განმცხადებელი : ფრესკო;
მოპასუხე : მზია შარაშენიძე, უშო რუხაძე, ნათია ჩიქოვანი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
29 მაისი 2019 წელი
საქმე N 271 - შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“ , შპს ,,ფრესკო რითეილ გრუპი“, შპს ,,ფრესკო ნიუ სტანდარტსი“, შპს ,,ფრესკო ტრეიდ ჰაუსი“ მზია შარაშენიძის, უშო რუხაძის და ნათია ჩიქოვანის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი.
განმცხადებელი: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრი“ , შპს ,,ფრესკო რითეილ გრუპი“, შპს ,,ფრესკო ნიუ სტანდარტსი“, შპს ,,ფრესკო ტრეიდ ჰაუსი“
მოპასუხე: მზია შარაშენიძე, უშო რუხაძე და ნათია ჩიქოვანი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრმა“, შპს ,,ფრესკო რითეილ გრუპმა“, შპს ,,ფრესკო ნიუ სტანდარტმა“, შპს ,,ფრესკო ტრეიდ ჰაუსმა“ [შემდგომ „ფრესკო“]. განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ტელეკომპანიას „მესამის“ 2019 წლის 20 მარტის გადაცემაში - „შუადღე მესამეზე“ დაირღვა ქარტიის 1, 3, 5 და 11 პრინციპი. გადაცემის წამყვანები და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტები მზია შარაშენიძე, უშო რუხაძე, ნათია ჩიქოვანი.
საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლის წარმომადგენლები, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენიათ.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”. სადავო გადაცემა ეხებოდა დასაქმების ადგილებზე შრომითი უფლებების სავარაუდო დარღვევის ფაქტებს. ჟურნალისტი სიუჟეტში უთითებს იმ დარღვევებზე, რომლებიც გავრცელებულია შრომით ურთიერთობებში: „შრომითი უსაფრთხოება, მონური მოპყრობა, ღირსების შელახვა, დაბალი ანაზღაურება, თვალთვალი და იძულებით სამუშაო ადგილზე დატოვება“, „კომპანიები უხეშად არღვევენ დასაქმებულების უფლებებს“ ამ ტექსტის ფონად ნაჩვენებია სხვადასხვა საცალო სავაჭრო ობიექტები, მათ შორის ფრესკოს სავაჭრო ქსელიც. შემდეგ უკვე დადასტურებული ფაქტის სახით ჟურნალისტი მაყურებელს აწვდის ინფორმაციას რომ „სუპერმარკეტ ფრესკოს ქსელში წლების მანძილზე ხდებოდა დასაქმებულთა უფლებების შელახვა, რაც გამოიხატებოდა 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით, სამუშაო საათებთან და მოვალეობებთან შეუსაბამო ხელფასით, გასახდელებში თვალთვალით და მონური დამოკიდებულებით“. ამ ფრაზას მოსდევს 2017 წლის ინტერვიუ ფრესკოს ყოფილ დასაქმებულ მარიამ ლაშხიასთან. ის ფრესკოს ბრალს სდებს კანონთან შეუსაბამო ვიდეო მონიტორინგში. გადაცემა სიუჟეტის შემდეგ გაგრძელდა სტუმრებთან - საქართველოს პროფესიული კავშირების განვითარების იურისტ თამუნა სურმავასთან და საქართველოს აგრარული მეურნეობის, ვაჭრობის და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძესთან ერთად. გადაცემის დარჩენილი ნაწილი ეხება სტუმრების შეფასებებს და კომენტარებს შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ფრესკოსთან დაკავშირებული ინფორმაცია „სუპერმარკეტ ფრესკოს ქსელში წლების მანძილზე ხდებოდა დასაქმებულთა უფლებების შელახვა, რაც გამოიხატებოდა 12 საათიანი სამუშაო გრაფიკით, სამუშაო საათებთან და მოვალეობებთან შეუსაბამო ხელფასით, გასახდელებში თვალთვალით და მონური დამოკიდებულებით“. არ შეესაბამებოდა სიმართლეს. ფრესკომ ქარტიის საბჭოს წარმოუდგინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ლევან ჟორჟოლიანის 2017 წლის 10 თებერვლის წერილი, რომლის თანახმად 2017 წლის 08 თებერვალს შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრში“ იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნები არ გამოვლენილა, განმცხადებლის განმარტებით ეს წერილი ეხებოდა მარიამ ლაშხიას მიერ გავრცელებული ბრალდებების შედეგად განხორციელებულ შემოწმებას.
ქარტიის საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას, რომ სიუჟეტი აქცენტირებული იყო ფრესკოს სუპერმარკეტების ქსელზე და ბრალდებების ძირითადი ნაწილი სწორად ფრესკოს მიემართებოდა. ასევე, საბჭო, წინამდებარე გადაწყვეტილებით ვერ დაადგენს მართლაც ირღვეოდა თუ არა დასაქმებულთა უფლებები ფრესკოს მიერ. საბჭო მსჯელობს რამდენად მოხდა ჟურნალისტების მხრიდან ეთიკური ვალდებულებებისადმი პატივისცემა, რომ მაყურებელს მიეღო სრული, დაბალანსებული და გადამოწმებული ინფორმაცია. სიუჟეტში ისმოდა მხოლოდ ბრალდებები და არ იყო ასახული ფრესკოს საპასუხო პოზიცია, იგივე ხაზი გრძელდება სტუმრებთან ინტერვიუს დროს. მაშინ როცა უმეტესწილად დადასტურებული ფაქტის სახით ფრესკო დადანაშაულებულია უფლებების შელახვაში, მონურ დამოკიდებულებაში და ა.შ. აუცილებელი იყო ჟურნალისტებს მაყურებლისათვის შეეთავაზებინათ ფრესკოც პოზიციაც, მისი კომენტარი ბრალდებებთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტის მცდელობაც კი არ ჩანს, რომ მაყურებელს მიეღო დაბალანსებული ინფორმაცია.
ჟურნალისტს ასევე შეეძლო მოეკვლია და მოეძიებინა ინფორმაცია შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტისგანაც, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, შესწავლილი ჰქონდა გარემოებები იმ ფაქტზე, რომელიც მოყვანილი იყო სიუჟეტში [ფრესკოს ყოფილი დასაქმებულის მარიამ ლაშხია ინტერვიუ]. საბჭო მიიჩნევს ,რომ ჟურნალისტმა მაყურებელს მიწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, რითაც დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად: „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია, ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია“. როგორც აღინიშნა, სადავო გადაცემა გავიდა 2019 წელს, ამასთან გამოყენებული იყო 2017 წლის ინტერვიუ ფრესკოს ყოფილ დასაქმებულ მარიამ ლაშხიასთან, ისე, რომ აღნიშნული არ იყო რომ ინტერვიუ/ბრალდებები 2 წლის წინანდელი იყო, ამით კი მათი აზრით მიიჩქმალა მნიშვნელოვანი ფაქტი.
ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის პოზიციას. სადავო გადაცემა ეხებოდა ზოგადად შრომით სფეროში არსებულ პრობლემებს, აღნიშნულიც იყო რომ „სუპერმარკეტ ფრესკოს ქსელში წლების მანძილზე ხდებოდა დასაქმებულთა უფლებების შელახვა“. შესაბამისად მაყურებლისათვის ნათელი იყო რომ გადაცემაში გაჟღერებული ბრალდებები ეხებოდა არა ახალ ამბავს/ახალ ფაქტს, არამედ იყო გარკვეულწილად გამოძახილი სხვადასხვა დროს მომხდარ სავარაუდო დარღვევებზე, შესაბამისად ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ ინტერვიუს ჩაწერის თარიღის არ დაკონკრეტებებით არ მიჩქმალულა მნიშვნელოვანი ფაქტი.
ქარტიის მე-5 პრინციპის მიხედვით „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. ქარტიის საბჭომ დაადგინა, რომ ფრესკოს წარმომადგენელი მარიამ აფრიდონიძე დაუკავშირდა გადაცემის პროდიუსერ გვანცა მამაცაშვილს და სთხოვა ინფორმაციის შესწორება ან/და ფრესკოს კომენტარის გავრცელება. როგორც საბჭოსთან სატელეფონო გასაუბრებისას გვანცა მამაცაშვილმა ქარტიის საბჭოს აცნობა, მათ ვერ შეძლეს ფრესკოს მოთხოვნის დაკმაყოფილება, ვინაიდან გადაცემა უკვე დახურული იყო. ქარტიის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს გარემოება არ გამორიცხავს მედიასაშუალების პასუხისმგებლობას, ვინაიდან მათ შეეძლოთ სპეციალური განცხადებით, სხვა გადაცემის ფორმატში ანდა ვებსაიტის მეშვეობით გამოხმაურებოდნენ ფრესკოს პრეტენზიას და მაყურებლისათვის მიეწოდებიათ მათ პოზიცია. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპიც.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ განმცხადებელი მიიჩნევდა, რომ ინფორმაციის გავრცელება მოხდა განზრახ არასწორად. საბჭო არ იზიარებს განმცხადებლის არგუმენტაციას და განსახილველ შემთხვევაში თვლის, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას საფუძვლად ედო არა განზრახვა, არამედ ჟურნალისტების მიერ ფაქტების და ინფორმაციის გადაუმოწმებლობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. მზია შარაშენიძემ, უშო რუხაძემ და ნათია ჩიქოვანმა დაარღვიეს ქარტიის 1 და მე-5 პრინციპი.
2. მზია შარაშენიძეს, უშო რუხაძეს და ნათია ჩიქოვანს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-3 და მე-11 პრინციპი.