30 მაისი 2020 წელი საქმე N - 347
სხდომის თავმჯდომარე: ზვიად ქორიძე
საბჭოს წევრები: ირმა ზოიძე, ნინა ხელაძე, კამილა მამედოვა, მაია მერკვილაძე, გელა მთივლიშვილი
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართა ნელი უკლებამ, რომელიც მიიჩნევდა, რომ 2019 წლის 20 დეკემბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი 9 საათზე“ გასულ სიუჟეტში სათაურით „პედაგოგის შოკისმომგვრელი გაკვეთილი“, დაირღვა ქარტიის პირველი, მე-3 და მე-4 პრინციპი. სიუჟეტის ავტორი და შესაბამისად მოპასუხე ჟურნალისტი - თამთა დოლენჯაშვილი.
საქმის განხილვის თავისებურებები
გადაწყვეტილება საბჭომ მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იყო აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“.
საქმის განხილვაში მონაწილეობდა განმცხადებელი, მოპასუხე ჟურნალისტს შეპასუხება არ წარმოუდგენია და არც განხილვაში მიუღია მონაწილეობა.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი „ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია“.
სიუჟეტში ჟურნალისტმა დადასტურებული ფაქტის სახით მაყურებელს მიაწოდა ინფორმაცია, რომ რუსთავის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ნელი უკლება პოლიტიკურ პროპაგანდას ეწეოდა გაკვეთილზე მოსწავლეებთან და მან შეურაცხადად მოიხსენია ლუკა სირაძე [არასრუწლოვანი, რომელმაც სამართალდამცავებისაგან სავარაუდო ზეწოლის გამო 2019 წლის დეკემბერში თავი მოიკლა].
ჟურნალისტს ჰყავდა შემდეგი წყაროები:
- სკოლის არაიდენტიფიცირებული არასრულწლოვანი მოსწავლეები, რომელთა თქმით, მასწავლებელი გაკვეთილებზე პოლიტიკურ პროპაგანდას ეწევა და რომ მისი აგრესიის სამიზნე ლუკა სირაძე გახდა.
- ფარული აუდიო ჩანაწერი [ავთენტურობა დაადასტურა თავად განმცხადებელმა], სადაც ნელი უკლება ამბობს, რომ „ჩაუდეს ნარკოტიკი და ეს კაცი დაიჭირეს, ამით სააკაშვილმა გაანადგურა, ჩემი აზრით“. ჟურნალისტი დამატებით აღნიშნავს, რომ აუდიო ფაილში მასწავლებელი უყვება ბავშვებს, თუ როგორი პრობლემები ჰქონდა მის ოჯახს მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო.
თავად ნელი უკლებამ განმარტა, რომ გაკვეთილის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებმა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მასთან გამოხატეს უკმაყოფილება ხელისუფლების მიმართ. საპასუხოდ ნელი უკლებამ მათ უთხრა რომ წინა ხელისუფლების დროსაც ხელისუფლება ასევე არასამართლიანად და არაჰუმანურად ექცეოდა მოქალაქეებს. ნელი უკლებამ სხდომის დროს კატეგორიულად უარყო, რომ მან ლუკა სირაძე შეურაცხადად მოიხსენია.
როგორც სიუჟეტიდან ჩანს, ჟურნალისტმა ვერ მოიპოვა მეორე მხარის, ნელი უკლებას პოზიცია, რომელიც უარყოფდა/დაადასტურებდა ან ნებისმიერი სახის კომენტარს გააკეთებდა მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებებზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ჟურნალისტს არ ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, რომ დადასტურებული სახით მიეწოდებინა მაყურებლისათვის ინფორმაცია, თითქოს ნელი უკლებამ ისაუბრა ლუკა სირაძის ფსიქიკურ შერაცხადობაზე, ეს იწვევს ქარტიის პირველი პრინციპის დარღვევას.
ქარტიის მე-3 პრინციპი “ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია” ქარტიის საბჭოს მიერ მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ჟურნალისტს წყარო [არასრულწლოვანი მოსწავლეები, აუდიო ჩანაწერი] ჰყავდა/ჰქონდა. შესაბამისად, ქარტიის მე-3 პრინციპის დარღვევა არ დგინდება. ვინაიდან ჟურნალისტმა დადასტურებული ფაქტის სახით გაავრცელა წყაროს მიერ მიწოდებული ის ინფორმაცია, რომლის გადამოწმებაც ვერ შეძლო ამან გამოიწვია ქარტიის არა მესამე, არამედ პირველი პრინციპის დარღვევა.
ქარტიის მე-4 პრინციპის თანახმად, „ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს“. განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ თავად ჟურნალისტმა ინფორმაცია [აუდიოჩანაწერი] არაკეთილსინდისიერად მოიპოვა, მას უკვე მზა ჩანაწერი მიაწოდეს. მეორეს მხრივ, საბჭო ხაზს უსვამს, რომ თავად ჩანაწერის მიმართ, რომელშიც სკოლის მასწავლებელი თავის მოსწავლეებთან საუბრობს და აფასებს პოლიტიკურად აქტიურ პირებს, არსებობდა განსაკუთრებული, ობიექტური საზოგადოებრივი ინტერესი.
სარეზოლუციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- თამთა დოლენჯაშვილმა დაარღვია ქარტიის 1-ლი პრინციპი.
- თამთა დოლენჯაშვილს არ დაურღვევია ქარტიის მე-3 და მე-4 პრინციპი.