განმცხადებელი : სოფიო ხაჭაპურიძე;
მოპასუხე : kvira.ge არაიდენტიფიცირებული ჟურნალისტი;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;
07 ივლისი 2020 წელი საქმე N - 358, 359
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ირმა ზოიძე, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი, გელა მთივლიშვილი, ზვიად ქორიძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა სოფიო ხაჭაპურიძემ, რომელიც მიიჩნევდა რომ:
- ვებ პორტალზე kvira.ge, 3.03.2020 გამოქვეყნებულ სტატიაში “მაგათ უნდათ არეულობა” – საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა“ დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.
- ვებ პორტალზე kvira.ge, 9.03.2020 გამოქვეყნებულ სტატიაში “ქაცარავა თვალით არც მინახავს” – ოკუპანტების მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს” დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
სადავო სტატიებზე მითითებული არ იყო ავტორი ჟურნალისტი. საბჭოს სამდივნომ მიმართა მედიასაშუალებას, რომ ეცნობებინათ პასუხისმგებელი პირის შესახებ, მაგრამ საბჭოს ეს ინფორმაცია არ მიაწოდეს და ვერ მოხდა კონკრეტული პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება. ასეთ შემთხვევაში ქარტიის საქმის წარმოების წესის [პუნქტი 3.4] თანახმად, „თუ შეუძლებელია პასუხისმგებელი პირის მოძიება, ეს არ აფერხებს განცხადების განხილვას და ქარტიის გადაწყვეტილებაში მოპასუხედ მიეთითება არაიდენტიფიცირებული ავტორი/ჟურნალისტი“.
განცხადების განხილვაში მონაწილეობა მიიღო განმცხადებელმა, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
პირველი სტატია: “მაგათ უნდათ არეულობა” – საოკუპაციო ზოლთან ვაშაძის და ქაცარავას ჩასვლამ ადგილობრივები გააღიზიანა“.
სადავო სტატიაში მტკიცებით ფორმაში არის მითითებული, რომ „სოფელ ოძისში საოკუპაციო ზოლთან დავით ქაცარავა და გიორგი ვაშაძე იმყოფებოდნენ .......... თუმცა მოსახლეობა მოძრაობის “ძალა ერთობაშია” და პარტიის “ერთიანი საქართველო” ლიდერების ჩასვლამ გააღიზიანა“, ამის საილუსტრაციოდ მოყვანილია ინტერვიუ რამდენიმე პირთან რომლებიც აღნიშნავენ რომ „ნუ აღიზიანებენ ხალხს და იქით მხარეს მით უმეტეს, მაგათ უნდათ არეულობა და სხვა არაფერი“ „სოფელ ოძისის მოსახლეობა “ნაციონალურ მოძრაობასა” და მასთან ასოცირებულ ოპოზიციურ პარტიებს მმართველობის პერიოდს ახსენებს. მათი თქმით, ისინი ასე თავისუფლად არ უნდა დადიოდნენ, მით უმეტეს, საოკუპაციო ზოლთან“.
აღნიშნული სტატია პირველი პრინციპის ჭრილში რამდენიმე კუთხით არის პრობლემური. როგორც მასალაშია აღნიშნული, უკმაყოფილება და პროტესტი გამოხატა „მოსახლეობამ“, ამის საპირისპიროდ სტატია შეიცავს მხოლოდ რამდენიმე პირთან ინტერვიუს სხვა არავითარი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რომ ზოგადად, სოფელ ოძისის მოსახლეობა იყო გაღიზიანებული, რომ პროტესტს მასიური ხასიათი ჰქონდა. თავად ჟურნალისტის მიერ ჩაწერილი რესპონდენტებიც აფიქსირებენ საკუთარ პირად უკმაყოფილებას, და არ უთითებენ რომ ზოგადად მოსახლეობის განწყობაც მათ პირად მოსაზრებებს ემთხვევა. გარდა ამისა სტატია არ შეიცავს მეორე მხარის, გიორგი ვაშაძის ან/და დავით ქაცარავას პოზიციას, კერძოდ, მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი გაღიზიანებას და ბრალდებებს მოსახლეობაში, რა კომენტარი ან შეფასება ჰქონდათ ამასთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძეს ან დავით ქაცარავას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს რომ ჟურნალისტის მიერ მტკიცებით ფორმაში მითითებული გარემოება, რომ მოსახლეობაში ვიზიტს უკმაყოფილება და გაღიზიანება მოჰყვა, არ არის გამყარებული შესაბამისი ფაქტებით და მტკიცებულებებით, არ არის მეორე მხარის პოზიცია, რაც იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
მეორე სტატია: “ქაცარავა თვალით არც მინახავს” – ოკუპანტების მიერ დაკავებული გუნდიშვილი სამოქალაქო აქტივისტს ტყუილში ამხელს.
2020 წლის 07 მარტს, დავით ქაცარავამ საკუთარ Facebook გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „დაახლოებით 1 კვირის წინ ოკუპანტების მიერ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილი სახლში დაბრუნდა და ეს ყველას ბუნებრივია გვიხარია. მაგრამ როგორც გაირკვა, ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილს დაკავებისას სცემეს და მას სხეულზე საკმაოდ სერიოზული დაბეჟილობები აღენიშნება. მოგმართავთ ექიმებს, ვის შეუძლია წამოგვყვეს სოფელ აძვში ელდარ გუნდიშვილის მოსანახულებლად, სავარაუდოდ მას ექიმის დანიშნულება და გარკვეული მკურნალობა ესაჭიროება".
სადავო სტატია სწორედ ამ ამბავს შეეხება. სტატიის თანახმად, ქაცარავას განცხადების შემდეგ ელდარ გუნდიშვილი პოლიციამ გამოკითხა და მან ცემის ფაქტი უარყო. აღნიშნულის საფუძველზე ჟურნალისტი მტკიცებით ფორმაში აცხადებს რომ „დავით ქაცარავა ტყუილში ამხილეს“.
როგორც განმცხადებელმა აღნიშნა, დავით ქაცარავამ ინფორმაცია, რომ ელდარ გუნდიშვილი დაკავებისას ცემეს, თავად ელდარის მეუღლისაგან შეიტყო. ამას ადასტურებს ელდარ გუნდიშვილიც თავისივე ინტერვიუში kvira.ge სთან „ჩემმა მეუღლემ განაცხადა ეს ამბავი“. აქვე აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში სხვადასხვა მედია საშუალებების მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ელდარ გუნდიშვილს სისხლჩაქცევები და დაჟეჟილობები მუცლის არეში აღენიშნებოდა, „რადიო თავისუფლებასთან საუბარში გაფრინდაშვილი ამბობს რომ გუნდიშვილს სხეულზე სისხლჩაქცევების კვალი ამჩნევია, რადიო თავისუფლების სტატიას თან ახლავს ელდარ გუნდიშვილის ფოტო, სადაც სხეულის დიდ ნაწილზე გუნდიშვილს საკმაოდ მძიმე სისხლჩაქცევები აღენიშნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე [მეუღლემ განაცხადა რომ ელდარ გუნდიაშვილი ნაცემი იყო, თავად ელდარს დაზიანებები თვალნათლივ აღენიშნებოდა] დავით ქაცარავა არ შეიძლება მოხსენიებულიყო როგორც არასწორი ინფორმაციის გამავრცელებელ წყაროდ, რომ იგი „ტყუილში ამხილეს“, რითაც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი.
ქარტიის მე-5 პრინციპი “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება” მედია საშუალებამ ქარტიის საბჭოს სამდივნოს მეშვეობით მიიღო ინფორმაცია განმცხადებლის პრეტენზიების შესახებ, რომ მათ მიერ არასწორი/გადაუმოწმებელი ინფორმაცია ვრცელდებოდა, მიუხედავად ამისა, სადავო სტატიები არ შესწორებულა, შესაბამისად დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.
ქარტიის მე-11 პრინციპი „ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება“ წინამდებარე გადაწყვეტილების საფუძველზე დადგენილი ფაქტია რომ დროის მოკლე მონაკვეთში დავით ქაცარავაზე kvira.ge ის მიერ გავრცელდა ინფორმაციები, რომელიც მის ნეგატიურ გაშუქებას ისახავდა მიზნად. ასევე ეს ინფორმაციები იყო არასწორი, გადაუმოწმებელი და შეცდომაში შემყვანი, შესაბამისად საბჭო მიიჩნევს რომ kvira.ge-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა დავით ქაცარავას მიმართ მიზანმიმართულ კამპანიას, რაც გულისხმობს განზრახ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას და შესაბამისად მე-11 პრინციპის დარღვევას.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- kvira.ge - ის არაიდენიტიფიცირებულმა ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-11 პრინციპები.