განმცხადებელი : რომან გოცირიძე;
მოპასუხე : ალია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
28 ივლისი 2019 წელი
საქმე N 300
რომან გოცირიძე გაზეთ ალიას
არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ლაურა გოგოლაძე, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე.
განმცხადებელი: რომან გოცირიძე
მოპასუხე: გაზეთ ალიას არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა საქართველოს პარლამენტის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რომან გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევდა, რომ გაზეთ „ალიას“ ვებგვერდზე, 2019 წლის 10 ივნისს განთავსებულ ჟურნალისტურ პროდუქტში, სათაურით „რომან გოცირიძე სარალიძეზე: -არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“ დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5, მე-7 და მე-11 პრინციპი.
სტატიაზე არ იყო მითითებული მისი ავტორის ვინაობა. ქარტიის საბჭოს სამდივნოს მიმართვის მიუხედავად გაზეთ „ალიას“ არ მოუწოდებია ინფორმაცია თუ კონკრეტულად ვინ იყო პასუხისმგებელი აღნიშნულ მასალაზე. ქარტიის საბჭოს საქმის წარმოების წესის 3.4 პუნქტის თანახმად „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი“.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებლის წარმომადგენელი, რომელმაც მოხსნა მისი მოთხოვნა ქარტიის მე-3 პრინციპთან დაკავშირებით. მოპასუხე მედიასაშუალებიდან ქარტიის მიმართვას არ გამოხმაურებიან, შესაბამისად არ იყო წარმოდგენილი შეპასუხება და არც სხდომაში მიუღია მონაწილეობა მათ წარმომადგენელს.
სამოტივაციო ნაწილი:
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად მედიასაშუალება დაეყრდნო ფეისბუქ გვერდს „სირცხვილის კორიდორი“ და მკითხველს მიაწოდა ინფორმაცია, თითქოს რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელ ფეისბუქში გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის სტატუსი: „ის, რაც გუშინ ზაზა სარალიძის მხრიდან რუსთავი ორის ეთერში ვიხილეთ, იყო სტანდარტული შოუ პროგრამა ! არ შეიძლება ანგელოზივით შვილი მიწაში ჩააწვინო და შენ თეატრალურის სტუდენტებზე ნიჭიერად თამაშობდე! ნაციონალური მოძრაობა მთელი ეს პერიოდი მას მხარში ედგა, თუმცა მისმა შეცდომებმა ნახეთ რაც მოიტანა! არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი".
სტატიას შემდეგ მოსდევდა „განახლება“ სადაც აღნიშნული იყო, რომ „ალია“ რომან გოცირიძეს დაუკავშირდა ინფორმაციის გადასამოწმებლად, ასევე მოყვანილი იყო ამ მიმოწერის დეტალები, სადაც „ალიას“ კითხვაზე: გვინდა დავაზუსტოთ, ნამდვილად დადეთ თუ არა მსგავსი შინაარსის პოსტი ზაზა სარალიძის წუხანდელ ტელეეთერზე? გვითხრეს, რომ დაპოსტეთ და შემდეგ წაშალეთ ეს პოსტი“ რომან გოცირიძე პასუხობს „არა, უნდა ვუჩივლო „ალიას“.
სტატია სრულდება გაზეთის განმარტებით, რომ „ეს პოსტი [იგულისხმება სადავო ფეისბუქ პოსტი] „ფეისბუქ-სივრცეში“ უამრავ ცნობილ თუ უცნობ ადამიანს აქვს გაზიარებული პირველწყაროდან [რისი სქრინებიც გვაქვს]“.
ქარტიის საბჭოს მიერ მოკვლეული იქნა, რომ ინფორმაცია, თითქოს რომან გოცირიძემ მსგავსი შინაარსის პოსტი დაწერა, გავრცელდა ფეისბუქ გვერდ „სირცხვილის კორიდორის“ მიერ, რომ ეს გვერდი არაფრით არ უკავშირდება რომან გოცირიძეს, არ არის მის მიერ მართული გვერდი და შესაბამისად ის ვერ იქნება პირველწყარო. პირიქით, ამ გვერდისათვის ძირითადად დამახასიათებელია ფოტო/ვიდეო მანიპულაციები, არასწორი ინფორმაციების გავრცელება, ძირითადად ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების მიმართ .
მიუხედავად იმისა, რომ სტატიაში აღნიშნულია თითქოს გაზეთს აქვს მტკიცებულებები, რომ რომან გოცირიძემ ნამდვილად დაწერა ეს პოსტი, ასეთი მტკიცებულებები საბჭოსათვის არ იქნა წარმოდგენილი, ამის საპირისპიროდ დადგინდა, რომ როგორც საპარლამენტო ტრიბუნიდან ასევე საჯარო განცხადებებით და პირადი facebook გვერდით გოცირიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ წარმოადგენდა სიმართლეს.
ამ ამბავზე სტატია მოამზადა მედიაკრიტიკის ონლაინ პლატფორმამ Mediachecker.ge, სადაც აღნიშნულია, რომ გაზეთ „ალიას“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი იქნა, რომ მსგავსი შინაარსი პოსტი რომან გოცირიძეს არ გამოუქვეყნებია.
ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას, ანუ მედია საშუალების მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.
ამასთან, ალიას არ უცდია ინფორმაციის გადამოწმება . ერთადერთი წყარო, რომელიც ამ ინფორმაციას ავრცელებდა იყო ფეისბუქ გვერდი „სირცხვილის კორიდორი“. არც ერთი სხვა წყარო არ ადასტურებდა ინფორმაციის ნამდვილობას. თავად რომან გოცირიძის პოსტები საჯაროა ფეისბუქზე და არ იძებნება მის მიერ გამოქვეყნებული მსგავსი ტექსტი. მიუხედავად ამისა, გაზეთმა მაინც გამოაქვეყნა „კომენტარი“ და მიაწერა რომან გოცირიძეს.
აქვე აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც „ალიას“ თავად რომან გოცირიძემ აცნობა, რომ ეს იყო არასწორი, ყალბი ინფორმაცია, სტატია სათანადო წესით არ ჩასწორებულა და მის სათაურში კვლავ მტკიცებით ფორმაში რჩება წინადადება „რომან გოცირიძე სარალიძეზე: - არ მიკვირს განგებამ რატომ არგუნა ამ კაცს ასეთი განსაცდელი“, ასევე მტკიცებით ფორმაშია სტატიის პირველი აბზაცი „ნაციონალური პარტიის წევრმა რომან გოცირიძემ ზაზა სარალიძის გუშინდელი ემოციური გამოსვლა რუსთავი 2-ზე ასე შეაფასა“. მეტიც გაზეთი უთითებს, რომ „ალიას საბოდიშო არაფერი აქვს“ და ამტკიცებს, რომ ინფორმაციის დამადასტურებელი „სქრინები“ აქვს. თუმცა ამ „მტკიცებულებებს“ არც სტატია შეიცავს და არც საბჭოსთვის იქნა წარმოდგენილი.
გაზეთ „ალიას“ ეთიკური პასუხისმგებლობისაგან არ ათავისუფლებს მითითება, რომ ამ ინფორმაციის წყარო იყო ფეისბუქ გვერდი „სირცხვილის კორიდორი“, ვინაიდან მედიის დანიშნულება სწორედ ამა თუ იმ წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადაამოწმებაა.
ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. როგორც ქარტიის პირველი პრინციპის მსჯელობისას აღინიშნა, მას შემდეგ, რაც თავად რომან გოცირიძემ „ალიასთანაც“ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, მედიასაშუალებას სტატია სათანადო წესით არ შეუსწორებია და მაინც მტკიცებითი ფორმით ავრცელებდა ინფორმაციას, რაც არღვევს ქარტიის მე-5 პრინციპს.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მე-7 პრინციპის ჭრილში უთითებდა, რომ სადავო ჟურნალისტური პროდუქტით მოხდა რომან გოცირიძის დისკრედიტაცია. ქარტიის საბჭო აღნიშნავს, რომ მე-7 პრინციპი არ ფარავს მხოლოდ დისკრედიტაციის შემთხვევებს, თუ დისკრედიტაციას თან არ სდევს დისკრიმინაცია, სიძულვილის ენა ან სტიგმატიზება. შესაბამისად, და მე-7 პრინციპის დარღვევა არ დგინდება.
ქარტიის მე-11 პრინციპის „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. როგორც პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას აღინიშნა, „ალიას“ მიერ გავრცელდა არასწორი, ყალბი ინფორმაცია, შესაბამისად საბჭოს უნდა შეეფასებინა ასეთი ინფორმაციის საფუძველი იყო თუ არა განზრახვა. დადგენილია რომ:
- 1. წყარო, რომელსაც დაეყრდნო ალია, კერძოდ ფეისბუქ გვერდი „სირცხვილის კორიდორი“, ფოტო/ვიდეო მანიპულაციებით, დამონტაჟებული მასალებით და დეზინფორმაციის გავრცელებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების დისკრედიტაციით გამოირჩევა, და ეს ნათელი იყო თავად „ალიასათვის“.
- მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი სხვა წყარო არ ადასტურებდა, გაზეთმა მაინც მტკიცებით ფორმაში დაწერა, რომ რომან გოცირიძემ ფეისბუქში ზაზა სარალიძის შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.
- თავად ყალბი პოსტის შინაარსი იყო იმგვარი, რომ იწვევდა ნეგატიურ დამოკიდებულებას და შეფასებას რომან გოცირიძის მიმართ.
- მას შემდეგ რაც თავად რომან გოცირიძემ უარყო პოსტის ნამდვილობა, გაზეთ „ალიას“ მტკიცებით ფორმაში გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეუსწორებია.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
1. გაზეთ ალიას არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
2. გაზეთ ალიას არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.