28 ივლისი 2019 წელი
საქმე N 302
Jam-news.net ელზა
პაპოშვილის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: Jam-news.net
მოპასუხე: ელზა პაპოშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ონლაინ პლატფორმამ Jam-news.net, რომელიც მიიჩნევდა, რომ ჟურნალისტმა ელზა პაპოშვილმა დაარღვია ქარტიის მე-11 პრინციპი [პლაგიატი]. კერძოდ, განცხადების თანახმად, ელზა პაპოშვილის ავტორობით გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში" Jam-news.net მიერ მომზადებული ჟურნალისტური პროდუქტის „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა – ფოტორეპორტაჟი” პლაგიატი იყო.
საქმის განხილვას არ ესწრებოდნენ განმცხადებელი და მოპასუხე ჟურნალისტი, ამასთან, მოპასუხე ჟურნალისტს არც სხვა რაიმე ფორმით წარმოუდგენია თავისი პოზიცია სადავო მასალასთან დაკავშირებით.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: პლაგიატი“.
ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 2019 წლის 09 ივლისს, ვებ გვერდზე jam-news.net გამოქვეყნდა სტატია სახელწოდებით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა – ფოტორეპორტაჟი“
- გაზეთ რეზონანსის 10 ივლისის ბეჭდურ ვერსიაში დაიბეჭდა ჟურნალისტური პროდუქტი სათაურით „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში", ავტორი ელზა პაპოშვილი.
- „ინტერპრესნიუსის“ მიერ მომზადებულ პრესის მიმოხილვაში, სადავო მასალა „ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა - რა ხდება ქვეყანაში" მიმოხილული იყო როგორც "რეზონანსის" სტატია.
- გაზეთ „რეზონანსში“ დაბეჭდილი სტატიის და შესაბამისად, „ინტერპრესნიუსის“ პრესის მიმოხილვაში გამოქვეყნებული მასალის 8 აბზაცი სიტყვა - სიტყვით იმეორებს ვებსაიტზე jam-news.net გამოქვეყნებულ სტატიას და შემდგომ უკვე მოსდევს ინტერვიუები სხვადასხვა რესპონდენტებთან. ამასთან, არ არის აღნიშნული, რომ სტატიაში გამოყენებულია jam-news.net-ის მასალა.
ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ „თითოეული მასალის მომზადებას სჭირდება ადამიანური და მატერიალური რესურსი, ინტელექტუალური შრომა და სწორედ ამ შრომას უნდა სცეს პატივი კეთილსინდისიერმა ჟურნალისტმა და საკუთარ ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა ახსენოს, მიუთითოს თუ იყენებს სხვა ჟურნალისტის თუ მედია საშუალების მასალას“ [საქმე ჩაიხანა ნინუცა კახნიაურის წინააღმდეგ]. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ჟურნალისტის მიერ ეთიკური ვალდებულების დარღვევა, სხვისი ინტელექტუალური შრომის მითითების გარეშე გამოყენება - პლაგიატი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. ელზა პაპოშვილის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი მე-11 პრინციპი - პლაგიატი.