განმცხადებელი : ევექსის ჰოსპიტლები;
მოპასუხე : commersant.ge - ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
25 იანვარი 2020 წელი
საქმე N - 344
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ზვიად ქორიძე, გელა მთივლიშვილი, ნათია ზოიძე, ნინა ხელაძე
განმცხადებელი: ევექსის ჰოსპიტლები
მოპასუხე: commersant.ge - ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სს „ევექსის ჰოსპიტლებმა“, რომელიც მიიჩნევდა რომ commersant.ge ზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი.
საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა სადავო სტატიაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოსათვის არ იქნა აღნიშნული ინფორმაცია მოწოდებული და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
საქმის განხილვას დაესწრო განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს/მედია საშუალებას საპასუხო პოზიცია არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“. სადავო სტატია ეხება საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის გამო რიგი სამედიცინო დაწესებულებების დაჯარიმებას. ამავე სტატიის თანახმად, რამდენიმე საავადმყოფო, მათ შორის ევექსის ჰოსპიტლების „იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი“ საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის საფუძველზე დააჯარიმეს. უშუალოდ ევექსის ჰოსპიტლების ქსელში შემავალი სამედიცინო დაწესებულება 149 700 ლარით დაჯარიმდა. სადავო სტატიაში ქარტიის საბჭომ ქარტიის პირველ პრინციპთან შეუსაბამოდ რამდენიმე ნაწილი მიიჩნია, კერძოდ, ჟურნალისტურ პროდუქტში აღნიშნულია რომ:
- „ევექსის“ მორიგი კრახი - კორპორაცია, რომელსაც უმაღლესი მომსახურების ქსელის სტატუსზე აქვს პრეტენზია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს“.
- „ევექსმა“ კიდევ ერთხელ დაიკავა მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, რომელიც მათ პროფესიონალიზმზე, პაციენტებისა და ჰიპოკრატეს ფიცის მიმართ ერთგულებაზე დამატებით კითხვის ნიშანს ბადებს და უკვე არაერთხელ შელახულ რეპუტაციას ძლიერ დარტყმას აყენებს“.
- „როცა მშობიარე საკეისრო ოპერაციას ითხოვს, რატომაც არ უნდა ავიღოთ სკალპელი ხელში, თუკი ამით არა 500-ს, არამედ 800 ლარს მივიღებთ. მე რა, რომ შეიძლება ნორმას გადავაჭარბოთ და სამედიცინო სფეროში ყველაზე უპასუხისმგებლო კლინიკის სტატუსი გავიმყაროთ????- ამ პრინციპით მოქმედი კლინიკების მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“.
- „მოულოდნელად გამდიდრებული ღარიბის ისტორიას ჰგავს ის, თუ როგორ იყენებს „ევექსი“ ამ ფინანსებს არა პაციენტების საკეთილდღეოდ, არა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, არა უმაღლესი ტექნოლოგიების დასანერგად და არა მომსახურე პერსონალის მოტივაციის ასაწევად“.
საბჭოს შეფასებით როცა საუბარია „მორიგ კრახზე“ და ამასთან არ არის მითითებული თუ რას მიიჩნევს ჟურნალისტი „კრახად“ წინა შემთხვევაში, შთაბეჭდილება რჩება რომ ჟურნალისტი მკითხველს გადამოწმებულ ინფორმაციას კი არ აწვდის, არამედ საკუთარ ნეგატიურ შეფასებებს ავრცელებს დადასტურებული ფაქტების სახით და ცდილობს „ევექსის ჰოსპიტლებზე“ უარყოფითი განწყობების შექმნას. საბჭოს ამ მოსაზრებას ამყარებს სტატიის სხვა ნაწილებიც, სადაც ჟურნალისტი ასევე მხოლოდ პერსონალური შთაბეჭდილებებით, უარყოფითი კონტექსტით აფასებს სამედიცინო ქსელის საქმიანობას „რომელიც მათ პროფესიონალიზმზე, პაციენტებისა და ჰიპოკრატეს ფიცის მიმართ ერთგულებაზე დამატებით კითხვის ნიშანს ბადებს“. საბჭოს მიერ გამოყოფილ N 3 ციტატაში ჟურნალისტი გადაჭარბებული საკეისრო კვეთების მიზეზად ასახელებს „ევექსის ჰოსპიტლების“ სურვილს რომ 500 ლარის მაგივრად 800 ლარი მიიღოს, ამასთან არ არის გამოკვლეული საკეისრო კვეთის მომსახურების შედეგად მართლაც იზრდება საავადმყოფოს მოგება თუ არა. მხოლოდ თანხებს შორის სხვაობა არ არის მოგების გაზრდის წინაპირობა და საკეისრო კვეთას თან შეიძლება სდევდეს დამატებითი ხარჯი ბუნებრივი გზით მშობიარობისთან შედარებით. ბოლო ციტატა ისევ ჟურნალისტის პირადი დასკვნებია, არგუმენტაციის გარეშე, რომ ფინანსების განაწილება ევექსის საავადმყოფოების ქსელის მიერ არამიზნობრივად ხდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ განმცხადებელმა აღნიშნა რომ მისი მოსაზრებით commersant.ge-ის მიერ არასწორი ფაქტების გავრცელება ევექსის ჰოსპიტლების წინააღმდეგ განზრახ ხდება. ქარტიის საბჭომ განმცხადებელს მისცა ერთი კვირის ვადა რომ წარმოედგინა მტკიცებულებები და უფრო დეტალური ინფორმაცია რომელიც დაამტკიცებდა განზრახვას. განმცხადებლის მიერ მტკიცებულებები არ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად საბჭოს არ აქვს საკმარისი საფუძველი რომ დაადგინოს ფაქტის განზრახ დამახინჯება.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- commersant.ge არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1 პრინციპი.
- commersant.ge არაიდენტიფიცირებულ ჟურნალისტს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.