ეკატერინე მესხიძე სანდრო კაჭახიძის და სალომე გოგოხიას წინააღმდეგ

განმცხადებელი : ეკატერინე მესხიძე;
მოპასუხე : სანდრო კაჭახიძე, სალომე გოგოხია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 7 პრინციპი;

11 იანვარი 2020 წელი

საქმე N - 311 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: ლაურა გოგოლაძე, გიორგი სულაძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე

განმცხადებელი: ეკატერინე მესხიძე

მოპასუხე: სანდრო კაჭახიძე და სალომე გოგოხია


აღწერილობითი ნაწილი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ეკატერინე მესხიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ 2019 წლის 9 აგვისტოს, ტელეკომპანია მაესტროს 12.00 საათიან საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში დაირღვა ქარტიის პირველი და მე-7 პრინციპი. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ წამყვანი სანდრო კაჭახიძე და სიუჟეტის ავტორი სალომე გოგოხია. ამასთან მე-7 პრინციპი სადავო იყო მხოლოდ სალომე გოგოხიას ნაწილში.

საქმის განხილვის თავისებურებები: 2019 წლის 24 ნოემბერს საბჭოს წევრებმა მოუსმინეს განმცხადებელს, რომელმაც სადავო პრინციპებს დაამატა მე-7 პრინციპი. განმცხადებლის პოზიცია საქმის მასალებთან ერთად გაგზავნილი იქნა საბჭოს სხვა წევრებისათვის და გადაწყვეტილება მიღებული იქნა საბჭოს წევრების მიერ პოზიციათა დისტანციურად გამოვლენის შედეგად, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.

საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი და მისი წარმომადგენელი, მოპასუხე ჟურნალისტები სხდომას არ დასწრებიან და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენიათ.


სამოტივაციო ნაწილი 

ქარტიის პირველი პრინციპის მიხედვით „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების და საბჭოს მიერ მოკვლეული ინფორმაციის შესაბამისად დადასტურებული სახით დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

  1. 2017 წლის 03 მაისის რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლის ეკატერინე მესხიძის „შევიწროებით და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაციის“ ფაქტი [შემდგომ „სექსუალური შევიწროება“], ამავე სააგენტოს უფროსის, პაპუნა უგრეხელიძის მიერ.
  2. პაპუნა უგრეხელიძემ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა რომ ეკატერინე მესხიძეს მოეხდინა ტელეეთერით გასული შემდეგი განცხადებების უარყოფა:   შპს „იბერია TV”,  2018 წლის 26 მარტი, გადაცემა „ახალი ამბები“. „ეს გამოიხატებოდა ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში, ყოველდღიურ ურთიერთობაში იქიდან გამომდინარე რომ მის უშუალო დაქვემდებარებაში ვიყავი, მის დავალებებს ვასრულებდი და უბრალოდ მინდა გითხრათ რომ მარტივად რომ ვთქვათ და ავხსნა ჩვეულებრივი აგრესია , რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოხატოს და შემდეგ დაჩაგროს და შემდეგ იმის გამო რომ დაჩაგრა, ეს სიამოვნებას ანიჭებდეს, აი შემიძლია უბრალოდ ასე მარტივად აღვწერო ეს ყველაფერი“.  შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“, 2018 წლის 24 მარტი, გადაცემა „შაბათის კურიერი“:   „ეს იყო ყოველდღიური დამცირების, შეურაცხყოფის, როგორ გითხრათ - ზეწოლის. ამის ახსნა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიური ტერორი, ყვირილი, ჩხუბი, დამცირება, შეურაცხყოფა, გინება, რა გითხრათ აბა, - დაშინება, ნებისმიერი ფორმით შეიძლება მან ეს გამოხატოს, ეს ზეწოლა კიდევ უფრო გამძაფრდა იმის გამო რომ მე სახალხო დამცველს მივმართე, იმის გამო რომ მე ხმა ამოვიღე და გავაპროტესტე ასევ ვთქვათ ეს თემა, შეეცადნენ კიდევ უფრო დავესაჯე და წამოვიდა კიდევ უფრო მეტი მუქარა, შანტაჟი“  „იმუქრებოდა, რომ იმ სამსახურიდანაც გავათავისუფლებინებ თავს, მემუქრებოდა, რომ მანამ არ მოვისვენებ სანამ არ დავმარხავ და არ დავასამარებ, არ გავახარებ იმიტო, რომ ქალი ხარ და შემიძლია დაგამცირო, დაგაშინო, შენზე ფსიქოლოგიურად ანუ უარყოფითად ვიმოქმედო, სტრესში გამყოფო, დაგამონო და ვიყო შენი მესაკუთრე“ “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“.  შპს „ტელეკომპანია პირველი“  2018 წლის 28 მარტის გადაცემაში „რეაქცია“. „აქ არ არის საუბარი ქლის დისკრიმინაციასა თუ კაცის დისკრიმინაციაზე, აქ საქმე ჰქონდა ძალადობას“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“.
  3. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე პაპუნა უგრეხელიძის მოთხოვნა და ეკატერინე მესხიძეს დაავალა ზემოაღნიშნული გამონათქვამების უარყოფა, გარდა ფრაზებისა “აი მესაკუთრეობის, ასე ვთქვათ, არა ჯანსაღი დამოკიდებულება მას აქვს ნებისმიერი თანამშრომლის მიმართ“, „მაგინა, საშინელი სიტყვებით გამომლანძღა“. 
  4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, და ეს ფაქტი უკვე დადგენილი ჰქონდა სახალხო დამცველს ამასვე აღნიშნავდა ეკატერინე მესხიძის უფლებადამცველი ორგანიზაცია - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელმაც იმავე დღესვე, 2019 წლის 09 აგვისტოს 12:12 წუთზე გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა რომ „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. კერძოდ, შევიწროება და სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია სახალხო დამცველმა 2017 წლის 03 მაისს დაადგინა. სახალხო დამცველის დასკვნის თანახმად, პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა ფამილიარული ტერმინოლოგიის გამოყენებას, მუქაროს შემცველ სმს ტექსტებს და ა.შ. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა განმცხადებლის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთაგან მოპოვებული ინფორმაციისა და მოპასუხესთან გასაუბრებიდან გამოკვეთილი ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნია, რომ პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა, ერთი მხრივ სქესის ნიშნით შევიწროებას, რაც გამოიხატებოდა მსხვერპლის შეურაცხყოფასა და დამამცირებელ სამუშაო გარემოს შექმნაში, და მეორე მხრივ, ვერბალური ფორმით სექსუალურ შევიწროებაში“.

სიუჟეტის წარდგენისას წამყვანი სანდრო კაჭახიძე აღნიშნავს რომ „შევიწროება და სექსუალური ძალადობა საჯარო რეესტრის ყოფილ უფროსს, პაპუნა უგრეხელიძეს არ დაუდასტურდა, მოსამართლის გადაწყვეტილებით საჯარო რეესტრის თანამშრომლის ეკატერინე მესხიძის ბრალდებები არ იყო ფაქტობრივად დადასტურებული“. წამყვანის მიერ მტკიცებითი ფორმით გავცელებული ინფორმაცია რომ პაპუნა უგრეხელიძის მიერ შევიწროების და სექსუალური ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა - მცდარი ინფორმაციაა. სასამართლოს არ უმსჯელია იმ ფაქტზე, მართლაც ჰქონდა თუ არა სექსუალურ შევიწროებას ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მიერ, შესაბამისად ვერც პაპუნა უგრეხელიძის „უდანაშაულობას“ ან/და ამ ფაქტის არ არსებობას დაადგენდა სასამართლო.

თავად სიუჟეტში, ავტორი სალომე გოგოხია აღნიშნავს რომ: „მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით ეკატერინე მესხიძეს დაევალა იმ მედია საშაულებების მეშვეობით უარყოს აღნიშნული ბრალდებები რომლითაც თავის დროზე თავის ყოფილ უფროსს წაუყენა და დაადანაშაულა როგორც სექსუალურ შევიწროებაში ასევე ძალადობაში“ წამყვანის ტექსტთან ერთობლიობით სიუჟეტის ავტორის ტექსტიც მაყურებელს აწვდის არაზუსტ ინფორმაციას რომ თითქოს სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო იმ გარემოებების დადგენა, მართლაც განხორციელდა თუ არა სექსუალური ხასიათის შევიწროება პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან. როგორც აღინიშნა „სასამართლო არ განიხილავდა პაპუნა უგრეხელიძემ განახორციელა თუ არა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული გარემოება უკვე დადგენილია სახალხო დამცველის მიერ, რაც გასაჩივრებას არ ექვემდებარება“, შესაბამისად, სალომე გოგოხიას მიერაც გავრცელდა არასწორი ინფორმაცია რაც იწვევს პირველი პრინციპის დარღვევას. აღსანიშნავია რომ ჟურნალისტი თავის ტექსტში საუბრობს სახალხო დამცველის დასკვნაზეც, კერძოდ აღნიშნავს რომ: „თუმცა მისი ადვოკატები [იგულისხმება ეკატერინე მესხიძე] აცხადებენ რომ ისინი აუცილებლად გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას მეორე ინსტანციაში ვინაიდან არსებობს სახალხო დამცველის დასკვნა რომლითაც დასტურდება რომ მესხიძის მიმართ ნამდვილად ჰქონდა ადგილი სექსუალურ შევიწროებას და აქედან გამომდინარე მათთვის გაუგებარია თუ რატომ არ მიიღო მხედველობაში მოსამართლემ სახალხო დამცველის აღნიშნული დასკვნა “. ეს ტექსტი ვერ უზრუნველყოფს აუდიტორიისათვის ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან აქცენტია პროცესუალურ დეტალებზე, რომ გასაჩივრდება გადაწყვეტილება, სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბარია როგორც მტკიცებულებაზე და არსად არ არის მინიშნება რომ სასამართლო საერთოდ არ განიხილავდა სექსუალური შევიწროების დადგენის ან უარყოფის შესახებ დავას.

ქარტიის მე-7 პრინციპის თანახმად “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით” სიუჟეტში გამოყენებულია პაპუნა უგრეხელიძის ადვოკატის ინტერვიუ, სადაც ის აკრიტიკებს სახალხო დამცველის დასკვნას: „[სახალხო დამცველმა] ერთის მხრივ დაადგინა ის რომ სექსუალურ შევიწროებას ჰქონდა თურმე ადგილი პაპუნა უგრეხელიძის მხრიდან ქალბატონი მესხიძის მიმართ მხოლოდ და მხოლოდ მისი საუბრიდან გამომდინარე. პაპუნა უგრეხელიძე პასუხობს, ეს ადამიანი არის ასაკოვანი, ორი შვილის ბებია, და მე არ მაინტერესებს ახლა ეს როგორც ქალი, ეს ადამიანი არ მაინტერესებს“ ქარტიის საბჭოს მიიჩნევს რომ ჟურნალისტმა, რესპონდენტის ამ ფრაზის გასაჯაროებით ხელი შეუწყო სტიგმის გაძლიერებას გენდერული ნიშნით. კერძოდ აქცენტი კეთდება ეკატერინე მესხიძის ასაკზე, მის ოჯახურ მდგომარეობაზე და ეს ფაქტორები შეფასებულია როგორც სექსუალური მიმზიდველობის გამომრიცხავი გარემოებები, რომ კონკრეტული ასაკის ან და ოჯახური მდგომარეობის მქონე ქალი ავტომატურად არ შეიძლება იყოს ინტერესის ობიექტი მისი ასაკობრივი და შესაბამისად გარეგნული თვისებების გამო. აღნიშნული ფრაზა როგორც საბჭო აღნიშნავს ხელს უწყობს სტიგმისა და სტერეოტიპების გაძლიერებას გენდერული ნიშნით.


სარეზოლუციო ნაწილი

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. სანდრო კაჭახიძემ და სალომე გოგოხიამ დაარღვიეს ქარტიის პირველი პრინციპი.
  2. სალომე გოგოხიამ დაარღვია ქარტიის მე-7 პრინციპი.


Related Articles

Articles Not Nound!