განმცხადებელი : ანა ებანოიძე და მარიამ გაბრიჩიძე;
მოპასუხე : ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი;
12 ივლისი 2020 წელი საქმე N - 384
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე, ლიკა ზაკაშვილი, მაია მერკვილაძე, კამილა მამედოვა
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს ანა ებანოიძემ და მარიამ გაბრიჩიძემ, მათი პოზიციით 2020 წლის 12 მაისს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში გასულ გადაცემაში “მობილიქსი”, დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გამოქვეყნებულ სადავო ჟურნალისტურ პროდუქტზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინა მასალაზე პასუხისმგებელი პირი, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
საქმის განხილვას დაესწრნენ განმცხადებლები.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.”
სადავო ჟურნალისტური პროდუქტი ეხებოდა სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტს, ჟურნალისტურ პროდუქტში მოცემულია იმ პირებს შორის სავარაუდო მიმოწერა რომლებიც შესაძლოა მონაწილეობდნენ სანდრო გირგვლიანზე განხორციელებული ძალადობის დაგეგმვაში ან/და იცოდნენ მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ და დაფარეს დანაშაული.
განმცხადებელი მიუთითებდა, რომ: „სიუჟეტში პირებს შორის 27 იანვრის საღამოს ურთიერთობა სატელეფონო მიმოწერითა და სოციალური ქსელით არის წარმოჩენილი, რაც მაყურებელში ბადებს ეჭვს, რომ აღნიშნული რეალურად მოხდა, რადგანაც სიუჟეტში არ არის ზუსტად გადმოცემული მომხდარი ამბის დეტალები, ამას ისიც ამძაფრებს, რომ გადაცემის ფორმატის მიუხედავად, საკითხის მოდელირება ხდება, სადაც არც სიტუაციის ობიექტური და ზუსტი აღწერაა და ამით ირღვევა ინფორმაციის სიზუსტის პრინციპი.“
ქარტიის საბჭო წინამდებარე გადაწყვეტილებით ვერ დაადგენს გადაცემაში მითითებული მიმოწერა იყო ჟურნალისტის მიერ მოდელირებული თუ შეესაბამებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მასალებს. ცალსახა არის ის, რომ 2006 წლისათვის არ არსებობდა ის საკომუნიკაციო საშუალებები [Facebook messenger, Viber] რომელთა მეშვეობითაც, გადაცემის მიხედვით, თითქოს კომუნიკაცია აქვთ სხვადასხვა პირებს. ასევე გადაცემაში გამოყენებულია რომ თითქოს სოციალურ ქსელ FACEBOOK -ში სანდრო გირგვლიანი აქვეყნებს სტატუსს, ხოლო მის დედას, ირინა ენუქიძეს, აქვს FACEBOOK LIVE, როგორც აღინიშნა 2006 წლისათვის სოციალური ქსელი FACEBOOK არ არსებობდა.
საბოლოოდ, საბჭოს შეფასებით, სადავო ჟურნალისტურ პროდუქტში არ ჩანს გამოყენებული და მაყურებლისათვის მიწოდებული მიმოწერებიდან რომელი ეყრდნობა საქმის მასალებს და რომელია მოდელირებული, რაც იწვევს მაყურებლის შეცდომაში შეყვანას, ვინაიდან მაყურებელს არ ეძლევა საშუალება, გაარჩიოს ნამდვილი ფაქტი მოდელირებულისაგან. ამით უგულებელყოფილია საზოგადოების უფლება, მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ტელეკომპანია “იმედის” არაიდენტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი პრინციპი.