განმცხადებელი : თანასწორობის მოძრაობა და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი [WISG];
მოპასუხე : ანა წერეთელი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 7 პრინციპი;
09 მაისი 2020 წელი საქმე N - 368, 369
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, ნინა ხელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით [N 368 და N 369] მომართეს თანასწორობის მოძრაობამ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა, რომლებიც მიიჩნევდნენ რომ 2020 წლის 16 აპრილს, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა "ანა წერეთლის დღის ამბებში" დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-7 პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ განმცხადებლების წარმომადგენლები, ხოლო მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.” სადავო გადაცემაში „ანა წერეთლის დღის ამბები“ სტუმრად მოწვეული იყო პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, გიორგი ანდრიაძე. ჟურნალისტს და რესპონდენტს შორის დიალოგი შეეხო საერთო კოვზით ზიარებისას COVID-19 ვირუსის გავრცელების ალბათობას და ამ საკითხზე ეკლესიის პოზიციას. რესპონდენტი მიიჩნევდა, რომ საერთო კოვზით ზიარება რისკს არ შეიცავდა და შემდეგი არგუმენტი მოიყვანა: „C ჰეპატიტით უამრავი დაავადებული ადამიანი ეზიარება, შიდსით დაავადებული ადამიანიც ეზიარება. რატომ არ გადადის ეს დაავადებები?“. წამყვანს ამ ფრაზაზე რეაქცია/შეპასუხება არ ჰქონია და მხოლოდ გადაცემის ბოლოს მიუთითა სტუმარს, რომ მას ერთ-ერთმა მაყურებელმა აცნობა - „C ჰეპატიტი“ არ გადადის ნერწყვით“. პასუხად სტუმარმა დაუდასტურა, რომ „[C ჰეპატიტი] არ გადადის ნერწყვით“ და ეს მან იცის.
დადასტურებული ფაქტია, რომ, COVID-19-სგან განსხვავებით, C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია [შიდსი] არ გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, შესაბამისად, პარალელის გავლება, ერთი მხრივ, COVID-19-ისა და, მეორე მხრივ, C ჰეპატიტის და აივ დადებით ინფექციის ინფიცირების გზებს შორის არასწორია. თეორიულად დასაშვებია, რომ ჟურნალისტმა არ იცოდა ამ ფაქტის შესახებ, მაგრამ იგი ვალდებული იყო დაეზუსტებინა რესპონდენტთან, რა კვლევების ან ინფორმაციის საფუძველზე ამბობდა გიორგი ანდრიაძე, რომ, შესაძლებელია, C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია გადაედოს საერთო კოვზით ზიარებისას, ანუ ჰაერ-წვეთოვანი გზით. ჟურნალისტის რეპლიკა გადაცემის ბოლოს, რომ „C ჰეპატიტი არ გადადის ნერწყვით“, არ ჩაითვლება მაყურებლისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდებად, ვინაიდან დეტალურად არ განმარტავდა გადაცემის გზებს შორის სხვაობას და ამასთან აქცენტი გაკეთდა მხოლოდ C ჰეპატიტზე. აივ დადებით ინფექციაზე მაყურებელს მაინც არასწორი ინფორმაცია დარჩა მიწოდებული.
ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.“ საბჭოსათვის დადასტურებულად ცნობილია, რომ მოპასუხე ჟურნალისტმა მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ განმცხადებელს პრეტენზია ჰქონდა ჟურნალისტის მიერ არასწორი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. ამასთან, როგორც პირველი პრინციპზე მსჯელობისას დადგინდა, სადავო გადაცემით მართლაც არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და შემდგომ არ შესწორებულა ინფორმაცია ეთიკური ჟურნალისტიკისათვის დადგენილი წესით, შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი “ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით”.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ C ჰეპატიტის და აივ დადებით ინფექციის შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით მოხდა ამ დაავადებათა მატარებელი ადამიანების სტიგმატიზირება. „სტიგმა და დისკრიმინაცია მნიშვნელოვნად აბრკოლებს ადამიანის უფლებების რეალიზებას, ხელს უშლის აივ დადებითი ინფექციისა პრევენციისა და მკურნალობის შესახებ არსებითად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთიანი აივ/შიდსის პროგრამის (UNAIDS) ანგარიშის (GLOBAL PARTNERSHIP FOR ACTION TO ELIMINATE ALL FORMS OF HIV-RELATED STIGMA AND DISCRIMINATION) თანახმად, აივ დადებითიინფექცია/შიდსთან დაკავშირებული სტიგმა და დისკრიმინაცია ქმნის ბარიერებს აივ-ის პრევენციის, ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების მისაღებად და რისკის ქვეშ აყენებს აივ-დადებითი სტატუსის მქონე ადამიანების სიცოცხლეს. აივ-დადებით ადამიანებს, რომლებიც ხშირად აწყდებიან აივ-თან დაკავშირებულ სტიგმას, ორჯერ უფრო მაღალი შანსი აქვთ, რომ დააგვიანებენ მკურნალობაში ჩართვას, ვიდრე იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არ განიცდიან აივ-თან დაკავშირებულ სტიგმას.“
საბჭო იზიარებს განმცხადებლის პოზიციას. საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას აღინიშნა, რომ მაყურებელმა მიიღო არასწორი ინფორმაცია, თითქოს C ჰეპატიტი და აივ დადებითი ინფექცია გადადის ჰაერ-წვეთოვანი გზით, რაც გულისხმობს, რომ ეს დაავადებები შეიძლება გავრცელდეს ხელის ჩამორთმევით, ფიზიკური კონტაქტით, დახველებით, ცემინებით, საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით, საერთო კერძო თუ საჯარო სივრცეებით სარგებლობით. ამ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით გაძლიერდა სტერეოტიპები და სტიგმა C ჰეპატიტის და აივ დადებითი დაავადების მქონე ადამიანების მიმართ, რომლებიც ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ, და დამკვიდრებული სტერეოტიპების გამო საზოგადოება ხშირად მათგან დისტანცირებს. ეს ძირითადად დამყარებულია ირაციონალურ შიშებზე, რომ მათთან კონტაქტით შესაძლებელია ინფიცირება. არასწორი ინფორმაციის გავრცელება კი ხელს უწყობს სწორედ ასეთი ირაციონალური შიშების და სტიგმის გაძლიერებას, რითაც დაირღვა ქარტიის მე- 7 პრინციპი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ანა წერეთელმა დაარღვია ქარტიის პირველი, მე-5 და მე-7 პრინციპი.