საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე რუსა შელიას და ვაკა გორგილაძის წინააღმდეგ

განმცხადებელი : საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ლევან ქათამაძე;
მოპასუხე : რუსა შელია, ვაკა გორგილაძე;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი; 11 პრინციპი;

29 ივნისი 2020 წელი საქმე N - 356, 357 

საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი

საბჭოს წევრები: კამილა მამედოვა, ლიკა ზაკაშვილი, ირმა ზოიძე, ზვიად ქორიძე, მაია მერკვილაძე


აღწერილობითი ნაწილი


საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებებით მომართეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] და ლევან ქათამაძემ. ვინაიდან ორივე განცხადება ეხებოდა ერთი და იმავე ჟურნალისტურ პროდუქტს, საბჭომ მიიღო ერთი, შემაჯამებელი გადაწყვეტილება.

სადავო იყო 2020 წლის 11 თებერვალს ტელეკომპანია ,,იმედის“ ეთერში გასული გადაცემა ,,არენა“, საია სადავოდ ხდიდა ქარტიის 1-ლ, მე-3, მე-5 და მე-11 პრინციპს, ხოლო ლევან ქათამაძე - 1-ლ, მე-4 და მე-10 პრინციპებს. მოპასუხე ჟურნალისტებად განისაზღვრნენ გადაცემის წამყვანები რუსა შელია და ვაკა გორგილაძე, რომლებსაც განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ და არც საპასუხო პოზიცია წარმოუდგენიათ.

საქმის განხილვის თავისებურებები

საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.


სამოტივაციო ნაწილი



ქარტიის პირველი პრინციპი: “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადიების უფლებას - მიიღოს ზუსტი ინფორმაცია".

სადავო გადაცემის ერთ-ერთი თემა იყო ყალბი ინფორმაციების გავრცელება, ე.წ. “Fake news”. შესავალში წამყვანი რუსა შელია აღნიშნავს: ,,როგორ იგეგმება და რეალიზდება Fake news-ი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. დღეს, არენაზე, კიდევ ერთხელ გავშიფრავთ სქემას, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები და სატელიტი პარტიები, ყალბი ინფორმაციის ექსპორტს ახორციელებენ.“ შესაბამისად, მაყურებელს მიეწოდება ინფორმაცია, რომ გადაცემაში საუბარი იქნება იმ პირებზე რომლებიც ქმნიან და ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. აღნიშნული ხაზი კვლავ გრძელდება ჟურნალისტურ პროდუქტში: ,,ამჯერად გაჩვენებთ არა ქვეყნის შიგნით დაგეგმილ და შესრულებულ ყალბი ინფორმაციის გავრცელების სტრატეგიას, არამედ Fake news-ის ექსპორტს ქვეყნის გარეთ, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენების მიზნით.“

შემდგომ სიუჟეტის ავტორი დადასტურებული სახით ამბობს რომ:

,,საკუთარ მოქალაქეებში მხარდაჭერის შესაბამისად, შიდა ლეგიტიმაციის არარსებობის გამო, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, ნაციონალური მოძრაობის ინტერესების მომსახურე ჯგუფმა დაგეგმა და განახორციელა fake-ების უცხოეთში ექსპორტის ოპერაცია“ და გრაფიკის სახით პარალელურად ნაჩვენებია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, სულხან სალაძის ფოტო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის ინტერესების მომსახურე ჯგუფის წარმომადგენელის“. ჟურნალისტის შემდეგ ფრაზას „ამუშავდნენ [ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით] ე.წ. არასამთავრობო სექტორი“ ფონად ადევს ასევე სულხან სალაძის ფოტო. კიდევ არაერთხელ როცა ჟურნალისტი საუბრობს Fake News-ების გავრცელებაზე თან კადრში ნაჩვენებია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ფოტო. ჟურნალისტი დასკვნის სახით ასევე აღნიშნავს რომ: ,,დღესაც შეიძლება შემდეგი დასკვნის გაკეთება: სააკაშვილის პარტიის საფარქვეშ, მისი დაკვეთითა და დაფინანსებით, მოქმედებს ფართოდ გაშლილი გუნდი, რომლის წევრებიც ერთ დღეს პარტიული ლიდერები არიან, მეორე დღეს კი - სამოქალაქო სექტორის მიუკერძოებელი წარმომადგენლები ამ გუნდს, რომელშიც ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, NGO ლიდერები შედიან, აქვთ მოქმედების მკაფიოდ გაწერილი გეგმა და სტრუქტურა.“

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად სიუჟეტში არ იყო მითითებული არც ერთი მტკიცებულება, წყარო, ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნაციონალური მოძრაობის საფარქვეშ არის, და ყალბი ამბების „ექსპორტს“ ეწევა, სიუჟეტი სრულად ჟურნალისტის „მიგნებებზეა“ აგებული და მისი სუბიექტური მსჯელობები ფაქტად არის წარმოჩენილი. შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს რომ დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი. ამ პრინციპის ჭრილში სიუჟეტი ასევე პრობლემურია ლევან ქათამაძის მიმართაც. სიუჟეტში ჟურნალისტი აცხადებს „აღსანიშნავია რომ ამ სკანდალურ ფაქტზე კომენტარი არ მოგვცეს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რომლებიც ხელისუფლების გალანძღვის არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებენ.“ ამის შემდეგ ჩანს, რომ ჟურნალისტი ურეკავს ლევან ქათამაძეს, როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და ეკითხება, რომ მისი ჩაწერა უნდა Orion Strategy და ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებით. ლევან ქათამაძე პასუხობს რომ „საკითხს მოიკითხავს“ ანუ მას უარი არ უთქვამს კომენტარის მიცემაზე, არამედ ითხოვა დრო საკითხში გასარკვევად, ეს პასუხი კი ჟურნალისტს ინტერპრეტირებული აქვს ასე: „კომენტარი არ მოგვცეს“, სიუჟეტში არ ჩანს, კვლავ სცადა თუ არა ჟურნალისტმა მხარესთან დაკავშირება კომენტარის მოსაპოვებლად. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი საერთოდ არ ცდილობს საიას, როგორც ბრალდებების [ნაციონალური მოძრაობის სატელიტი ორგანიზაცია, Fake news-ების გამავრცელებელი] ადრესატისაგან განმარტებების მიღებას. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჟურნალისტმა სიუჟეტი მოამზადა ცალმხრივად, ყოველგვარი ბალანსის დაცვის გარეშე და სრულად იქნა უგულვებელყოფილი მაყურებლის უფლება, რომ მიიღოს გადამოწმებული ინფორმაცია.

ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.” ქარტიის საბჭო ამ შემთხვევაში მესამე პრინციპს დარღვეულად არ მიიჩნევს, ვინაიდან, შეიძლება, არსებობდა წყარო, რომელიც აწვდიდა ჟურნალისტს ინფორმაციას. ხოლო ის გარემოება, რომ ჟურნალისტმა ინფორმაცია არ გადაამოწმა, გააშუქა მიკერძოებულად და სუბიექტურად, იწვევს ქარტიის პირველი და არა მესამე პრინციპის დარღვევას.

ქარტიის მე-4 „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“ და მე-10 „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი“ პრინციპებს დარღვეულად მიიჩნევდა ლევან ქათამაძე, შემდეგი არგუმენტაციით:

„ჩემთან, როგორც ა(ა)იპ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერთან დაკავშირება, რა დროსაც განხორციელდა ჟურნალისტთან ჩემი სატელეფონო კომუნიკაციის ჩაწერა ისე, რომ აღნიშნულის შესახებ არ ვიყავი ინფორმირებული. კერძოდ, მართალია, როგორც ზემოხსენებულ სიუჟეტზე თანდართული ხმის ჩანაწერიდან ირკვევა, ჟურნალისტი ჩემს მიმართ სვამს შემდეგი სახის კითხვას - „თქვენი ჩაწერა გვინდა, თუ შესაძლებელი იქნება“, თუმცა კითხვა მიმართულია მომავლისკენ ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩასაწერად და გონივრული განსჯის ფარგლებში არ მიანიშნებს იმაზე, რომ ჩემი ჩაწერა საუბრის მომენტისათვის უკვე ხორციელდება. ამდენად, მაუწყებლის მიერ ჩემი სატელეფონო ჩანაწერის წინასწარი თანხმობის გარეშე ჩაწერა და მისი დართვა სიუჟეტისათვის უხეშად არღვევს ჩემთვის კანონით მონიჭებულ უფლებებსა და ქარტიის პრინციპებს.

"ლევან ქათამაძის ჩანაწერის მოპოვება მოხდა არაკეთილსინდისიერი მეთოდით. ტელეკომპანიის ჟურნალისტი მას დაუკავშირდა როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს, ინტერვიუს შესათანხმებლად, თუმცა ჩაწერა საუბარი ლევან ქათამაძის თანხმობის გარეშე, რითაც დაირღვა ქარტიის მე-4 პრინციპი. საგულისხმოა ისიც, რომ ლევან ქათამაძესთან საუბრის ჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით არ არსებობდა არავითარი საზოგადოებრივი ინტერესი. შესაბამისად, დაირღვა ქარტიის მე-10 პრინციპი“.

ქარტიის საბჭო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის არგუმენტებს მე-4 და მე-10 პრინციპთან დაკავშირებით. ცალსახაა რომ ჟურნალისტი ესაუბრებოდა ლევან ქათამაძეს, როგორც საიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს და ეს ფაქტი შეცნობადი იყო მისთვის. ასევე პირისათვის, რომელიც არის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მით უფრო მედიასთან ურთიერთობის კუთხით და მას უკავშირდება ჟურნალისტი, ორგანიზაციის საქმიანობასთან ან/და ორგანიზაციისაგან კომენტარის მოპოვების მიზნით, სავსებით მოსალოდნელი და ლოგიკური უნდა იყოს რომ მისი საუბარი იქნება ჩაწერილი და გამოყენებული ჟურნალისტურ პროდუქტში. შეიძლება ამ საუბრის გამოყენება მოხდეს არასწორად, დამახინჯებული კონტექსტით [რაზეც საბჭო ქარტიის სხვა პრინციპების კუთხით განიხილავს] მაგრამ ის, რომ საუბარი ჩაწერილი და გამოყენებული იყო, არ წარმოადგენს არც არაკეთილსინდისიერ მეთოდს [ცნობილი იყო ლევან ქათამაძისთვის რომ ჟურნალისტი უკავშირდებოდა] და არც პირადი ცხოვრების ხელყოფას [საუბარი ეხებოდა საიასგან კომენტარის გაკეთებას და არა ლევან ქათამაძის პირად ცხოვრებას].

ქარტიის მე-5 პრინციპი “მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.” დადასტურებული ფაქტია, რომ საიამ ტელეკომპანია იმედს აცნობა მისი პრეტენზიების შესახებ, რომ სიუჟეტი შეიცავდა არასწორ ინფორმაციას, კერძოდ, მიმართა ტელევიზიის თვითრეგულირების ორგანოს. ამასთან საბჭომ დაადგინა, რომ სადავო სიუჟეტით გავრცელდა გადაუმოწმებელი და დაუბალანსებელი ინფორმაცია. მიუხედავად აღნიშნულისა, გასწორება არ მომხდარა, ამით დაირღვა ქარტიის მე-5 პრინციპი.

ქარტიის მე-11 პრინციპი “ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: ფაქტის განზრახ დამახინჯება” საბჭომ პირველ პრინციპზე მსჯელობისას დაადგინა რომ ჟურნალისტის მიერ გავრცელდა არასწორი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია, სუბიექტური მსჯელობები მაყურებლისათვის მიწოდებული იყო ფაქტის სახით, ბრალდებების ადრესატისაგან უზრუნველყოფილი არ იყო კომენტარის მიღება.

რაც შეეხება ქარტიის მე-11 პრინციპს, საბჭოს მოსაზრებით ყოველივე ზემოაღნიშნული განზრახ მოხდა. ტელეკომპანია იმედის სარედაქციო პოლიტიკაში მკვეთრად არის აქცენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია და მათი საქმიანი რეპუტაციის შელახვა. ეს დასტურდება ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებებით, მაგალითად გადაწყვეტილება საქმეზე „ლევან ნატროშვილი ანუკი გუმბერიძის, ლევან ჯავახიშვილის და თეონა გეგელიას წინააღმდეგ“, „საია ნათია სონღულაშვილის წინააღმდეგ“. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მივიდა დასკვნამდე რომ განსახილველი სიუჟეტიც ამ კამპანიის ნაწილია და ჟურნალისტებმა განზრახ გაავრცელეს არასწორი ინფორმაცია.


სარეზოლუციო ნაწილი


ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:

  1. რუსა შელიამ და ვაკა გორგილაძემ დაარღვიეს ქარტიის პირველი, მე-5 და მე-11 პრინციპი.
  2. რუსა შელიას და ვაკა გორგილაძეს არ დაურღვევიათ ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი.

Related Articles

Articles Not Nound!