საქმე N - 377
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი
განმცხადებელი: მალხაზ რეხვიაშვილი
მოპასუხე: ფირუზ ბოლქვაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა მალხაზ რეხვიაშვილმა, რომელიც მიიჩნევდა რომ 2020 წლის 11 მაისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ნიუსში სათაურით „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“ დაირღვა ქარტიის პირველი და მე-11 პრინციპი. უშუალოდ სტატიის ავტორი იყო თამუნა ხოზრევანიძე. განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა არა სტატიის შინაარსათან, არამედ სათაურთან, რომელიც შეარჩია საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს საინფორმაციო გამოშვება "მთავარი 20:00-ზე" რედაქტორმა, ფირუზ ბოლქვაძემ და შესაბამისად, მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა ფირუზ ბოლქვაძე.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ როგორც განმცხადებელი, ისე მოპასუხე ჟურნალისტი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც გაიმართა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით. ქარტიის წესდების თანახმად „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვის დახურულ ნაწილში, რაც გულისხმობს გადაწყვეტილების მიღებას, არ მონაწილეობდა საბჭოს წევრი მაია მერკვილაძე. მისი განმარტებით, მას ჰქონდა ინტერესთა კონფლიქტი აღნიშნულ საქმესთან და თვითაცილების საფუძველზე უარი განაცხადა განხილვაში მონაწილეობაზე.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
განმცხადებელი სადავოდ ხდიდა მხოლოდ სტატიის სათაურს. ქარტიის საბჭოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სათაური შესაძლებელია განხილული იქნას როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. საქმეში „ანა გაბელაია მართა ლაბაძისა და Reportiori.ge-ს, kvira.ge-ის, digest.pia.ge-ს არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტების წინააღმდეგ (2018 წელი)“ საბჭომ განმარტა:
„ინფორმაციის გავრცელების
თანამედროვე პირობების და ფორმების გათვალისწინებით, მით უფრო, როცა
საუბარია ონლაინფორმით მომზადებულ და სოციალურ ქსელებში გაზიარების
(share) საშუალების მქონე სტატიებზე, განსაკუთრებული მნიშვნელობა
ენიჭება სტატიის სათაურს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული სტატიის
ძირითადი დატვირთვა მოდის მის სათაურზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა
თავად სათაური იძლევა ინფორმაციას დადასტურებული სახით. საბჭო
მიიჩნევს, რომ ძირითად შემთხვევებში სტატიის სათაური უნდა იქნეს
განხილული როგორც ცალკე ჟურნალისტური პროდუქტი. მკითხველს აქვს
მოლოდინი და ნდობა, რომ სტატიის სათაური არის თავად სტატიაში
მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად მიღებული და
დადასტურებული დასკვნა და შეიძლება არც ჩათვალოს საჭიროდ სტატიის
სრულად გაცნობა იმ დაშვებით, რომ სტატიის ძირითადი მიგნება მან უკვე
წაიკითხა სათაურში“.
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთან, მალხაზ რეხვიაშვილთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ფაქტს. სტატიაში მოყვანილი იყო მალხაზ რეხვიაშვილის პოზიცია, რომელიც აღნიშნავდა რომ მისი გათავისუფლება „[არა] მხოლოდ შრომით საქმიანობაში ჩარევა, არამედ კრიტიკული განწყობის გამო მენეჯმენტის მხრიდან დევნაა“. მასალაში ასევე იყო მეორე მხარის პოზიცია, კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს [შემდგომ „აჭარის ტელევიზია“] საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ პაქსაძე აღნიშნავდა რომ მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლის დისკრედიტაციისა და ცილისწამების გამო გათავისუფლდა.
სტატიის სათაურად გამოტანილი იყო მხოლოდ აჭარის ტელევიზიის შეფასება რომ „მალხაზ რეხვიაშვილი მაუწყებლიდან დისკრედიტაციისა და ცილისწამებისთვის გაათავისუფლეს“.
საქართველოს შრომის კოდექსში არის ამომწურავი ჩამონათვალი, თუ რა საფუძვლით შეიძლება შეწყდეს პირთან შრომითი ურთიერთობა. ამ ჩამონათვალში არ არის „დისკრედიტაცია ან ცილისწამება“. თავის მხრივ, „დისკრედიტაცია ან ცილისწამება“ შეიძლება მიიჩნიოს დამსაქმებელმა როგორც წინაპირობა რომ გაათავისუფლოს თანამშრომელი სამსახურიდან „შრომის კოდექსით“ გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლით. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებული ფაქტი იყო მხოლოდ ის, რომ მალხაზ რეხვიაშვილთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა. რაც შეეხება მალხაზ რეხვიაშვილის მოსაზრებას, რომ მას დევნიან კრიტიკული აზრისთვის, ან აჭარის ტელევიზიის მოსაზრებას, რომ „დისკრედიტაციას და ცილისწამებას“ ჰქონდა ადგილი, ეს არის მათი, როგორც მხარეთა შეფასებები და რომელთა საფუძვლიანობას დაადგენს სასამართლო, სადაც დავა მომავალში განიხილება.
სათაურში არ არის მითითებული, რომ თავად სათაური გამოხატავდა მხოლოდ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტის პოზიციას და იგი მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ მალხაზ რეხვიაშვილის მხრიდან „დისკრედიტაცია და ცილისწამება“ დადასტურებული ფაქტია, რაც არ შეესაბმება სიმართლეს. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა [გარდა ორმხრივი შეთანხმებისა] არის ცალმხრივად გამოვლენილი სამართლებრივი ნება, რომელიც შემდეგ შესაძლებელია განიხილოს სასამართლომ. თავად ეს სამართლებრივი რეალობაც ადასტურებს, რომ დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ქცევის შეფასება არის მისი პირადი მოსაზრება/პოზიცია და არა ფაქტი.
ვინაიდან სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში, აუდიტორიას დადასტურებულ ფაქტად მიეწოდა მხოლოდ ერთი მხარის პოზიცია/შეფასება/მოსაზრება და, შესაბამისად, მან ვერ მიიღო ზუსტი ინფორმაცია, ქარტიის საბჭოს მიაჩნია, რომ დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები ფაქტის განზრახ დამახინჯება“ ქარტიის საბჭო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გაზრახვას ადგილი არ ჰქონია. განმცხადებელი მალხაზ რეხვიაშვილი უთითებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია მეორე მხარეა და, შესაბამისად, მისი სურვილი იქნებოდა, რომ რეხვიაშვილის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელებულიყო. ქარტიის საბჭოს მიიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია განზრახვას და მოპასუხე ჟურნალისტმა დადასტურებულ სამართლებრივ გარემოებად აღიქვა აჭარის ტელევიზიის დირექტორის ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების მიზეზი - “დისკრედიტაცია და ცილისწამება”. ასეთმა აღქმამ გამოიწვია მხოლოდ ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევა.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ფირუზ ბოლქვაძემ დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- ფირუზ ბოლქვაძეს არ დაურღვევია ქარტიის მე-11 პრინციპი.
მოპასუხე ფირუზ ბოლქვაძის პოზიცია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით