განმცხადებელი : ხათუნა მაცაბერიძე;
მოპასუხე : მალხაზ მიქელაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
22 ოქტომბერი 2019 წელი
საქმე N 280
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ლაურა გოგოლაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, გიორგი სულაძე, გიორგი მგელაძე, კამილა მამედოვა.
განმცხადებელი: ხათუნა მაცაბერიძე
მოპასუხე: მალხაზ მიქელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ხათუნა მაცაბერიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ qartli.ge გამოქვეყნებულ სტატიაში, სახელწოდებით „ავნევიდან დევნილი მოვაჭრე პოლიტიკური ნიშნით დევნის გამო ხაშურის ბაზრის დირექტორს ადანაშაულებს“ დაირღვა ქარტიის 1, მე-3, მე-5, მე-7 და მე- 11 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სტატიის ავტორი მალხაზ მიქელაძე.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტის სახელით კი სატელეფონო კავშირის მეშვეობით საბჭოს კითხვებს უპასუხა qartli.ge რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა.
სამოტივაციო ნაწილი: ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატიის თანახმად „ხაშურის ბაზარში მოვაჭრე, ავნევიდან დევნილი მარინე ქარქიშვილი აცხადებს, რომ დირექტორი პოლიტიკური შეხედულებების გამო ავიწროვებს“ „ბაზრის დირექტორის ხათუნა მაცაბერიძის მხრიდან წლებია შეურაცხყოფას და დამცირებას ისმენს“. „დირექტორი კი ყოველ დღე დაცვის თანამშრომლებს მიგზავნის და ვაჭრობას მიკრძალავს, მეუბნება წვენები მაღაზიის კედელზე ნუ გაქვს მიყუდებულიო“ „პოლიციაც გამოვიძახე რამდენჯერმე, მაგრამ სამართალდამცველებმა მითხრეს, რომ ბაზარი კერძო საკუთრებაა და ვერ ჩაერეოდნენ, დამეხმაროს ვინმე".
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ აღნიშნული პირი, მარინე ქარქიშვილი არ ვაჭრობს ბაზრის კუთვნილ ტერიტორიაზე და მასთან სამართლებრივი ურთიერთობა არა აქვთ. ბაზრის დირექტორმა ხათუნა მაცაბერიძემ განაცხადა რომ არ იცნობს პერსონალურად მარინე ქარქიშვილს, არასდროს შეხვედრია და შესაბამისად შეურაცხყოფა და დამცირება გამორიცხა. განმცხადებლის აზრით ასევე გაუგებარია რატომ ხდება პოლიტიკურ შეხედულებებზე აპელირება, მათთვის უცნობია მარინე ქარქიშვილის პოლიტიკური შეხედულებები და თავადაც არ გამოხატავენ მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციებს ამა თუ იმ პარტიის მიმართ.
სადავო სტატიაში ასევე მითითებულია რომ „ხაშურის ბაზრის დირექტორი ხათუნა მაცაბერიძე კომენტარს არ აკეთებს. მისი იურისტის თქმით, ამ საკითხზე მათ საუბრის სურვილი არ აქვთ“. განმცხადებელმა აღნიშნულზე მიუთითა რომ ეს არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ხაშურის ბაზრის ადმინისტრაციის იურისტმა მიაწოდა მალხაზ მიქელაძეს ინფორმაცია და განუცხადა, რომ მარინე ქარქიშვილი არ იმყოფება სახელშეკრულებო ურთიერთობაში შპს ნობათი-2007-თან [ხაშურის ბაზარი] და რომ არც მარინე ქარქიშვილს და არც არავის სხვას არ მიეცემა შპს ნობათი-2007-ს ფართის უკანონოდ გამოყენების უფლება.
საბჭოსათვის არც განმცხადებელს და არც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რათა დადგენილიყო რეალურად რა შინაარსის საუბარი შედგა ჟურნალისტსა და ბაზრის ადმინისტრაციის იურისტს შორის. მაგრამ ამის მიუხედავად საბჭო თვლის, რომ სტატია ეთიკური ჟურნალისტიკის თვალსაზრით ნაკლოვანია და არ უზრუნველყოფს საზოგადოებისათვის სრულყოფილი და გადამოწმებული ინფორმაციის მიწოდებას. რომც დავუშვათ რომ ჟურნალისტს კომენტარი არ მიაწოდა ბაზრის ადმინისტრაციამ, მას შეეძლო ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებთან გადაემოწმებინა, კერძოდ გამოეკითხა სხვა გარემოვაჭრეები, იხსენებდნენ თუ არა მარინე ქარქიშვილს და ბაზრის დირექტორს შორის უშუალო კონფლიქტის ფაქტს, ან მათ ხომ არ ჰქონდათ მსგავსი შემთხვევები ბაზრის ადმინისტრაციასთან. სტატიის თანახმად მარინე ქარქიშვილი აცხადებს რომ მან გამოიძახა საპატრულო პოლიცია კონფლიქტის დროს, ჟურნალისტს შეეძლო ინფორმაცია გამოეთხოვა საპატრულო პოლიციისაგან. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი გარემოება, სტატიის თანახმად მარინე ქარქიშვილი მის დევნას პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს, ამასთან სტატიაში არ არის დეტალები, თუ რომელი პოლიტიკური ძალის მომხრეა ეს თუ ის მხარე, რომელიც კონფლიქტს იწვევს, შესაბამისად არასრულყოფილია პოლიტიკურ საფუძველზე მითითება, ამ საფუძვლის იდენტიფიცირების გარეშე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ მალხაზ მიქელაძის მიერ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი - სადავო სტატიაში მითითებული გარემოებები არ იყო სათანადოდ გადამოწმებული, ჟურნალისტმა ყველა ღონე არ იხმარა გადასამოწმებლად.
ქარტიის მე-3 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია”. განმცხადებელი მე-3 პრინციპს დარღვეულად მიიჩნევდა შემდეგი საფუძვლით - როგორც განმცხადებლისათვის ცნობილია მარინე ქარქიშვილმა, სხვა ინფორმაციაც მიაწოდა ჟურნალისტს, რომელმაც ეს „სხვა ინფორმაცია“ არ ასახა სადავო სტატიაში. ქარტიის საბჭო განმარტავს, რომ მე-3 პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას როცა დადასტურდება რომ წყარო საერთოდ არ არსებობს. განსახილველ შემთხვევაში დადასტურებულია რომ წყარო მარინე ქარქიშვილის სახით არსებობს და შესაბამისად მე-3 პრინციპი არ არის დარღვეული. რაც შეეხება წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის არ ასახვას, არასრულყოფილად ასახვას ან გადაუმოწმებლობას, ეს წარმოადგენს პირველი პრინციპის კუთხით მსჯელობის საგანს.
ქარტიის მე-5 პრინციპის თანახმად „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. განმცხადებელმა ქარტიის საბჭოს მომართა 2019 წლის 01 მაისს და მალევე განმცხადებლის პრეტენზიის შესახებ, რომ სტატია შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, საბჭოს სამდივნოს მეშვეობით ცნობილი გახდა ჟურნალისტისათვის. მიუხედავად ამისა, განცხადების განხილვის მომენტისათვის, 2019 წლის 22 ოქტომბერი, სტატია არ იყო შესწორებული და როგორც საბჭომ დაადგინა მართლაც შეიცავდა გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რაც იწვევს ქარტიის მე-5 პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მიუთითებდა რომ სადავო სტატიით ხდებოდა 1. დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით 2. დისკრედიტაცია. პირველ გარემოებასთან დაკავშირებით საბჭო აღნიშნავს სადავო სტატიაში მითითებული არ იყო კონკრეტული პოლიტიკური ძალა, პარტია რომლის მხარდაჭერაც შეიძლება ყოფილიყო კონფლიქტის საფუძველი, შესაბამისად არ იკვეთება კონკრეტული პოლიტიკური ნიშანი, რომლითაც მოხდა დისკრიმინაცია. რაც შეეხება დისკრედიტაციას, საბჭომ თავის არა ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა რომ მხოლოდ დისკრედიტაცია, თუ ეს არ ხდება რომელიმე კონკრეტული ნიშნით, არ იწვევს მე-7 პრინციპის დარღვევას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სადავო სტატიაში მე-7 პრინციპი არ დარღვეულა.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ განსახილველ შემთხვევაში საბჭო მიიჩნევს რომ გაზრახვას ადგილი არ ჰქონია. პირველი პრინციპის დარღვევა დადგინდა ინფორმაციის სათანადო წესით გადაუმოწმებლობით. დამატებით საბჭომ განმცხადებელს ჰკითხა რომ დაესახელებინა მოტივი, რატომ შეიძლებოდა ჟურნალისტს ჰქონოდა განზრახვა რომ არასწორი ინფორმაცია გაევრცელებინა, ხომ არ იყო მტკიცებულებები ფინანსური ან სხვა სახის დაინტერესების, პირადი სიმპათია/ანტიპათიის ამბის რომელიმე მხარის მიმართ. ასეთი მტკიცებულებები/გარემოებები ვერ იქნა წარმოდგენილი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- მალხაზ მიქელაძემ დაარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
- მალხაზ მიქელაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-3, მე-7 და მე-11 პრინციპი.