მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე alia.ge - ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტის წინააღმდეგ

განმცხადებელი : მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე;
მოპასუხე : alia.ge - ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;

11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 335

საბჭოს თავმჯდომარე:  ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები:  ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: მედიის განვითარების ფონდი, საფარი, თამთა თოდაძე

მოპასუხე: alia.ge - ის არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ორგანიზაციებმა მედიის განვითარების ფონდმა და საფარმა, ასევე ფიზიკურმა პირმა თამთა თოდაძემ. განმცხადებლები მიიჩნევდნენ რომ ვებ გვერდზე alia.ge გამოქვეყნებულ სტატიაში "თამთა თოდაძე ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო!” დაირღვა ქარტიის 1, 7 და მე-11 პრინციპი.

alia.ge-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი, საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო სტატიაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.

საქმის განხილვის თავისებურებები: 2019 წლის 20 დეკემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებელს, რომლის პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

მოპასუხე ჟურნალისტს/მედია საშუალებას საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.


სამოტივაციო ნაწილი


ქარტიის პირველი პრინციპი ”ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო არის მოქალაქე ლადო სადღობელაშვილის ფეისბუქ პოსტის გავრცელება, სადაც ის აღნიშნავდა რომ:

„პორტირებული ნაციონალი! - საინტერესო ინფორმაცია მოვიკვლიე. როგორც ირკვევა ქბნი თამთა თოდაძე ("მსხვერპლი") წარსულში ნაცმოძრაობის ახალგაზრდულის საკმაოდ აქტიური წევრი იყო! - ქბნი თამთა არაერთხელ ყოფილა "მიშას ბანაკებში" ეწ რეინჯერი, სადაც ამ ახალგაზრდა ქალბატონს დავალებული ჰქონდა ახალგაზრდების "მოწამლვა" და ნაცსექტაში შეტყუება! P.s. პორტირებულმა ნაცებმა დაღუპა "ოცნება"! უფრო სწორედ თქვენი ძვირფასო ქოცებო! იმის მაგივრად გულანთებული აქტივისტები დაასაქმოთ ბიუროებში ასაქმებთ პორტირებულ ნაცებს!”.

განმცხადებელი აპელირებდა რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს და აღნიშნავდა: „რედაქციას ეს ინფორმაცია თავად თამთა თოდაძესთან არ გადაუმოწმებია, რადგან ახალგაზრდულ ბანაკში ყოფნა აპრიორი პარტიის წევრობას არ ნიშნავს. მოცემულ კონტექსტში კი ლადო სადღობელაშვილის კომენტარის გავრცელება, რომ “პორტირებულმა” ნაციონალებმა დაღუპეს ქართული ოცნება, ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს თამთა თოდაძის ბრალდებები მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიმართ უსაფუძვლოა და ის პოლიტიკურად დაინტერესებულია განზრახ გაავრცელოს არასწორი ინფორმაცია“.

ქარტიის საბჭომ იხელმძღვანელა პრაქტიკით, რომელიც დადგენილი იქნა საქმეში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის ლილუ მიროტაძის წინააღმდეგ“ [2018 წელი].

„როგორც საერთაშორისო, ისე ქარტიის პრაქტიკა, ჟურნალისტურ პროდუქტად აკვალიფიცირებს მედია საშუალების მიერ გავრცელებულ, გარკვეული ფაქტების ან მოსაზრებების შემცველ ნებისმიერ ინფორმაციას. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ყველას აქვს უფლება და საშუალება, საჯაროდ გაავრცელოს ფაქტი ან მოსაზრება, მედიის ფუნქცია კი მხოლოდ ინფორმაციის კოპირება და გავრცელება არ არის, რაც ნებისმიერ პირს შეუძლია, არამედ მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისაგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, ასრულებს სხვა ეთიკურ ვალდებულებებს [არასრულწლოვნის ინტერესების დაცვა, დისკრიმინაციის თავიდან არიდება ა.შ]. სწორედ მედია საშუალებას ევალება დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები“.

აღნიშნული განმარტების და იმის გათვალისწინებით, რომ მედია საშუალების მიერ გავრცელდა მხოლოდ ერთი წყაროს/მხარის პოზიცია, არ გადამოწმებულა ლადო სადღობელაშვილის სტატუსში მითითებული ინფორმაციის სისწორე, არ ყოფილა ჟურნალისტის მცდელობა რომ კომენტარი მიეღო თამთა თოდაძისგან, სახეზეა საზოგადოების უფლების - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია - უპატივცემულობა და შესაბამისად ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.

ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“. განმცხადებელი მიიჩნევდა რომ მე-7 პრინციპი დარღვეული იყო პოლიტიკური ნიშნით, კერძოდ თამთა თოდაძის აფილირების მცდელობა ნაციონალურ მოძრაობასთან იწვევდა მის დისკრიმინაციას პოლიტიკური ნიშნით. ქარტიის საბჭო მიიჩნევს რომ სახეზე არ არის დისკრიმინაცია. ამა თუ იმ პირის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირება ავტომატურად არ იწვევს დისკრიმინაციას, ვინაიდან პოლიტიკური პარტიის წევრობა არ ნიშნავს პირის ნეგატიურ გამორჩევას პოლიტიკური ნიშნით.

ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“. ქარტიის საბჭოს აზრით ამ შემთხვევაში მე-11 პრინციპის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, არამედ ჟურნალისტმა არ გადაამოწმა ერთი წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია და არ იკვეთება წინასწარ შეცნობილი განზრახვა რომ გაევრცელებინა არასწორი ინფორმაცია.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: 

  1. Alia.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი. 
  2. Alia.ge არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-7 და მე-11 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!