გადაწყვეტილება საქმეზე - ლგბტქი ასოციაცია თემიდა ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : ლგბტქი ასოციაცია თემიდა;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
გადაწყვეტილება

28 მარტი 2019 წელი

საქმე N 256
ლგბტქი ასოციაცია თემიდა ნუგზარ რუხაძის წინააღმდეგ

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა, გიორგი სულაძე.

განმცხადებელი: ლგბტქი ასოციაცია თემიდა

მოპასუხე: ნუგზარ რუხაძე

აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ლგბტქი ასოციაცია თემიდამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 31 იანვარს, ინგლისურენოვან გამოცემაში georgiatoday.ge გამოქვეყნებულ მოსაზრებაში [OP-ED] სახელწოდებით “Feminism, Gayism, Drugism & All That Jazz”” დაირღვა ქარტიის პირველი, მეხუთე და მე-7 პრინციპი. სადავო ჟურნალისტური პროდუქტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - ნუგზარ რუხაძე.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია. ამასთან, თავდაპირველად განცხადებელი სადავოდ ხდიდა ქარტიის მხოლოდ მე-7 პრინციპს და სხდომის მიმდინარეობისას დაამატა პირველი და მე-5 პრინციპის დარღვევის მოთხოვნაც. შესაბამისად, დამატებით მიეცა ერთკვირიანი ვადა მოპასუხეს, რომ პოზიცია წარმოედგინა დამატებულ პრინციპებთან დაკავშირებით. არც აღნიშნულ ვადაში ქარტიის საბჭოს არ მიუღია ჟურნალისტის შეპასუხება.

სამოტივაციო ნაწილი

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო სტატია წარმოადგენს ავტორის პირად მოსაზრებას [OP-ED] ფემინისტურ, ასევე ქვიარ მოძრაობებთან დაკავშირებებით და ძირითადად ნეგატიურად აფასებს მათ, მაგრამ ამასთან ზოგიერთ საკითხს მტკიცებით ფორმაში, როგორც ფაქტს, ისე აწვდის საზოგადოებას, მაგალითად ავტორის მტკიცებით, ფემინისტური იდეაა რომ “მამა და ქმარი ქალის ყველაზე ცუდი მტრები არიან” “ოჯახების და ქორწინების წინააღმდეგ უწყვეტი პროპაგანდა, რომელიც წახალისებულია ფემინისტების მიერ მსოფლიოში” “[ფემინისტების მოსაზრებით] ბავშვს აღარ სჭირდება დედის სიყვარული, რადგანაც ეს ადამიანების მიერ შექმნილი მითია”. ავტორი არ უთითებს არც ერთ წყაროს ან მტკიცებულებას, რომლის თანახმად ფემინიზმის ძირითადი იდეები ოჯახის, ქორწინების და დედის წინააღმდეგ ბრძოლა და პროპაგანდაა ეს მაშინ, როდესაც ფემინიზმი მოძრაობაა, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა უფლებების აღიარებას, დაცვას, მათ უფლებრივ გათანასწორებას მამაკაცებთან სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ჭრილში. რომც დავუშვათ რომ ესა თუ ის რადიკალური ფემინისტური მოძრაობა ან რომელი მისი წევრი სხვადასხვა დროს სტატიაში ფემინიზმისთვის “მიწერილ” იდეებს ავრცელებდნენ, “ოჯახის”, “დედის”, “ქორწინების” წინააღმდეგ ბრძოლა, დადასტურებული სახით, როგორც ფემინიზმის გამსაზღვრელ ნიშნად მოხსენიება, მანიპულაციურ ხასიათს ატარებს და ხელს უწყობს არაწორი ინფორმაციის გავრცელებას.

ამგვარი არასწორი ინფორმაციის გავრცლება განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როცა საქართველოში ფემიციდი და ზოგადად ოჯახში ქალზე ძალადობა მნიშვნელოვანი პრობლემაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს ქალზე ფიზიკური ძალადობის 1705 ფაქტი დაფიქსირდა ოფიციალურად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ოჯახში ძალადობის მსხვერპლია.

ქარტიის მე-5 პრინციპი: "მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება". განმცხდებელმა ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა სოციალურ ქსელ FACEBOOK - ში, მასსა და georgiatoday.ge წარმომადგენელ მაია წერეთელთს შორის არსებული მიმოწერა, სადაც განცხადებელი მას ინფორმაციის შესწორებას სთხოვდა. საქმის განხილვის დროს სტატია არ იყო შესწორებული და შესაბამისად დადგინდა მე-5 პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”. ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო სტატია უხვად შეიცავს სიძულვილის ენას და ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფების სტიგმატიზირებას. ციტატა სტატიიდან “გეიზმი აგრეთვე არის საქართველოში დემოგრაფიული ბუმის შემაჩერებელი”. ტერმინი “გეიზმი” არასწორია და გამოიყენება ჰომოფობიური ჩაგვრის წასახალისებლად, რადგან ასეთი ტერმინი ჰომოსექსუალურ ქცევას აღწერს არა როგორც ადამიანის ბუნებრივ მდგომარეობას და თანდაყოლილ თვისებას, არამედ მას წარმოაჩენს როგორც “იდეოლოგიურ მიმდინარეობას”, რაც თავის მხრივ ჰომოფობიურად განწყობილი პირების მიერ ჩაგვრის მიზნით გამოყენებული ერთ - ერთი არგუმენტია. ცალკე აღნიშვნის ღირსია, რომ არ არსებობს მეცნიერული დასკვნა, კვლევა, რომელიც არგუმენტირებულად მიუთითებს, რომ ჰომოსექსუალი ადამიანების უფლებების დაცვა წარმოადგენს დემოგრაფიული კლების წინაპირობას, საპირისპიროდ, მსგავსი მსჯელობა აღვივებს საზოგადოების ნეგატიურ განწყობას ჰომოსექსუალი პირების მიმართ.

სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში ასევე სტიგმა ძლიერდება ნარკოდამოკიდებული პირების მიმართაც. “არსებობენ კიდევ სხვა მავნებლები, რომლებიც აჩერებენ ჩვენი ეროვნული გადარჩენის შესაძლებლობას. ეს არის წამალდამოკიდებულება და ჰომოსექსუალობა, როგორც სქესის ფიზიკური ცხოვრების ალტერნატივა” საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას რომ ეს ფრაზა “უფრო ახალისებს დისკრიმინაციას ამ ჯგუფის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ზიანის შემცირების პროგრამებში უნდა ხედავდეს, უფრო ახალისებს დისკრიმინაციას ამ ჯგუფის მიმართ, რომელსაც სახელმწიფო ზრუნვისა და ზიანის შემცირების პროგრამებში უნდა ხედავდეს”. თავის მხრივ საბჭო ამატებს, რომ სექსუალური უმცირესობის და ნარკოდამოკიდებული პირების “მავნებლებად” მოხსენიება სიძულვილის ენააა, რომელიც 1997 წლის ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციიის მიხედვით არის “გამოხატვის ყველა ფორმა, რომელიც ავრცელებს, ხელს უწყობს, პროვოცირებას უწევს ან ამართლებს ქსენოფობიას, რასობრივ შუღლს, ანტისემიტიზმს, ასევე, შეუწყნარებლობის სხვა სახით გამოვლინებას - ეთნოცენტრიზმს, ნაციონალიზმს, დისკრიმინაციას, უმცირესობათა ან მიგრანტთა მიმართ მტრობას. ხელს უწყობს მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულების დამკვიდრებას ამა თუ იმ ნიშნით განსხვავებული ჯგუფების მიმართ”.

ქარტიის საბჭომ პირველი პრინციპის ჭრილში ასევე მიუთითა ფემინისტურ მოძრაობასთან დაკავშირებულ გარემოებებზე, სადაც ავტორი მანიპულირებს და ამ მოძრაობის დანიშნულებაზე/მიზნებზე არასწორ წარმოდგენას უქმნის მკითხველს, თავის მხრივ ასეთი მანიპულაცია იწვევს მე-7 პრინციპის დარღვევას სტიგმატიზაციის კუთხით, წარმოაჩენს რა ფემინიზმის მთავარ იდეად არა ქალთა უფლებებისთვის აქტივობას, არამედ ოჯახის/მამის/ქმრის/შვილზე ზრუნვის წინააღმდეგ ბრძოლას.

შესაბამისად სახეზეა როგორც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით დისკრიმინაცია ასევე ფემინისტების და წამალდამოკიდებული ადამიანების სტიგმატიზაციის ხელშეწყობა, მათ მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება, რაც იწვევს ქარტიის მეშვიდე პრინციპის დარღვევას.

ქარტიის საბჭო ასევე ყურადღებას გაამხვილებს სოციალ ქსელ FACEBOOK ში, განმცხადებლსა და georgiatoday.ge წარმომადგენელ მაია წერეთელთან არსებული მიმოწერაზე, სადც მაია წერეთელი აპელირებდა, რომ ეს იყო OP-ED-ი, ანუ ავტორის მოსაზრება და არ უნდა მომხდარიყო მისი გაიგივება გამოცემასთან. თავდაპირველად საბჭო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვის დროს მოპასუხედ განსაზღვრულია კონკრეტული პირი, სტატიის ავტორი და არა მედიაგამოცემა. ასევე, საბჭოს პოზიციით OP-ED-ი არ ათავისუფლებლებს მედიას ეთიკური ვალდებულებებისაგან, მით უფრო როცა საქმე ეხება დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას ან სტიგმატიზირებას, მედიას ეკისრება პოზიტიური, სოციალური ვალდებულება, რომ ყველაფერი იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად და არ უნდა იქცეს დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და სტიგმატიზირების გამავრცელებელ პლატფორმად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  • ნუგზარ რუხაძემ დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი

Related Articles

Articles Not Nound!