვებში შეტანას გულისხმობდა. მარტივად რომ ვთქვათ ევროპას მობეზრდა აფრო ამერიკელების ემიგრაცია და მათ ადგილზე დასაქმებას, იაფი პროდუქტით გამოკვებას და ამავდროულად პოპულაციის შემცირებას შეეცადა“.
- „ამავდროულად შევედით იმ ქვეყანათა სიაში, სადაც ბუნებრივად აღარ მრავლდებიან და პალმის ცხიმით ჩვენი ამოწყვეტა აღარ არის საჭირო“, ეს განცხადება ცალსახად არასწორია ვინაიდან ოფიციალური სტატისტიკით 2008 წლიდან საქართველოში დაბადებულთა რიცხვი ჭარბობს გარდაცვლილთა რიცხვს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მეგი საჯაიამ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.