განმცხადებელი : მერაბ კახიანი, ჯამბულ ბახტაძე;
მოპასუხე : ნინო კეკელია;
დარღვეული პრინციპები : 1 პრინციპი; 5 პრინციპი;
16 სექტემბერი 2020 წელი
საქმე N - 394
საბჭოს თავმჯდომარე: ნანა ბიგანიშვილი
საბჭოს წევრები: მაია მერკვილაძე, ირმა ზოიძე, ლიკა ზაკაშვილი, ზვიად ქორიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნინა ხელაძე
აღწერილობითი ნაწილი
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით მომართეს მერაბ კახიანმა და ჯამბულ ბახტაძემ. განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ 2020 წლის 12 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარის“ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ სიუჟეტში „ამერიკელი ბიზნესმენი საქართველოს სამართლებრივ სისტემაში არსებულ კორუფციაზე საუბრობს“, დაირღვა ქარტიის 1-ლი, მე-5 და მე-7 პრინციპები. მოპასუხე ჟურნალისტად განისაზღვრა სიუჟეტის ავტორი ნინო კეკელია.
საქმის განხილვის თავისებურებები
საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო ონლაინ სხდომაზე, რომელიც ორგანიზებული იქნა აპლიკაცია Zoom-ის მეშვეობით, თანახმად ქარტიის წესდებისა: „საბჭოს წევრებს საკუთარი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით შეუძლიათ გამოხატონ/საბჭოს მუშაობაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციური ელექტრონული საკომუნიკაციო საშულების გამოყენებით [სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა, ონლაინ ვიდეო და აუდიო ზარები]“. საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღეს განმცხადებლებმა, მოპასუხე ჟურნალისტს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც შეპასუხება არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი
ქარტიის პირველი პრინციპი “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია”.
ფაქტობრივი გარემოებები: განმცხადებლებს აქვთ სასამართლო დავა ამერიკელ ბიზნესმენთან სეთ ედვარდ ჩარისთან. აღნიშნულ დავასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა გამართა პრესკონფერენცია, სადაც განაცხადა, რომ მერაბ კახიანმა, ჯამბულ ბახტაძემ და ლერი შაფტალმა სარჩელის გამოტანის სანაცვლოდ მილიონი მოსთხოვეს, რომ მათ გავლენა აქვთ სასამართლოზე.
სეთ ედვარდ ჩარის პრესკონფერენცია, შესაბამისად, მისი ბრალდებები, ჟურნალისტმა ისე გააშუქა, რომ სადავო მასალა არ შეიცავდა ბრალდების ადრესატების [მერაბ კახიანი, ჯამბულ ბახტაძე და ლერი შაფტალი] კომენტარს და, როგორც მათ დამატებით აღნიშნეს, ჟურნალისტს არც ჰქონია მცდელობა, რომ მათ დაკავშირებოდა.
საბჭოს სხდომაზე, განმცხადებლებმა მერაბ კახიანმა და ჯამბულ ბახტაძემ საერთოდ უარყვეს რაიმე სახის თანხის მოთხოვნა, ხოლო რაც შეეხება მათ გავლენას სასამართლოზე, მათივე განცხადებით, პირიქით, პირველი ორი ინსტანციის სასამართლოში საქმე წააგეს.
ეთიკური ჟურნალისტიკის ერთ−ერთი მთავარი პრინციპია პატივისცემა აუდიტორიის უფლებისათვის, რომ მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია. „პატივი სცეს სიმართლეს“ ნიშნავს, რომ ჟურნალისტმა ყველაფერი უნდა მოიმოქმედოს შესაძლებლობის ფარგლებში, რათა საზოგადოებას მიაწოდოს ზუსტი ინფორმაცია. მან შეიძლება ვერც კი შეძლოს საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა, მაგრამ „პატივისცემა“ მიუთითებს მის ძალისხმევაზე.
ნებისმიერ პირს შეუძლია ჩაატაროს კონფერენცია, მოიწვიოს ჟურნალისტები და გააცნოს თავისი პოზიცია, რაც გავრცელებული პრაქტიკაა. ამასთან, ლოგიკურია, რომ ინიციატორი პირი მასმედიას ფაქტის შესახებ ინფორმაციას აწვდის მისი სუბიექტური პოზიციიდან გამომდინარე და მხოლოდ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაციით აუდიტორია ვერ იღებს სრულ და გადამოწმებულ სურათს ამბის შესახებ. სწორედ ამ შემთხვევაში ვლინდება მნიშვნელობა ჟურნალისტის ვალდებულებისა - „პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია,“ რათა თავის ჟურნალისტურ პროდუქტში ასახოს ყველა იმ მხარის პოზიცია, რომელთაც ამბავი ეხებათ.
ქარტიის მე-5 პრინციპი „მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება“. დადგენილი ფაქტია, რომ ნინო კეკელიასთვის ცნობილი იყო განცხადების შესახებ, რომელშიც განმცხადებელი აფიქსირებდა თავის პრეტენზიებს.
პირველი პრინციპის ჭრილში მსჯელობისას დადგინდა, რომ განმცხადებლის მოთხოვნები საფუძვლიანი იყო. შესაბამისად,, ჟურნალისტი მოვალე იყო განეხორცილებინა პროაქტიული ქმედებები, რათა მაყურებლისათვის მეორე მხარის პოზიციაც მიეწოდებინა. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით მან დაარღვია ქარტიის მე-5 პრინციპი.
ქარტიის მე-7 პრინციპი „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით“.
განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ ადგილი ჰქონდა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციას, კერძოდ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მოხდა იმიტომ, რომ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა ეთნიკურად უცხოელმა პირმა ეთნიკურად ქართველი ოპონენტების წინააღმდეგ. საბჭომ სადავო მასალაში ვერ მოიძია კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები, რომელიც მიუთითებდა ეთნიკური ნიშნით გამორჩევას. სიუჟეტში აღნიშნულია რომ ბრალდებების ავტორი ბიზნესმენი იყო ამერიკელი, მაგრამ გარდა ამისა, სხვა არავითარი მითითება ან/და გამორჩევა ეთნიკური ნიშნით სიუჟეტში არ ხდება, შესაბამისად მე-7 პრინციპი საბჭომ დარღვეულად არ მიიჩნია.
სამოტივაციო ნაწილი
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
- ნინო კეკელიამ დარღვია ქარტიის პირველი და მე-5 პრინციპი.
- ნინო კეკელიას არ დაურღვევია ქარტიის მე-7 პრინციპი.